ეს არის მეუფე შიო მუჯირის ერთადერთი ვრცელი ინტერვიუ, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ჩანაწერი 2000 წლით თარიღდება და ის საქართველოს რადიოს ეთერში, გადაცემაში "პორტრეტი 3/4“ გავიდა. იმჟამინდელი იღუმენი, 31 წლის შიო მუჯირი, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი იყო. გადაცემის ავტორი თამარ კიკვიძეა, ხოლო მუსიკალური გაფორმება და ხმის რეჟისურა მეგი მაღლაფერიძეს ეკუთვნის.
ბევრი წლის შემდეგ, ავტორი ამ ინტერვიუს ჩაწერის ისტორიასა და იმ წარუშლელ შთაბეჭდილებებს იხსენებს, რომელიც მომავალმა პატრიარქის მოსაყდრემ მასზე დატოვა:
"მაშინ გადაცემისთვის ვეძებდი ახალგაზრდებს, ნაკლებად ცნობილებს და, რაც მთავარია, "დიმიტრი გელოვანებს“. ჰოდა, აი, ასე მივაგენი იღუმენ შიოს. სულ მომყვებოდა და მახსოვდა მისგან ღვთის შიშის ახსნა, მისი გულწრფელობა, მისი "მამაო ჩვენოს“ თქმა.
გადაცემა რომ დავიწყეთ, პირისპირ ვისხედით. ლოცვა რომ დაიწყო, მახსოვს, როგორ გასწია სკამი, ადგა და ამ ერთი ლოცვით თითქოს მთელი წირვა ჩაატარა ჩემს თვალწინ... აღარ მახსოვდა და დღეს სიხარულით ვუსმენ, როგორ აღმოაჩინა ბოლოს, რომ სიყვარული ყველგანაა. დღეს მჯერა, რომ ეს ჩანაწერი შემთხვევით არ გამიკეთებია".
შიო მუჯირი:
- მე ესე ვფიქრობ, ესე ვცდილობ, რომ ვიცხოვრო: რომ ყოველთვის მახსოვდეს ღმერთის სიყვარული და ყოველთვის ვეცადო, რომ ღვთის ნება შევასრულო შეძლებისდაგვარად. ხან გამოგდის, ხან არა; ხან ვცოდავთ, ხან გვეშლება, მაგრამ, პრინციპში, აქეთ უნდა იყოს მიმართული, იმიტომ რომ ეს არის დანიშნულება ადამიანის. ამისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი - რომ იყოს ერთობა ღმერთის და ადამიანის.

საერთოდ, ყველა საქმეში ადამიანს სჭირდება ღმერთის შეწევნა, ღმერთის დახმარება, იმიტომ, რომ აი, ქრისტე ამბობს, რომ ჩემს გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებთ - სიკეთეს. ღმერთი თავად არის წყარო სიკეთის და ღმერთის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება ძალიან ყოველი საქმის გაკეთება და ამიტომ საჭიროა ლოცვა. ძალიან უბრალოდ, აი, მამები გვირჩევენ, რომ როგორც მამას, ისე უნდა მიმართო ღმერთსო: "დამეხმარე, ღმერთო, ამ საქმეში“, შეიძლება "მამაო ჩვენო“ წავიკითხოთ, ღვთისმშობელს მივმართოთ, ყველა წმინდას. მცირედი ლოცვა აუცილებელია.
- კაცმა როგორ უნდა იცხოვრო?
- ალბათ, ცხოვრების აზრი უნდა იპოვო - აი, რა არის შენი დანიშნულება, რა გინდა. მაგრამ ყველაზე დიდი სიბრძნე არის, რომ შენი პიროვნება, შენი თავისუფალი ნება დაუკავშირო ღვთის ნებას, დაუმორჩილო ღმერთს, მისდიო და იცხოვრო სახარების მცნებებით, ქრისტეს მცნებებით, იმიტომ რომ ქრისტე არის გზა ცხონებისკენ.
ქრისტე ამბობს, რომ სასუფეველი ცათა იიძულების. ესე იგი, გარკვეულწილად, როცა მოიაზრებ ამ საჭიროებას, აუცილებელია, რომ გადალახო რაღაცა სურვილები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგება.
- რა უნდა გახსოვდეს ყოველთვის?
- უნდა გახსოვდეს, რომ ღმერთს უყვარს ადამიანი. სამწუხაროდ, იცით, ხშირად გვავიწყდება ჩვენ ეს და გვგონია, რომ ღმერთი სჯის ადამიანს - აი, ვთქვათ, ცოდვების გულისთვის უშუალოდ ღმერთი სჯის. ანტონი დიდი, ღირსი მამა, ამბობს ესეთ რამეს: ღმერთი კი არ გვსჯის ჩვენ, არამედ ჩვენ თვითონ, როდესაც არასწორად ვცხოვრობთ, არასწორად ვაზროვნებთ, ჩვენ თვითონ ვისჯებით არასწორ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ის ამბობს, რომ ღმერთი არის უცვალებელი, რომ შეუძლებელია, რომ ღმერთი შეიცვალოს, ან გაბრაზდეს, მერე მოწყალე გახდეს. ყოველი ჩვენი... რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე იმდენი რომ ღმერთი იცვლიდეს თავის, ესე ვთქვათ, დამოკიდებულებას, და ეს არის შეუძლებელი - რომ ჩვენი კარგი და ცუდი ქცევის გამო ღმერთი იყოს ცუდად ან კარგად.
მამა ანტონი დიდი ამბობს, რომ ღმერთი არის ყოველთვის სიყვარული, ყოველთვის ვუყვარვართ ჩვენ ღმერთს. ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს. ეს უნდა გვახსოვდეს: ღმერთი არის სიყვარული. სულ ვუყვარვართ ჩვენ ყველანი და საკმარისია ჩვენ მოვტრიალდეთ, სინანული გამოვთქვათ, დავინახოთ ჩვენი ცოდვები, მივიდეთ როგორც მამასთან - როგორც სახარებაშია, ხომ, უძღები შვილის იგავი გახსოვთ? ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ ყოველთვის და მაშინ გვწყალობს და შეგვიწყალებს.
- აღმოვაჩენ, რომ დამნაშავე ვარ მე თვითონ. მაგრამ დანაშაულის გრძნობით ცხოვრება…
- როგორ გითხრათ, ეს არის სხვა რაღაცაა. ცოტა სხვანაირი გრძნობა... ჩვენი გაგებით დანაშაულის შეგრძნება ცოტა სხვა არის და სინანული არის სულ კიდევ სხვა რამე. ეგრეთ წოდებული ღვთის შიში, ალბათ გაგიგიათ, ხომ? აი, წინასწარმეტყველი ამბობს, რომ დასაბამი სიბრძნისა არის ღვთის შიში. და ეს სინანულის გრძნობა რა არის, იცით? აი, იგივე ეს ღვთის შიში:
წარმოიდგინე, რომ შენ გყავს ვინმე ადამიანი ახლობელი, დავუშვათ დედა, რომელსაც ძალიან უყვარხართ თქვენ, რომელიც გადაყოლილია და რომელიც მზად არის მთელი სიცოცხლე შენთვის დათმოს. შენ ხომ გიჩნდება შიში იმისა, რომ აწყენინო მას შენი ქცევით? ეს სიწმინდე, აი ამ ურთიერთობების სინატიფე და სიწმინდე შეურაცხყო შენი უხეში ქცევით, რომ აწყენინო, არასწორად მოექცე, უპატივცემულოდ და ასე შემდეგ.
აი, ზუსტად იგივეა ეს. ესე იგი, ღმერთს იმდენად ვუყვარვართ ჩვენ და იმდენად ყველაფერი მოგვცა და ყველაფერს გვაძლევს, გესმით, რომ აი ეს სინანულის გრძნობა დაკავშირებულია არა იმასთან, რომ მე საკუთარ თავს ვითრგუნავ და ცუდადა ვარ ამიტომ და რაღაც ტვირთია, არამედ, პირიქით - ეს არის შიში იმისა, რომ მე შეურაცხყავი ეს დიდი სიწმინდე, ეს სიყვარული ჩემი ქცევით... აი, ეს შეგრძნება აბსოლუტურად ჯანსაღია და პირიქით, ათავისუფლებს ადამიანს.
- რა არ იკარგება?
- არ იკარგება, რაც მარადიულია. სიყვარული, მეგობრობა, სიბრძნე, სიმდაბლე.
- რას არ უნდა აარიდოს კაცმა თავი?
- საკუთარ თავში სიმართლის ძიებას არ უნდა აარიდო. ესე იგი, არ უნდა გაიმართლო ყოველთვის თავი, მე ესე მგონია. როდესაც ადამიანი შორდება ღმერთს, არ პასუხობს ღმერთს სიყვარულით სიყვარულზე, ის სულიერად კვდება.
- თქვენ თვითონ რა ფიქრით იწყებთ ყოველ დღეს?
- სხვადასხვა ფიქრები მოდის დილიდან. მე ვცდილობ, რომ ყოველთვის მოვიკრიბო ჩემი გონება ღმერთისკენ, მადლობა ვუთხრა ღმერთს ყველაფრისათვის, ვიყო მადლიერი, ვეცადო, რომ ვიყო თავმდაბალი. ნუ, ვეცადო, ყოველ შემთხვევაში - ეს ამ მცდელობასაც იწირავს ღმერთი.
- როგორ მოხვედით და რატომ მოხვედით ეკლესიაში?
- მე ვსწავლობდი კონსერვატორიაში, მუსიკოსი ვიყავი და ისე მოხდა, რომ ცხოვრებაში რაღაც კრიზისი დამიდგა შემოქმედებითი - აი, რაღაც ცხოვრების აზრი დამეკარგა, ვერ ვპოულობდი. უმთავრესმა რამ განაპირობა: დავინახე მე, რომ ერთადერთი გზა სულის გადარჩენის არის ქრისტე. შენ რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, რაც არ უნდა დიდი იყო და ძლიერი და მოწოდებული, ესე იგი, ეს სულის გადამრჩენი გზა სულის გადარჩენის არის ქრისტე: "მე ვარ კარი“ და "მე ვარ ჭეშმარიტი“. დანარჩენი, ეს ყველაფერი არის საშუალებები, ეს ყველაფერი არის გატაცება, ნიჭი, ეს ადამიანის ინტელექტის და მისი ცხოვრების ამბავია, მაგრამ თავისთავად ეს ყველაფერი ვერ აცხონებს, გესმით? აი, ეს არის, აი ამის თქმა მინდოდა და არავითარ შემთხვევაში იმის თქმა არა, რომ მე მინდა დავამცირო რაღაცნაირად, ვთქვათ, ის სპეციალობა, რომლითაც მე ვიყავი გატაცებული მანამდე. პირიქით, და არცთუ ისე ცუდი მიღწევები მაშინ, საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს იმ სფეროში.
- აი, რა გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში და რა გაგიადვილდათ?
- ადვილი იყო ის, რომ მე აბსოლუტურად სავსედ ვგრძნობდი თავს. გამიადვილა მე ეს ყველაფერი, ჯერ ერთი, იმ გაოცებამ, რაც მე შევიგრძენი, როდესაც გავეცანი ამ მსოფლმხედველობას უფრო ღრმად, და აბსოლუტურმა სისავსის გრძნობამ - რომ მე მივიღე ის, რაც მინდოდა. და დღემდე ვარ ასე, გესმით? ერთი წამი არ ვნანობ იმაზე, რომ შევცვალე ჩემი ცხოვრება ასე, და პირიქით, სულ მადლობელი ვარ. სულ ახალს და ახალს ვპოულობ და ღმერთი მეხმარება ამ მხრივ.
- ძალიან დიდი ბოდიში რომ გეკითხებით, მაგრამ დარწმუნებული ხართ ამაში?
- რა თქმა უნდა. ეს ჩანს საიდან, იცი? შინაგანი განწყობიდან, როდესაც გიხარია ამის კეთება, როდესაც ბუნებრივად გრძნობ, როდესაც გაინტერესებს. დავინახე მე, რომ შეიძლება აი ეს უშიშრობა მოიპოვო, როდესაც ღმერთის იმედი გექნება.
- უიმედობაში ხარ კაცი ჩავარდნილი. როგორ უნდა მოიპოვო ეს იმედი?
- ძალიან რთულია ეს. კონკრეტულ შემთხვევაზეა, იცი, ზოგჯერ ვის რა აქვს...
- თქვენ არ გქონიათ?
- როგორ არ მქონია, რა თქმა უნდა მქონია. ერთადერთი ღმერთმა მიშველა ის, რომ ღმერთთან მივედი. უნდა დაინახოს ადამიანმა, რას სცოდავს, რა არის მისი შეცდომა, რის გამოა ესე. უიმედობა რა არის? ეს არის მადლის დაკარგვა, როდესაც ღმერთი აღარ ეხმარება ადამიანს. უფრო სწორად, ღმერთს რომ განეშორება ადამიანი, მადლი განეშორება ადამიანს და ეს უმადლო მდგომარეობა, ეს დეპრესია - ეს არის საშინელება. ხშირად არის, რომ აი, ცხოვრების აზრს ვერ პოულობენ ადამიანები. ათასი მიზეზებია და ადამიანმა უნდა დაინახოს ეს და საკუთარ თავს დააკვირდეს: რა ეშლება, რას სცოდავს და ცდილობს... ეცადოს გამოასწოროს. ყოველთვის მებრძოლი უნდა იყოს, ყოველთვის მომართული უნდა იყოს დადებითი აზროვნებისკენ, დადებითი ემოციებისკენ და თავისთავად უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთის იმედი არსებობს.
- ვისთვის ხართ საჭირო?
- ადამიანმა უნდა მოახერხოს ღმერთთან ურთიერთობა, რომელიც ცოცხლად შეიგრძნოს და შეიგრძნოს ის, რომ ღმერთს ვჭირდებით ჩვენ. ღმერთისთვის საჭირო ვართ იმ მხრივ, რომ ვუყვარვართ ღმერთს. ღმერთს არაფერი არ აკლია, ის ყოვლად ნეტარი და სულ ყოვლად სავსე და ყოვლად უცვალებელია. და თუ ეს სიყვარული მე მექნება, თუ მე ამას მივაღწევ, რომ ეს შევძლო, მაშინ მე უკვე დავჭირდები ყველას, ვისაც სიყვარული სჭირდება. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება ადამიანებს იმისათვის, რომ... კი არ გვჭირდება, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უბრალოდ, ხომ?
- რისთვის ვჭირდებით ერთმანეთს?
- სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, არა? აბა რისთვის? გააჩნია, თუ გიჭირს და რაღაცა ახლა ეგ სხვა სიტუაციაა, მაგრამ დიდ ამბავში ამისთვის გვჭირდება ერთმანეთი - სიყვარულისთვის და ერთობისთვის და ღვთის დიდებისათვის.
- ძალიან კარგი. თქვენ თვითონ რა გჭირდებათ?
- მე მჭირდება სიყვარული, რომ ვისწავლო, გესმით. თავმდაბლობა. ქრისტიანული და ეკლესიური ცხოვრების საბოლოო მიზანია და რა ეძლევა ადამიანს? ეძლევა სიყვარული, აი, ეს ყველაზე, და სიხარული. ეს მადლი ღვთის, რაც ახარებს და ავსებს ადამიანს. მეც მჭირდება, ალბათ, იმიტომ რომ მე ახლა ისეთი მოწოდებული ვარ ისეთ საქმეზე, სასულიერო პირი ვარ, მრევლი მყავს, რომ მე უკვე ვალდებული ვარ, რომ რაღაცნაირად ადამიანებს ეს მივცე. ბევრი უნდა ვიშრომო, რაღაც ვილოცო და პირველ რიგში დავინახო, ვნახო ის. ეს მე ჩემზე არ ვამბობ მარტო, ყველამ ესე უნდა ვიფიქროთ: რომ დავინახოთ ის, რომ ჩვენ ღმერთის გარეშე არაფერი არა ვართ აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველაფერი გვაქვს ღვთისაგან, გესმით? ის აზროვნებაც, ის გულიც, სულიც, ცხოვრებაც, სხეულიც - ყველაფერი ეს არის ღვთის ჯილდო და ღვთის ნება და ღვთის საჩუქარი. და მე ვიცი, რომ მე თუ ამას მოვიპოვებ, სიმდაბლეს თუ მოვიპოვებ, მე ვიცი, რომ ღმერთი მომცემს ამას. მე ვიცი, რომ მე თუ ესე ვიცხოვრებ, მე ღმერთი მომცემს იმ სიყვარულსაც, იმ და სწორ გაგებასაც, მართებულ მიდგომებს... აი ამ ყველაფერს მე მივიღებ ღვთისაგან, იმიტომ რომ იმედი მაქვს ღმერთის. ესე იგი, იმედი არის, რომ შენ დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ღმერთი იმხელა მოწყალე და იმხელა სიყვარულია, რომ შენ მოგცემს ყველაფერს კარგად, მოგიწყობს. და ეს ამპარტავნება, რასაც ვეძახით ჩვენ, ეს არის ყველაზე დიდი ზღუდე ღმერთსა და ადამიანს შორის.
- ვის როგორ ეხმარებით? რა სახის დახმარება უფრო საჭიროა ადამიანისთვის?
- გააჩნია ადამიანს, სიტუაციას, მაგრამ მე მგონია, რომ ყველაზე დიდი დახმარება ეს არის მაინც, რომ ადამიანს გაუზიარო სიყვარული, გაათბო. თან, მით უმეტეს დღეს. მეც ეს მჭირდება, სხვაშიც, ყველანი ამას ვეძებთ ჩვენ. და ყველაზე დიდი მოწყალება, დახმარებაა, აი, ეს რომ გაუზიარო, მისცე ადამიანს.
- როგორ უნდა მოიპოვო სხვისი ნდობა?
- საერთოდ ყოველთვის უნდა იფიქრო უფრო მეტზე, რომ ის უფრო ნაკლები კატეგორია თავისთავად მოჰყვება ამას. ახლა მე, მაგალითად, არ ვფიქრობ იმაზე, რომ ვიღაცის ნდობა მოვიპოვო. მე ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე ვაკეთო ისე, როგორც მე ეს მომეთხოვება. ეს თავისთავად გამოდის. კაცი რომ პატიოსანია და წესიერია და მშრომელია, მცოდნეა და მოსიყვარულია, იმას ყველა ენდობა მერე, გამოცდილებით, ცხოვრებაში, რაღაც სიტუაციებში.
- და რა აღარ არის თქვენთვის შეუძლებელი?
- მე საერთოდ ვცდილობ, რომ ყოველთვის დადებითად მივუდგე ყველაფერს. ესე არა მაქვს მე, რომ აი, "მე“ რაღაცას გავაკეთებ, მე ვიცი, რომ მე თვითონ ჩემი თავის იმედი რომ მქონდეს მარტო, მე ვერაფერს გავაკეთებ ასეთ რთულ საქმეში, როგორიც არის მოძღვრობა, მღვდლობა, ურთიერთობები და ასე შემდეგ. შემეცნება ამ დიდი მსოფლმხედველობის, რასაც ქრისტიანობა ჰქვია... და ამას მე თვითონ ვერ გავაკეთებ. მაგრამ მე ყოველთვის ვიცი ის, რომ ღმერთის შეწევნით მე ყველაფერს გავაკეთებ.
- რას არ ეღალატება?
- ღმერთს არ უნდა უღალატო, არ უნდა უღალატო ცოლს, შვილს არ უნდა უღალატო, არ უნდა უღალატო სამშობლოს, არ უნდა უღალატო მეგობარს. ღალატი არის საშინელება, ღალატი არის ეშმაკის თვისება.
- რას უნდა გაუფრთხილდე?
- საკუთარ სულს.
- რას უნდა გაუძლოს კაცმა?
- სირთულეებს, განსაცდელს.
- რა უნდა იკმაროს კაცმა?
- რაც გაქვს, უნდა იყო მადლობელი, გიხაროდეს და მეტი გექნება ყოველთვის.
- რა არ უნდა იკადრო?
- წვრილმანობა, ეს ღალატი, ორგულობა, ქლესობა, კაცთმოთნეობა... რა ვიცი, ქურდობა.
- რას არ უნდა დაემორჩილო?
- არ უნდა დაემორჩილო ბოროტებას, ეშმაკს და საკუთარ ოფოფოებს.
- რამ არ უნდა გაცდუნოს?
- მოჩვენებითმა, ვთქვათ, ფასეულობებმა. არ უნდა, არ უნდა "ავარდე“, როგორც ამბობენ.
- რას უნდა დააღწიო თავი?
- უნდა დააღწიო თავი საკუთარ თავს, ალბათ. საკუთარ თავში პატარა ადამიანს, რომელიც გიშლის ხელს.
- თქვენ გყავთ ეს პატარა ადამიანი?
- რა თქმა უნდა, ყველას ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ხშირად ჩვენშიც ეს პატარ-პატარა გველუკები დაცოცავენ. თუ იშრომებთ და სწორედ ცხოვრებით, აი, მართალი ცხოვრებით, რა თქმა უნდა, მივაღწევთ. ეს ჩვენზე ბევრი არის დამოკიდებული, თუ მოვინდომებთ.
- მიაღწიეთ ამას?
- არა, არა, როგორ მივაღწიე... უბრალოდ, ღმერთი მეხმარება. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველამ, რომ ჩვენ ყველას გვინდა, რომ რაღაცა მივიღოთ კარგი ღმერთისგან. უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმეების გამო კი არ გვეძლევა ეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი სწავლება ეკლესიის, ის მოაზროვნეების და მამების, რომ ესე იგი, ესეთი მიდგომა კი არ უნდა ჰქონდეს, რომ, აი, მე ეხლა რაღაცა გავაკეთე დავუშვათ, ვილოცე, ვიმარხულე, ვიღაცას ვაპატიე რაღაც იქეთ, და სამაგიეროდ მე ღმერთი, აი, ამას და ამას მომცემს.
იმისთვის კი არ გეძლევა შენ სიკეთე, რომ შენ რაღაცა გააკეთე, არამედ გეძლევა თავმდაბლობისთვის, გესმით? აი, იმ თავმდაბლობისთვის, რომ შენ შენში ხედავ, რომ შენ თვითონ ამას ვერ აკეთებ და ღმერთი გჭირდება. აი, ამისთვის გაძლევს. და სწორედ ეს სიკეთის გაკეთება ამას გვასწავლის ჩვენ, ამ თავმდაბლობას და არა იმას, რომ "აი, მე დავაგროვე რაღაცა სიკეთეები, ვიარე ეკლესიაში შაბათ-კვირას, ვიმარხულე და მე გავაკეთე მეტანიები და ამისთვის ღმერთი მე მაპატიებს რაღაცას“. ეს არასწორია. ეს არის ვაჭრული დამოკიდებულება და ეკლესიის სწავლება არის ასეთი, რომ ჩვენ თავმდაბლობისთვის გვაძლევს ღმერთი, სიმდაბლისთვის.
- რა სჭიდება ქვეყანას?
- სჭირდება ერთიანი აზროვნება - სახელმწიფოებრივი, ეროვნული. ჩვენი რწმენა სჭირდება, მადლი სჭირდება. რამდენი ცოდვაა ჩვენში, რამდენი გაუტანლობა, რამდენი ღალატი, რამდენი ცუდი რაღაცეები ხდება. იმიტომ ვართ ცუდად, აქ არ არის ეკონომიკაზე მარტო ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ პირველ რიგში გვიჭირს სულიერად დღეს.
ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ერს დღეს სჭირდება შინაგანი განკურნება. აი, რაც მთავარია: შინაგანი პრობლემების გაუმჯობესება, გადაწყვეტა, განკურნება, ისევ ღმერთთან მოსვლა, ისევ ჭეშმარიტებასთან, ისევ ჯანმრთელ საწყისთან მოსვლა. გვჭირდება სულიერი გაჯანსაღება. დავუშვათ, განათლებაში, მომავალი თაობების აღზრდაში უნდა ვიზრუნოთ, რომ აღვზარდოთ არა მარტო, არა მარტო საქმის მცოდნეები, პროფესიონალები, არამედ ზნეობრივი ადამიანები. ზნეობრივი ადამიანი სათავეში სადაც არ უნდა დააყენო, რომელ მმართველობაშიც არის, ის ყოველთვის იფიქრებს ერზე, იფიქრებს პირველ რიგში სხვის ინტერესებზე, ისე მოახერხებს, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. თავისი ხალხი არ გაუბედუროს და არ დატანჯოს, ვინც არის მის, ესე ვთქვათ, ხელქვეითი.
- და მაინც რა აქვს კარგი დღევანდელობას?
- კარგი არის, რომ ჩვენ ვართ, გესმით? რომ სიცოცხლე გვაქვს, რომ გვაქვს სამშობლო, რომ რწმენა რომ არის, ღმერთი რომ არის, სიყვარული ეს ყველაფერი, რომ არის, მეგობრობა, ვცოცხლობთ, შეგვიძლია ღმერთთან ვიყოთ, მიუხედავად იმისა რა ცუდი რაღაცეებიც არ უნდა ხდებოდეს სოციალურად, პოლიტიკურად თუ რაღაცა ეკონომიურად.
თუ ჩვენ ერთად ვიქნებით ღმერთთან, ერთად ვილოცებთ, ერთად სწორად ვიცხოვრებთ ქართველები, მაშინ რაც არ უნდა იყოს მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია, რაღაცნაირად ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება.
- რა არის ის ქართული ხასიათი ან ქართული თვისება ან ტრადიცია, რაც არ უნდა დაიკარგოს?
- ქართველები ვართ ჩვენ უფრო ორიენტირებულები სიყვარულზე. ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ძაან ბევრ თვისებებზე, იმ ტრადიციებზე რაც კარგია: ურთიერთობებზე ოჯახში, მეგობრობაში. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რა არის თავი და თავი: ქართველები უნდა დაუბრუნდნენ ღმერთს და არ უნდა დაკარგონ ის, რაც ყოველთვის ჰქონდათ, რის გამოც იფარავდა ღმერთი ყოველთვის. ეს იყო ქრისტიანობა, ერთგულება ქრისტესი და მორჩილება.
- რას ტოვებს ადამიანი?
- რასაც შექმნის: სიკეთეს. ერთის მხრივ, იქაც მიაქვს იმ ქვეყანაზე, არა? და აქაც ტოვებს - შვილებში ტოვებს, მის ოჯახში, მომავალ თაობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვას არაფერს არ ტოვებს. შეიძლება ქონება დატოვოს კიდე ცოტა, მაგრამ ეგ არაფერი არ არის. დატოვებს კაი სახელს, ტოვებს სიყვარულს.
- რას ეძებს ადამიანი?
- ადამიანი ეძებს განსვენებას, ალბათ, ყოველთვის, და სიყვარულს.
- რისი გადალახვა უჭირთ ხოლმე ყველაზე მეტად?
- ყველაზე რთული არის საკუთარი თავის ყოველთვის გადალახვა, საკუთარ თავთან ბრძოლა. ყველაზე დიდი ბარიერი არის ეს. ეს თუ დაამარცხე, ესე იგი გამარჯვებული ხარ.
- რას ცვლის დრო?
- დრო... არ ვიცი, ადამიანს ცვლის ალბათ.
- მაგრამ რას ვერ ერევა დრო?
- რაც დროის კატეგორიებში არ შედის, რაც ღვთაებრივია, ვერ ერევა. სიყვარულს ვერ ერევა. ისე, სიყვარული რა კაი რამეა, ყველაფერში აქტუალურია, არა?
- რა მოიპოვეთ თქვენ თვითონ?
- სხვათა შორის, უფრო სტაბილურობა მოვიპოვე. ღმერთი მაძლევს და ძაან მიხარია.
- რას ელოდებით?
- ველოდები, რომ ჩვენ ქვეყანაში ცოტა გამოსწორდეს მდგომარეობა: სულიერიც და მატერიალურიც. ხალხი ცოდოა ძალიან, რა, ძალიან იტანჯება. ამაზე ვლოცულობ, აი, გულით.
- რას თხოვთ საკუთარ თავს?
- საკუთარ თავს ვთხოვ, რომ იყოს ყოველთვის მომართული, აი, ამ ფასეულობებზე, რომ ვიცი, რომ სხვა გზა დამღუპველია და მეშინია იქ სხვა გზაზე რომ წავიდე.
- რისთვის ხართ მზად?
- მე მაქვს სურვილი და ვლოცულობ იმაზე, რომ მზად ვიყო კრიტიკულ სიტუაციაში, რომ ღმერთმა ძალა მომცეს, გონება მომცეს. ეხლა რომ ვთქვა, რომ რისთვის ვარ მე მზად... რა ვიცი, ახლა რა მოხდება ხუთ წუთში, მე არ ვიცი, არა? არის ხოლმე სიტუაცია, როცა, აი, მზად არა ხარ ადამიანი, გესმის? სულ ფორმაში უნდა იყოს სასულიერო პირი ამ მხრივ, რომ სულ უნდა მზად იყოს, რომ ადამიანს გაუზიაროს, გასცეს ეს ყველაფერი. არა ხარ რაღაც, უცებ ისე ვერა, ვერ გრძნობ თავს, ან ვერ... არ გყოფნის სიყვარული, არ გყოფნის სიბრძნე. რამდენია იცით ეს, რა მტკივნეულია. კონკრეტულად რა იქნება და როგორ მზად ვიქნები, ღმერთმა მომცეს ყოველთვის მზადყოფნა და ყველას ჩვენ მოგვცეს.
წაიკითხეთ ასევე: