დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ზუსტად 13:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაწყებულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ, რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, ქვეყნის ახალი სულიერი წინამძღოლი გამოავლინა. წმინდა სინოდის წევრებმა, სამღვდელოებამ და ერისკაცთა წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
49-წლიანი ეპოქის შემდეგ, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელს უკავშირდებოდა, ეკლესიის მესაჭის კვერთხი მისმა რჩეულმა მოსაყდრემ ჩაიბარა. სამების ტაძრის გარშემო შეკრებილი მრევლი ამ გადაწყვეტილებას ზარების რეკვითა და სიხარულით შეხვდა.
“საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!“- განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანია ჯაფარიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.



პატრიარქობის სამ კანდიდატს შორის საზოგადოებამ ყველაზე მცირე ინფორმაცია შიო მუჯირის შესახებ იცოდა. ბევრი მათგანი დღეს გაიგებს, რომ შიოს ჰყავს და, რომელიც დღეს ძმას სამების ეზოში ელოდა.

"ლელა საოცარი ადამიანია, თავმდაბლობა ამ ოჯახის მთავარი ნიშანია, ამ კადრებითაც მიხვდებით როგორი მოწიწება აქვს მისი ძმის მიმართ“ - გვიყვება ოჯახის ახლობელი.
ნახეთ ვიდეო კადრები, რომელსაც ბერი ანდრია გეწაძე აქვეყნებს: