ავტორი:

დოპინგსკანდალი: კონკრეტულად რისთვის დაისაჯა ქართველი მორაგბე მერაბ შარიქაძე, რომელმაც პირველი კომენტარი გააკეთა: "თავიდან 6 წელი მომისაჯეს, გასაჩივრების მერე - 11..."

დოპინგსკანდალი: კონკრეტულად რისთვის დაისაჯა ქართველი მორაგბე მერაბ შარიქაძე, რომელმაც პირველი კომენტარი გააკეთა: "თავიდან 6 წელი მომისაჯეს, გასაჩივრების მერე - 11..."

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ დოპინგ-სკანდალზე გამოტანილ განაჩენზე პირველი კომენტარი "ტვ პირველთან" გააკეთა.

სპორტსმენის თქმით, World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აზრი არ აქვს - "რა გავასაჩივრო? ეგეთი სამართალი აქვთ".

როგორც მერაბ შარიქაძე აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს დისკვალიფიკაცია 6 წელი ექნება თუ 11. სპორტსმენმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"რა აზრი აქვს მაგის გასაჩივრებას, სამართალი არ არის მანდ და რა აზრი აქვს, რა გავასაჩივრო. ეგეთი სამართალი აქვთ. არანაირი მორალი, მხოლოდ იურიდიული სამართალი და ფურცელზე დაწერილი. ჩემთვის ახლა 6 წელი მექნება თუ 11, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ინტერვიუში ყველაფერი ნათქვამი მაქვს. ეს გადაწყვეტილება გამოსული არის მინიმუმ ერთი წლის, უბრალოდ, მე გავასაჩივრე და თავიდან 6 წელი მომისაჯეს, გასაჩივრების მერე - 11. გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას გადავცემ ყველაფრისთვის", - განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

ცნობისთვის, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ამასთანავე დაისაჯა კიდევ რამდენიმე სპორტსმენი.

რაგბის მმართველმა ორგანომ, ახლახან, იმ ქართველი მოთამაშეების ვინაობა და სანქციები გაამხილა, რომლებსაც დადებითი ტესტის პასუხი აღმოაჩნდათ. დისკვალიფიკაციის ვადა ცხრა თვიდან თერთმეტ წლამდე მერყეობს. ყველაზე მკაცრად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაისაჯა.

  • "რაგბი ცხოვრების ტოლფასი იყო... ჩემი ნიმუში ძმებმა გამოიყენეს!"

გასულ წელს Setanta Sports Georgia -მ ინტერვიუ ჩაწერა მერაბ (ბუკა) შარიქაძესთან, რომელმაც ისაუბრა, როგორც მომავალ ბრძოლაზე, ასევე თავს გადახდენილ დოპინგ სკანდალზე, რაგბიში დისკვალიფიკაციასა და დედაზე, რომელიც შვილის რაგბის მოედანზე დაბრუნებაზე ოცნებობდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი 2024 წელს, მოულოდნელად, ფიჯისთან მატჩის წინ, დაისაჯა. ხმები დოპინგის თაობაზე მალევე გავრცელდა, მაგრამ არავინ იცოდა, რა იმალებოდა ოფიციალური დუმილის მიღმა. როგორც ირკვევა, მას დისკვალიფიკაცია შარდის ნიმუშის გაცვლისთვის მიუსაჯეს, ანუ მისი "სუფთა ნიმუში" ნაკრების სხვა მორაგბეებმა გამოიყენეს!

შარიქაძეს, რომელსაც სამ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები და ეროვნული მაისური 100-ზე მეტჯერ მოირგო, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

"ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია და დოპინგი რანაირად იქნებოდა. როცა მითხრეს, შარდის გაცვლას გედავებიანო, გამაჟრიალა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად... ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი?!" - აღიარა მორაგბემ.

მისი თქმით, ეს "სისულელე" იმ "ჩაკეტილ წრეში" მოხდა, რომელშიც თავად და ის მორაგბეები არიან, რომლებმაც ნიმუში გამოიყენეს.

მან არ დაასახელა არც ეს ადამიანები და არც ის პიროვნება, ვინც, მისი ვარაუდით, ეს ამბავი მიტანა ანტიდოპინგურმა სააგენტომდე... "ვისაც ჩავაცვი, მან გამხადა, ისე, როგორც დათა თუთაშხია ამბობს..." - დასძინა დანანებით შარიქაძემ.

"მხოლოდ ერთ ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა, დანარჩენი ყველასთან მაქვს კონტაქტი. ორი ჩემი საუკეთესო ძმაა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნერვიულობისგან კინაღამ მოკვდნენ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ სისულელეში როგორ მოვყევი. ნეტავ რაგბის კავშირში სცოდნოდათ, ეს ამბავი ჩაკეტილ წრეში მოხდა და სხვების დასახმარებლად გავაკეთე. ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მას დისკვალიფიკაციისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, გარიგება შესთავაზეს - ჯაშუშობა ან სხვა მორაგბეების მხილება...

"ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება. ისე დამენგრია ვინმესთვის ცხოვრება, როგორც მე დამენგრა".

იხილეთ ასევე: