ავტორი:

ურთულესი ეპოქის პატრიარქები - რა არის ცნობილი შიო I -სა და შიო II-ზე?

ურთულესი ეპოქის პატრიარქები - რა არის ცნობილი შიო I -სა და შიო II-ზე?

დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.

საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) და ჯვარ-პანაღია და კვერთხი.

შიო მესამეა, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის პატრიარქებში მისი სახელით კიდევ ორი პატრიარქი იყო, რომლებსაც ქვეყნისთვის ურთულეს წლებში მოუწიოთ მოღვაწეობა.

  • ვინ იყვნენ შიო I და შიო II

შიო I (1356–1364) წლებში მართავდა საპატრიარქო ტახტს, მისი მოღვაწეობა მხოლოდ რვა წელს მოიცავს. მის შესახებ ინფორმაცია მწირია, რადგან ამ დროს საქართველოს მეფეები იყვნენ: დავით IX (1346-1360) და ბაგრატ V (1360-1393 წ.წ). საქართველოს საპატრიარქოს კათოლიკოს-პატრიარქთა ოფიციალურ სიაში იგი დგას დოროთეოზ I-ის შემდეგ და ნიკოლოზ IV-ის წინ.

ისტორიული წყაროებით, 1346 წელს ბაიბურთში გადაწერილი სომხური სახარების მინაწერი ადასტურებს, რომ ამ დროს "ქართველთა ქვეყანაში" რაღაც საშინელება მძვინვარებს.

"გაუდაბურდა აღმოსავლეთი, ე.ი. ქართველთა ქვეყანა, სადაც ბევრი ამოწყდა, სხვები შიმშილისაგან დაიხოცა".

სავსებით სამართლიანად სომხურ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების გამომცემელი ალექსანდრე აბდალაძე ამ მინიშნებას უკავშირებს შავი ჭირის ეპიდემიას. ეს მოსაზრება რომ მართალია, მტკიცდება იმითაც, რომ ქართული წყაროებით ამ პერიოდში საქართველოში არ დასტურდება არც მტრის შემოსევა, არც რაიმე სახის პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ასეთი მასშტაბის ტრაგედია გამოეწვია ქვეყანაში. აშკარაა, ამ დიდი უბედურების მიზეზი სხვა რამ უნდა ყოფილიყო. ასეთი კი შეიძლება ოქროს ურდოსა და ყირიმში მძვინვარე ჟამიანობა მივიჩნიოთ. ამის შესახებ ცნობა დაცულია ასევე რუსულ მატიანეშიც.

წყაროებიდან ასევე მტკიცდება, რომ ჟამიანობა რამდენიმე წელს გაგრძელებულა საქართველოში.

ასევე 1357 წლის 13 ივლისს მოხდა მზის სრული დაბნელება, რომელიც აღინიშნება, როგორც ერთ-ერთი ისტორიული მოვლენა.

შიო II - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1435-1438 და 1440-1447 წლებში. მისი წინამორბედი იყო დავით III, ხოლო შიო მესამეს შემდეგ საპატრიარქო ტახტი დაიკავა დავით IV (ჭავჭავაძე).

ის იყო საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის ერთგული თანამოაზრე. შიო მონაწილეობდა თემურ ლენგის შემოსევათა შედეგად გაპარტახებული ქვეყნის აღდგენით სამუშაოებში. მცხეთის სვეტიცხოვლის შემცირებული მიწის მფლობელობის გაზრდის მიზნით შიომ სამეფო ხელისუფლებისაგან შეწირულებად მიიღო მრავალი სოფელი და ციხე არმაზი მისი ეკლესიითურთ.

იხილეთ ასევე: