ავტორი:

მამუკა მამულაშვილი უკრაინაში 10 საუკეთესო სამხედროს შორის დაასახელეს - "აქ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი საზოგადოების ინტერესებს და არა კობახიძე..."

მამუკა მამულაშვილი უკრაინაში 10 საუკეთესო სამხედროს შორის დაასახელეს - "აქ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი საზოგადოების ინტერესებს და არა კობახიძე..."

უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის პირობებში, სადაც ბრძოლა არა მხოლოდ ტერიტორიისთვის, არამედ თავისუფლებისა და პოლიტიკური არჩევანისთვის მიმდინარეობს, ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ; გამოკითხვის მიზანი იყო სამხედრო პირებს შორის საუკეთესო, ელიტარული ათეულის გამოვლენა, ხოლო შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდა "იუთუბ არხზე" "Молитва світла“, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო მასალაზე დაფუძნებული მოკლე სიუჟეტი იმ უცხოელ მებრძოლებზე, რომლებმაც საკუთარი ქვეყნები დატოვეს და უკრაინის თავდაცვის ხაზზე ადგილობრივ სამხედროების გვერდით დადგნენ.

ათეულში მესამე საპატიო ადგილი უკავია ქართველს მებრძოლს, "ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელს, მამუკა მამულაშვილს რომელმაც უცხოელი მოხალისეების გაერთიანებით ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ საერთაშორისო სამხედრო ფორმირებას ჩაუყარა საფუძველი და ამ ომს საერთაშორისო სოლიდარობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო სამხედრო სიმბოლოდ აქცია.

სწორედ ამავე სამხედრო და ადამიანური გამოცდილების ფონზე, უკრაინის ქალაქ უმანში, სამხატვრო მუზეუმის დარბაზში გაიხსნა მამუკა მამულაშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა სიმბოლური სახელწოდებით - "მომავლის ფორპოსტი ფერების სიმფონიაში“, რომელიც ომის რეალობასა და კულტურულ მეხსიერებას ერთ სივრცეში აერთიანებს.

მამუკა მამულაშვილი:

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, ამ გამოკითხვის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინელებს "ქართული ლეგიონის“ დაფასებისთვის. ეს დაფასება მხოლოდ მე კი არა, ყველა იმ მებრძოლს ეხება, რომლის თავდადებაზეც დგას ლეგიონი. მე ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ ზოგადად ქართველები ყველა უცხოელისგან გამოირჩევიან საბრძოლო სულისკვეთებით. რაც შეეხება ჩემი ნახატების გამოფენას, საკმაოდ რთული ისტორია უძღოდა უძღოდა წინ, თავდაპირველად დნიპროს მუზეუმში იყო წარმოდგენილი, მაგრამ რუსებმა საგამოფენო სივრცე დაბომბეს, რის შედეგადაც ექსპოზიციის ნაწილი განადგურდა. ეს ფაქტი მოგვიანებით თავად გამოფენის კონცეფციის ნაწილად იქცა და სპეციალური ინსტალაციის სახით აისახა, როგორც ომის, კულტურისა და გადარჩენის ერთიანი სიმბოლო.

- იმ ფონზე, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 8 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებით 9-11 მაისის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შესაძლო რეჟიმი იყო განსაზღვრული, როგორ შეაფასებთ, შესრულდა თუ არა ეს შეთანხმება პრაქტიკაში და რამდენად სანდო აღმოჩნდა რუსეთის მხრიდან მისი რეალური განხორციელების მზადყოფნა?

- რუსეთის მხრიდან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის სიმბოლური მცდელობაც კი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 9 მაისის განმავლობაში, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის "ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმება მოქმედებდა, საოკუპაციო ძალებმა დონეცკში, ხარკოვში, ხერსონში კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ზოგადად, როდესაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობს, პრაქტიკა ხშირად აჩვენებს, რომ ეს პერიოდები გამოიყენება ძალების გადასაჯგუფებლად და პარალელურად მაინც გრძელდება დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამიტომაც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ ამჯერადაც შესაძლოა შეთანხმება დაირღვეოდა.

- რა თქმა უნდა პრეზიდენტ ზელენსკისაც ეცოდინებოდა...

- დიახ, რა თქმა უნდა იცოდა, და ისიც, რომ პუტინმა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები მიიღო, მოსკოვში სხვადასხვა რეგიონიდან გადაისროლეს საჰაერო თავდაცვის სისტემები და პრაქტიკულად, სრული მობილიზაცია გამოცხადდა, რათა წითელი მოედანი დაეცვათ. უკრაინულ მხარეს შეეძლო ეს ინფორმაცია საჭიროებისამებრ გამოეყენებინა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომელიც შეთანხმების აშკარა დარღვევად ჩაითვლებოდა. თქვენ იცით, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე წითელ მოედანსა და მოსკოვის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს დაფიქსირდა უკრაინული დრონები, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკრაინას ტექნიკურად შეუძლია რუსეთის დედაქალაქამდე მიმწვდომი დარტყმების განხორციელება

- რაც შეეხება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე ბოლოდროინდელ ვითარებას, სამხედრო ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასებით, ბოლო პერიოდში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება მათ მიერ მიღწეულ სტრატეგიულ წინსვლას. თქვენი შეფასებით, რას უკავშირდება ეს დისბალანსი, არის ეს ტაქტიკური არჩევანის შედეგი, რესურსების რესურსების ამოწურვა თუ სხვა ფაქტორები? და კიდევ, რამდენად შეიძლება ამ პროცესების კონტექსტში განვიხილოთ ევროპულ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის უნგრეთში ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაადგილებები და მათი შესაძლო გავლენა რეგიონულ დინამიკაზე?

- დავიწყოთ უნგრეთით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იყო იქ განვითარებული პოლიტიკური ცვლილებები, რადგან უნგრეთი, პრაქტიკულად, ერთადერთი ევროკავშირის ქვეყანა იყო, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ასევე ბლოკავდა დაახლოებით 90 მილიარდის მოცულობის დახმარების პაკეტებს. ამ ცვლილებების შემდეგ ეს დაბრკოლებები ნაწილობრივ მოიხსნა. ასევე მოგვარდა ორბანის მიერ მოპარული ფულის საკითხიც.

- რას გულისხმობთ?

- ორბანის მითითებით გაიტაცეს უკრაინული ბანკის მანქანები. ფაქტობრივად, უკრაინული ფული მძევლად აიყვანეს. 8 მაისს ეს თანხების გათავისუფლდა და უკრაინას დაუბრუნდა. თუმცა, უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს საკითხი ასე არ დასრულდება სასამართლოში შეიტანს სარჩელს. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, იქ ვითარება სულ უფრო გამჭვირვალე ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიების, განსაკუთრებით დრონების ფართო გამოყენების გამო, თითქმის ყოველი გადაადგილება კონტროლირებადია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასშტაბური შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ორივე მხარისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხრიდან დრონების კედელია აღმართული, რომლის გარღვევაც ორივე მხარისთვის უკიდურესად რთული, უფრო სწორად სასწაულის ტოლფასია.

- ასეთი მოცემულობის ფონზე ომის გაგრძელების ან დასრულების პერსპექტივას როგორ ხედავთ?

- რუსეთი აგრძელებს თავისი ჯარისკაცების ხოცვას "დრონების კედლებში“. როდესაც სამობილიზაციო რესურსი ამოეწურება, ის იძულებული იქნება გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ექნება. როდესაც არმია დიდხანს რჩება ერთ პოზიციაზე და ვერ აღწევს მნიშვნელოვან წინსვლას, შიდა აუდიტორიასაც ვეღარ შეასაღებ გამარჯვებად. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხშირად უფრო შიდა აუდიტორიისთვის შექმნილ სურათს ჰგავს, ვიდრე რეალური საბრძოლო ვითარების ზუსტ აღწერას. რეალობაში კი ამ ეტაპზე არც ერთ მხარეს არ აქვს ისეთი წინსვლა, რომელიც ომის მსვლელობას მკვეთრად შეცვლიდა.

- ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოების მკვეთრად გამკაცრების, კრემლის შიგნით შესაძლო გადატრიალების შიშისა და ძალაუფლების ცენტრში არსებული დაძაბულობის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, როგორ შეიძლება აისახოს რუსეთის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა უკრაინის ომზე, თქვენი შეფასებით, თუ მართლაც გაჩნდა რეჟიმის ცვლილების ან შიდა გადატრიალების სცენარი, რა სტრატეგიული ან სამხედრო "შეღავათები“ შეიძლება მიიღოს უკრაინამ ასეთ ვითარებაში?

- ასეთი ცვლილება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პუტინის ხელისუფლების სისუსტე აშკარად გამოიკვეთება. ამ სისუსტის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი სწორედ უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარებაა, თუ რუსეთი ვერ ახერხებს წინსვლას და სამხედრო წარმატების მიღწევას, ეს ქმნის განცდას, რომ მისი ლიდერობა შედეგს აღარ იძლევა. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, ეკონომიკური ბლოკადის და საერთაშორისო იზოლაციის პირობებში იმყოფება, ხოლო სამხედრო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პროგრესი არ ჩანს. ასეთი ერთობლივი წნეხი შეიძლება გახდეს სტიმული იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებას ან გადატრიალებას განიხილავენ. თუმცა, მეორე მხრივ, არ მგონია, რომ პოტენციური ახალი ძალა ავტომატურად უკეთესი აღმოჩნდეს უკრაინისთვის, შესაძლოა ეს მხოლოდ დროებითი ცვლილება იყოს, რომლის შედეგებიც წინასწარ რთულად პროგნოზირებადია.

- პუტინის პოზიციების შესაძლო შესუსტებისა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური ძვრების ფონზე, რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ მოსაზრება, რომ ასეთმა პროცესებმა გავლენა მოახდინა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე?

- ცხადია, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის იმასაც, რომ პუტინის გავლენა როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე რეგიონში შესუსტებულია. აქედან გამომდინარე, ისინი აკეთებენ პოლიტიკურ ანალიზს და შესაბამის დასკვნებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ "ქართული ოცნება“ ცდილობდეს უფრო მჭიდრო კომუნიკაციის და ურთიერთობის ჩამოყალიბებას იმ მხარეებთან, ვისაც მომავალში პროცესების შემობრუნება შეუძლია. ამ კუთხით მე ამას უფრო პრაგმატულ პოლიტიკურ გათვლად მივიჩნევ, ვიდრე ირაკლი კობახიძის მიერ არჩეულ სწორ სტრატეგიად.

- თუმცა, ცნობილია, დიალოგის გახსნის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან გადაიდგა...

- დიახ, იმიტომ რომ ზელენსკის ჰქონდა გარკვეული საფუძველი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ზუსტად რა ინფორმაცია ან კონკრეტული გათვლები ედო საფუძვლად, ამის დაზუსტებით თქმა გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გადაწყვეტილებას შემთხვევით და სპონტანურად არ მიიღებდა. ვფიქრობ, მას ჰქონდა იმის მოლოდინი და სიგნალებიც ჰქონდა, რომ საქართველოს მხარეც მზად იქნებოდა საპასუხო ნაბიჯისთვის.

- ამ ფონზე, ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ "ქართულმა ოცნებამ“ დამოკიდებულება შეცვალოს უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ, რომლებიც დღეს საკუთარ სამშობლოში დევნისა და თვალთვალის ქვეშ იმყოფებიან?

- ჩემი შეფასებით, სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია, რადგან რუსული სპეცსამსახურების გავლენა რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც, ბოლომდე არ არის შემცირებული. ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება მოხდება. თუმცა ჩვენ მაინც ვრჩებით უკრაინაში საქართველოს ელჩებად. მე მგონია, რომ აქ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი საზოგადოების ინტერესებს და არა ირაკლი კობახიძე, ან "ქართული ოცნების“ რომელიმე სახვა ლიდერი.

იხილეთ ასევე: