უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე, პროკურატურამ სენსაციური დეტალები გააჟღერა. ირკვევა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი თანამებრძოლი, სავარაუდოდ, ასტროლოგის მომსახურებით სარგებლობდა. აღნიშნული პირი მის ტელეფონში ჩაწერილი იყო, როგორც „ვერონიკა ფენშუი ოფისი“.
უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში პროკურორმა საქმის მასალებიდან ერმაკისა და „ვერონიკა ფენშუის“ მიმოწერის ფრაგმენტები წაიკითხა. გამოძიების ვერსიით, პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი მას სახელმწიფო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების დაბადების თარიღებს უგზავნიდა - სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ ასტროლოგს მათ შესახებ დასკვნები მოემზადებინა.

კერძოდ, გამოძიება მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე შესაძლოა დანიშნულიყვნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ თათაროვი, ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო და სხვა მაღალჩინოსნები.
13 მაისის სხდომაზე პროკურატურამ „ვერონიკა ფენშუის“ ვინაობაც დაასახელა - ეს არის მოქალაქე ანიკიევიჩი. სამართალდამცავებმა მას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც იგი ერმაკთან კონტაქტობდა.
რას წერდა ასტროლოგი
ბრალდების მხარემ მიმოწერის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროვა. ტექსტებიდან ირკვევა, რომ ერმაკი ასტროლოგს აწვდიდა ინფორმაციას ანტიკორუფციული უწყებების (НАБУ და САП) ხელმძღვანელების, „უკრაინსკაია პრავდას“ მფლობელებისა და ჟურნალისტების, ასევე რადას დეპუტატების - ოლექსი გონჩარენკოსა და იაროსლავ ჟელეზნიაკის შესახებ.
საპასუხოდ, ვერონიკა ერმაკს არწმუნებდა, რომ მის წინააღმდეგ „სერიოზული მტკიცებულებები არ არსებობდა“, ხოლო ზემოხსენებულ პირებზე წერდა: "თუ ისინი ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ბევრად უფრო მკაცრად იმოქმედებენ, მაშინ აღარც მეგობარი-გარანტი გეყოლებათ და აღარც დიდი უფლებამოსილებები“. გავრცელებული ინფორმაციით, მან ერმაკს ურჩია, „მოესწრო საზღვარგარეთ გამგზავრება“.

თავად ანდრეი ერმაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები: "არასოდეს მქონია ურთიერთობა მკითხავებთან და წინასწარმეტყველებთან. არც ვუდუს თოჯინები მაქვს სახლში". პრეზიდენტის ოფისში კი განაცხადეს, რომ მსგავსი თემების კომენტირება არასერიოზულია და ოფიციალური უწყებები ეზოტერიკით, ნუმეროლოგიითა თუ ფენშუით არ არიან დაკავებულნი.
ვინ არის ვერონიკა ანიკიევიჩი?
ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ „ვერონიკა ფენშუი“ კიევის 51 წლის მკვიდრია. სოციალურ ქსელებში იგი საკუთარ თავს ასტროლოგ ვერონიკა დანილენკოს უწოდებს და უძღვება ტელეგრამ-არხს „მთვარის საათები“.

საინტერესო დეტალები იკვეთება მისი ოჯახის შესახებაც. მამამისი, ფედორ ანიკიევიჩი, ოკუპირებულ გენიჩესკში (ხერსონის ოლქი) იმყოფება. წარსულში იგი აკრძალული პრორუსული პარტიის „ოპოზიციური ბლოკის“ ადგილობრივი ლიდერი იყო და ღიად გამოხატავდა სიმპათიებს რუსეთის მიმართ. მედიის ცნობით, მას უკვე აღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა.

თავად ვერონიკა სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდა მხარდამჭერ პოსტებს ანდრეი ერმაკის შესახებ. საგულისხმოა, რომ მისი ბოლო საჯარო პოსტი 11 მაისით თარიღდება - სწორედ იმ დღით, როდესაც ერმაკს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამ პოსტში იგი „მორიელებსა და მშვილდოსნებს“ მიმართავდა. ანდრეი ერმაკი სწორედ მორიელის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული (21 ნოემბერი).
ვერონიკა ანიკიევიჩმა ჟურნალისტების ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა. ამჟამად იგი დუმილს ამჯობინებს...წყარო
წაიკითხეთ ასევე: