ავტორი:

"დედა, შენი არ მრცხვენია... მამაჩემი უფროა პასუხისმგებელი" - 5-წლიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ქართველი მშობლები და კვიპროსელი სტუდენტის ისტორიის ემოციური ფინალი

"დედა, შენი არ მრცხვენია... მამაჩემი უფროა პასუხისმგებელი" - 5-წლიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ქართველი მშობლები და კვიპროსელი სტუდენტის ისტორიის ემოციური ფინალი

22 წლის პანაგიოტის სორუკლეს ისტორია, რომელიც კვიპროსზე, მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა, ქართული სამშობიაროების სკანდალური წარსულის კიდევ ერთი ცოცხალი მოწმობაა. ხუთწლიანი რთული, იმედგაცრუებებითა და კითხვებით სავსე ძიება დასრულებულია: ბიჭმა, რომლის საბუთებიც დაბადებისთანავე გაყალბდა, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. თუმცა, სიმართლე, რომელიც მან აღმოაჩინა, არ არის მხოლოდ გაყიდული შვილის ისტორია - ეს არის ამბავი უკიდურეს გაჭირვებაზე, იძულებაზე და შვილზე, რომელმაც შეძლო, საკუთარი მშობლებისთვის ყველაფერი ეპატიებინა.

პანაგიოტისი სოციალურ ქსელში თავისი ისტორიის რეალურ ამბავს ჰყვება:

"ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემასთან დაკავშირებით.

ამ პოსტს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - საბოლოო შედეგები გაგაცნოთ ჩემს შვილად აყვანასთან დაკავშირებით. ჩემი შვილად აყვანა თავიდანვე უკანონოდ მოხდა, უბრალოდ გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით.

გთხოვთ, სანამ ჩემი ოჯახის შესახებ ცუდ კომენტარებს დაწერთ, სრულად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ეცადეთ, მათ ადგილზე წარმოიდგინოთ თავი.

ჩემი დედა არის აზა ბაძაღუა. ის წარმოშობით გალის რაიონიდან, სოფელ ნაბაკევიდან არის. მამაჩემი ჯამბულ ცხომარიაა, წარმოშობით სენაკიდან და ჩხოროწყუდან. ვფიქრობ, მამის მხარესაც არსებობს შვილად აყვანის ისტორია და ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიჭინავას ოჯახთან და ჩხოროწყუს ლესიჭინის ტერიტორიასთან. ორივე ჩემი ბიოლოგიური მშობელი დღეს სენაკში ცხოვრობს.

დედა აფხაზეთიდან დევნილი იყო. მას უკვე ჰყავდა ორი შვილი და უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. პირველმა ქმარმა მიატოვა. მოგვიანებით მან გაიცნო მამაჩემი, ჩემი არსებობის შესახებ როცა გაიგო მიატოვა ორსული დედა და წავიდა. მოგვიანებით დედამ გაიგო რომ მამაჩემს ჰყოლია ცალკე ოჯახი სადაც დედაჩემის ორსულობის ამბავი გაიგეს და გადაწყვიტეს წავეყვანეთ მათთან, რაზეც მამაჩემის ცოლი არ დათანხმდა.

დედას, რომელსაც აღარ შეეძლო ჩემი გაზრდა - სიღარიბის, მარტოობისა და სრული უიმედობის გამო - ექიმ სიჭინავასთვის უთხოვია, ბავშვი ვინმესთვის გადაეცა, რათა უკეთესი მომავალი მქონოდა. ჩემი დაბადებიდან რამდენიმე კვირაში მამაჩემი დედასთან მივიდა და ჰკითხა, სად ვიყავი. მაგრამ დედას სამი თვის განმავლობაში მძიმე დეპრესია ჰქონდა და თავადაც არ იცოდა, სად ვიყავი. მამაჩემი ფიქრობდა, რომ დედა სიმართლეს უმალავდა, თუმცა ახლა გაიგო, რომ სინამდვილეში მან არაფერი იცოდა. ექიმმა სიჭინავამაც არ იცოდა, სად მოვხვდი.

მაიამ დედას ჰკითხა, ოდესმე თუ ფიქრობდა, რომ მე მას ვიპოვიდი. დედამ უპასუხა, რომ ამის არასდროს სჯეროდა. მას ეგონა, რომ გარდაცვლილი ვიყავი, ამიტომაც არავის ეუბნებოდა ჩემ შესახებ. ექიმმა უთხრა, რომ მე მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭირო იყო ჩემი თბილისში წაყვანა. ამ ფაქტს ჩემი ძიძის შვილის მონაყოლიც ადასტურებს. ის ამბობს, რომ როდესაც მათთან მიმიყვანეს, სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მაწვდიდნენ საკვებს, რადგან ნამდვილად მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბევრ ადამიანს ვესაუბრე დედასთან დაკავშირებით. ის არ ყოფილა ქალი, რომელსაც ბევრი მამაკაცი ჰყავდა. პირიქით - ძალიან შერჩევითი ადამიანი იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ორი მამაკაცი ჰყავდა: მამაჩემი და ყოფილი ქმარი. შვილად აყვანისთვის ფული არასდროს აუღია - ამას ადასტურებს ყველა, მათ შორის მამაჩემიც.

დედა იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო მრავალი მიზეზის გამო: მას არ ჰქონდა ფული, ერთი შვილი უკვე გარდაცვლილი ჰყავდა, არ ჰყავდა ქმარი, ეშინოდა საზოგადოების, არ იცოდა როგორ უნდა ეზრუნა ბავშვებზე და თან ბევრი და-ძმის შიშიც ჰქონდა.

მე არ მრცხვენია ჩემი მშობლების და მათზე გაბრაზებულიც არ ვარ. ის ფაქტი, რომ დედამ ჩემთან შეხვედრისას თვალებში ვერ შემომხედა და გამუდმებით ტიროდა, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

ვფიქრობ, მამაჩემი უფრო მეტად არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, თუმცა მასზეც ცუდს არ ვიტყვი. მგონია, რომ ის უბრალოდ ვერ უმკლავდება პასუხისმგებლობას და რთულ სიტუაციებს. რაც არ უნდა მომხდარიყო, ისინი ჩემი მშობლები არიან და მათ მომცეს სიცოცხლე. მათი წყალობით დღეს მაქვს შესანიშნავი ცხოვრება, რომელსაც არაფერში გავცვლიდი.

დედის მხრიდან მყავს და, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, ხოლო მამის მხრიდან - და, რომელსაც ჩემთან კონტაქტი არ სურს. გთხოვთ, არავინ დაადანაშაულოთ და ნუ განსჯით ჩემს მშობლებს. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს.

ფოტოზე მარცხნივ ბიოლოგიური დედა, მარჯვნივ პანაგიოტისი აღმზრდელ დედასთან ერთად

პირველი, რაც დედას ვუთხარი, იყო:

"დედა, არ მინდა გრცხვენოდეს ან გტკიოდეს. ვიცი, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. საერთოდ არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი. როცა შენ ამ ყველაფერს გადიოდი, მაშინ სად იყო მსოფლიო? მინდა იცოდე, რომ მე შენი არ მრცხვენია და არც შენ უნდა გრცხვენოდეს საკუთარი თავის. ხალხმა თქვას, რაც უნდა. ეს ჩემი ცხოვრებაა და თუ მე მშვიდად ვარ ამ ყველაფერთან, სხვას არ ეხება. საბოლოოდ, ეს ყველასთვის საუკეთესო აღმოჩნდა. ახლა მე კარგი ცხოვრება მაქვს და უკვე შემიძლია, უფრო მარტივად დაგეხმარო.

მე კარგი ურთიერთობა მაქვს ორივე მშობელთან და მოუთმენლად ველოდები ჩვენს შეხვედრას. არ ვნანობ იმ ხუთწლიან ძიებას, რომელიც გავიარე. ამ პროცესში ბევრი რამ ვისწავლე, უამრავ ადამიანს შევხვდი და დავინახე, როგორ მოქმედებს ზოგი მხოლოდ ფულის ინტერესით. ასევე შევხვდი ქალებს, რომლებმაც იძულებით დათმეს შვილები და დღემდე ამას ნანობენ. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დედაზე გაბრაზებული არ ვარ".

წაიკითხეთ ასევე: