გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ტაიფუნ “ჰალონგიმ“ დასავლეთ ალასკას მიაღწია, ბერინგის ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა სოფლები თითქმის მთლიანად განადგურდა. ძლიერი ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად კიპნუკსა და კვიგილინგოკში სახლები მდინარემ მაშინ გაიტაცა, როდესაც ზოგიერთი მცხოვრები ჯერ კიდევ შიგნით იმყოფებოდა. სტიქიამ საფლავებიც დააზიანა... ტრაგედიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
ქარიშხლის შემდეგ, სოფლებში დარჩენილი წყალი სწრაფად გადაიქცა ტოქსიკურ ნარევად - კანალიზაცია და საწვავი ერთმანეთში აირია. სწორედ ეს საწვავი გამოიყენება ადგილობრივებისთვის სახლების გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად და თოვლმავლების სამუშაოდ.

ამ სოფლებში 1000- ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დასახლებები მუდმივი ყინულის ფენაზეა აშენებული, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო თანდათან დნება. დნობამ და მიწის ეროზიამ სტიქიის შედეგები კიდევ უფრო გაამწვავა: დაზიანდა სახლების, სკოლებისა და ინფრასტრუქტურის საძირკვლები, მათ შორის ჩამდინარე წყლების სისტემებიც.
რეგიონში სულ უფრო ხშირია ძლიერი წვიმები, შტორმები და ტაიფუნების ნარჩენებით გამოწვეული წყალდიდობები. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში დასავლეთ ალასკაში ფედერალური მასშტაბის სამი კატასტროფა გამოცხადდა.

წყალდიდობის შემდეგ დაზიანებული სახლები დაცარიელდა, ქუჩები კი ტალახითა და ჩამონგრეული ინფრასტრუქტურით დაიფარა. ორივე სოფლის მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ დასახლებები უფრო უსაფრთხო, მაღალ ტერიტორიაზე გადაიტანონ. თუმცა, ადგილობრივი ტომების ლიდერების თქმით, ისინი ახლა FEMA-სთან (აშშ-ის ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო) დაპირისპირების წინაშე დგანან - სააგენტო მოითხოვს, რომ სოფლების აღდგენა იმავე ადგილას მოხდეს, სადაც ისინი სტიქიამ გაანადგურა.
ეს მხოლოდ ორი სოფლის პრობლემა არ არის. ის უფრო ფართო კრიზისს ასახავს, რომლის წინაშეც დღეს შეერთებული შტატები დგას. ქვეყანა წლებია ერთსა და იმავე ციკლში ტრიალებს - სტიქიური უბედურებების შემდეგ აღდგენითი სამუშაოები კვლავ იმ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, რომლებიც არაერთხელ დაზარალდა შტორმების, წყალდიდობებისა და ხანძრების შედეგად.

“ხალხს არ სურს დაბრუნდეს იმ სოფელში, რომლის თავიდან აშენებასაც შტატი და ფედერალური ხელისუფლება გვაიძულებს,“ - ამბობს კიპნუკის ტომის ადმინისტრატორი რეინა პოლი. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ესმის, რომ ეს ტერიტორია უკვე უსაფრთხო აღარ არის და ყოველი ახალი შტორმი მათ სიცოცხლესა და სახლებს კიდევ ერთხელ უქმნის საფრთხეს.
იხილეთ ასევე: