მალდივის კუნძულებზე, ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და სახიფათო წყალქვეშა გამოქვაბულში, რომელსაც ადგილობრივები „ზვიგენების გამოქვაბულს“ უწოდებენ, ტრაგედია დატრიალდა. ექსპედიციის დროს 5 იტალიელი მყვინთავი დაიღუპა. მათ საძებნელად გაგზავნილმა ელიტურმა მაშველებმა ოთხი მათგანის ცხედარი გამოქვაბულის ყველაზე ღრმა და ფართო ნაწილში, დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. მეხუთე გარდაცვლილი კი მანამდე, გამოქვაბულის შესასვლელთან ახლოს აღმოაჩინეს.

სამძებრო ოპერაცია იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მას კიდევ ერთი მსხვერპლი მოჰყვა - ცხედრების ძებნისას, მალდიველი სამხედრო მყვინთავი დეკომპრესიული დაავადებით (როდესაც წყლიდან ზედაპირზე ძალიან სწრაფად ამოსვლის გამო სისხლში აირის ბუშტუკები ჩნდება) გარდაიცვალა. ამით ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
რამ გამოიწვია ტრაგედია? - მთავარი ვერსიები
ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტები და ახლობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ:
ცუდი ამინდი: ტრაგედიის წინა დღეს რეგიონში ამინდის საფრთხის „ყვითელი გაფრთხილება“ იყო გამოცხადებული და ძლიერი, საათში 50 კილომეტრამდე სიჩქარის ქარი ქროდა. თუმცა, დაღუპული პროფესორის ქმარი აცხადებს, რომ მისი ცოლი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მყვინთავი იყო და შვილის სიცოცხლეს საფრთხეში გააზრებულად არასდროს ჩააგდებდა. მისი აზრით, წყლის ქვეშ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა.

წესების უხეში დარღვევა: გამოძიებით გაირკვა, რომ ხომალდს, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ, არ ჰქონდა უფლება, მყვინთავები 30 მეტრზე უფრო ღრმად ჩაეშვა. იტალიელები კი 50 მეტრის სიღრმეზე იპოვეს, რაც წესების სერიოზული დარღვევაა.

არასწორი აღჭურვილობა (სასიკვდილო მისია): გამოცდილი ამერიკელი მყვინთავი მარკ რანდაცა აცხადებს, რომ ჩვეულებრივი, სამოყვარულო აღჭურვილობითა და სპეციალური აირების ნაზავის (ჟანგბადის განსხვავებული ბალანსის) გარეშე ასეთ სიღრმეზე ჩასვლა თავიდანვე თავგანწირვა იყო. მისი თქმით, „ისინი წყალში ჩასვლის წამიდანვე განწირულები იყვნენ და უკან დაბრუნების შანსი არ ჰქონდათ“.
ცხედრების ამოსაყვანად მალდივებზე სპეციალური ელიტური ფინური ჯგუფი ჩაფრინდა, რომლებსაც მსგავსი რთული ოპერაციების დიდი გამოცდილება აქვთ. მათ დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში დამზადებული სპეციალური ტექნიკა, წყალქვეშა სკუტერები და ჰაერის გადამამუშავებელი აპარატები ეხმარებათ.
წყალქვეშ ყოველი ჩასვლა 3 საათს გრძელდება და უმცირესი საფრთხის შემთხვევაშიც კი ოპერაცია წყდება. გეგმის მიხედვით, მაშველები ცხედრების ეტაპობრივად ამოყვანას უახლოეს დღეებში დაასრულებენ. ხომალდზე მყოფი დანარჩენი 20 ტურისტი კი უკვე უსაფრთხოდ დაბრუნდა იტალიაში...წყარო
წაიკითხეთ ასევე: