თურქული კინოსა და მოდის დედოფალი, სერენაი სარიქაია ნარკოტიკების სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. იგი იმ ცნობილ სახეებს შორისაა, რომელთა მიმართაც პროკურატურამ დაკავებისა და ჩხრეკის ორდერი გასცა. არსებული ინფორმაციით, მსახიობი უკვე დაკავებულია.

გამოძიების დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ბაქირქოის პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაციით, საქმე ეხება აკრძალული ნივთიერებების მოხმარებას.
სამართალდამცავებმა ოპერაცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ოფიციალურად გადამოწმდა ანონიმური შეტყობინებები, გაიშიფრა სატელეფონო ჩანაწერები და ციფრული მასალები. სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე გაჩნდა "გონივრული ეჭვი“, რომ სერენაი და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდნენ. თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობი დაკავებულია და უახლოეს საათებში ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ოპერაცია სულ 25 ადამიანს შეეხო. სერენაის გარდა, საქმეში ფიგურირებენ მომღერალი მაბელ მატიზი, მსახიობი ონურ თუნა და სხვა ნაკლებად ცნობილი სახეები (სულ 14 პირი უკვე აყვანილია), თუმცა თურქული პრესის განსაკუთრებული ყურადღება მხოლოდ სარიქაიაზეა მიპყრობილი.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები ფაქტობრივად აფეთქდა, სერენაი სარიქაიას მხარეს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მისი ადვოკატები და უახლოესი გარემოცვა ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ სერენაი სარიქაია თურქეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მსახიობია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სერიალებიდან "ტიტების დრო“ (Lale Devri) და "გზაჯვარედინი“ (Medcezir) შეიყვარა, ბოლო დროს კი Netflix-ის ჰიტების, "შაჰმარანისა“ და "ვინ მოვიდა, ვინ წავიდა“ მთავარი გმირია.
როგორ იმოქმედებს ეს სკანდალი მის მილიონიან კონტრაქტებსა და კარიერაზე, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.