ავტორი:

“ტარაკნების პარტია“ - როგორ იქცა, მოსამართლის განცხადების გასაპროტესტებლად შექმნილი სატირული მოძრაობა ინდოეთის პოლიტიკურ სენსაციად?

“ტარაკნების პარტია“ - როგორ იქცა, მოსამართლის განცხადების გასაპროტესტებლად შექმნილი სატირული მოძრაობა ინდოეთის პოლიტიკურ სენსაციად?

ინდოეთში, სოციალურ ქსელებში მოულოდნელად პოპულარული გახდა სატირული ონლაინ მოძრაობა, სახელწოდებით Cockroach Janta Party-ი, რომლის სიმბოლოც ტარაკანია. იუმორზე დაფუძნებულმა მოძრაობამ რამდენიმე დღეში მილიონობით მხარდამჭერი მოიპოვა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, სურია კანტმა ერთ-ერთ მოსმენაზე უმუშევარი ახალგაზრდები “ტარაკნებსა“ და “პარაზიტებს“ შეადარა. მოგვიანებით მოსამართლემ განმარტა, რომ მისი კომენტარი კონკრეტულად ყალბი დიპლომების მქონე ადამიანებს ეხებოდა, თუმცა განცხადებამ სოციალურ ქსელებში უკვე დიდი კრიტიკა და ხუმრობები გამოიწვია.

  • სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა “ტარაკნების სახალხო პარტია“ - მოძრაობა, რომლის სახელიც ინდოეთის მმართველი პარტიის, Bharatiya Janata Party-ის (BJP) პაროდიას წარმოადგენს.

მოძრაობა ოფიციალური პოლიტიკური პარტია არ არის. ის ონლაინ სატირულ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც ახალგაზრდების იმედგაცრუებას, უმუშევრობასა და პოლიტიკური სისტემის მიმართ უკმაყოფილებას იუმორის ფორმით გამოხატავს.

მისი დამფუძნებელია აბჰიჯიტ დიპკე - პოლიტიკური კომუნიკაციების სპეციალისტი და ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი. მისი თქმით, იდეა თავდაპირველად უბრალო ხუმრობა იყო, თუმცა მოვლენები სწრაფად განვითარდა.

რამდენიმე დღეში მოძრაობას ათიათასობით ადამიანი შეუერთდა, სოციალურ ქსელებში კი ჰეშთეგი #MainBhiCockroach (“მეც ტარაკანი ვარ“) გავრცელდა. მხარდამჭერებს შორის აღმოჩნდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

Cockroach Janta Party-ის Instagram-გვერდმა 10 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ მაჩვენებლით მმართველ პარტიასაც კი გადაასწრო.

ინდოეთში მოსახლეობის თითქმის ნახევარი 30 წლამდე ასაკისაა, თუმცა კვლევების მიხედვით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებს.

CJP-ის პლატფორმა სერიოზულ პოლიტიკურ თემებს - უმუშევრობას, კორუფციას, მედიის თავისუფლებასა და უთანასწორობას, ინტერნეტ იუმორსა და მემებთან აერთიანებს.

მოძრაობის სიმბოლოდ ტარაკანის არჩევაც შემთხვევითი არ არის. მხარდამჭერების თქმით, ტარაკანი გამძლეობის, ადაპტაციისა და მძიმე პირობებში გადარჩენის სიმბოლოა.

მიუხედავად პოპულარობისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯერ არ ჩანს, გადაიქცევა თუ არა ეს ონლაინ მოძრაობა რეალურ პოლიტიკურ ძალად. თუმცა უკვე ნათელია, რომ მან ინდოეთის ახალგაზრდებში დაგროვილი უკმაყოფილების გამოხატვის ახალი ფორმა შექმნა.

წყარო

იხილეთ ასევე: