მალდივებზე მომხდარი ტრაგიკული წყალქვეშა შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ფინელმა მაშველმა მყვინთავმა, სამი პააკარინენმა, რომელმაც იტალიელი ტურისტების ცხედრების ამოყვანაში მიიღო მონაწილეობა, იდუმალი გამოქვაბული აღწერა.
ფინელი მაშველების თქმით, გამოქვაბული ძალიან დიდი და რთული სტრუქტურის იყო. პირველი ნაწილი განათებული და ფართო სივრცეა, თუმცა მეორე, სრულიად ბნელ დერეფანში შედის. სწორედ ამ ადგილას, ჩიხთან ახლოს, ოთხი ცხედარი აღმოაჩინეს.

მაშველმა უარყო ერთ-ერთი გავრცელებული თეორია, რომლის მიხედვითაც მყვინთავები ძლიერმა წყალქვეშა დინებამ გამოქვაბულში შეითრია. მისი თქმით, გამოქვაბულში დინება ნამდვილად არსებობს, თუმცა იმდენად ძლიერი არ არის, რომ ადამიანები ძალით ჩაითრიოს.
"გამოქვაბული თითქოს სუნთქავს — წყალი გარკვეული ინტერვალებით შედის და გამოდის, მაგრამ დინება სუსტი იყო. შეუძლებელია, ვინმე შიგნით შეეთრია,“ — განაცხადა მან.

გამომძიებლების ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, მყვინთავებმა ბნელ სივრცეში მიმართულება დაკარგეს. ფინელი ექსპერტების თქმით, გამოქვაბულში არსებული ქვიშის ფორმაცია შორიდან კედელს ჰგავს და შესაძლოა ჯგუფს სწორი გასასვლელი ჩიხში აერია.
ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ჯგუფს შესაძლოა სტანდარტული ჰაერის ავზები ჰქონდა, რაც ასეთ სიღრმეზე მხოლოდ რამდენიმე წუთით სუნთქვის საშუალებას იძლევა. მათი თქმით, ასეთ პირობებში პანიკა სწრაფად ვითარდება და ჰაერის მარაგიც მალევე იწურება.


ადგილობრივი ხელისუფლება იძიებს, რატომ მიეცათ ტურისტებს თითქმის 60-მეტრიან სიღრმეზე ჩასვლის უფლება. გამოძიებისთვის ასევე ამოიღეს მყვინთავების GoPro კამერები, რომლებმაც შესაძლოა მათი ბოლო წუთების აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

ტრაგედიას მთლიანობაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ადგილობრივი მაშველიც, რომელიც სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობდა.
ფინელმა მაშველებმა ცხედრების აღმოჩენის შემდეგ ზედაპირზე ცარცით დაწერილი მოკლე შეტყობინება ამოიტანეს: „ოთხივე ვიპოვეთ“.
წაიკითხეთ ასევე: