თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, 23 წლის ინდოელი სტუდენტი, დჰვანიტ რაჯდიპი, უკვე თორმეტი დღეა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. როგორც ინდური მედია წერს, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდას, რომელიც საქართველოში უკრაინიდან გადმოვიდა, ბინის გამქირავებელთან მძაფრი კონფლიქტი მოუვიდა. შვილის ბედით შეძრწუნებული აჰმედაბადელი ოჯახი დახმარებისათვის ახლა უკვე ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მიმართავს. მომხდარის შესახებ ახალ დეტალებს indiatoday.in აქვეყნებს.
როგორც დაკარგულის მამა, მაიურ რაჯდიპი ამბობს, მისი შვილი გამქირავებლის - წარმოშობით სამხრეთ ინდოელი მამაკაცის, სახელად ანილის - და მისი თანამცხოვრებლების მხრიდან მუდმივ შევიწროებასა და ჩაგვრას განიცდიდა.
დაკარგული ბიჭის მამა მედიასთან ამბობს, რომ ისინი სტუდენტს სისტემატურად ჰპარავდნენ ფულს, პირად სამოსსა და საკვებს. როდესაც სასოწარკვეთილმა დჰვანიტმა აღნიშნული ბინის დატოვება გადაწყვიტა, ანილმა უარი განაცხადა წინასწარ გადახდილი დეპოზიტის დაბრუნებაზე. მეტიც, თანამზრახველებთან ერთად მან ახალგაზრდა ოთახში გამოკეტა, მობილური ტელეფონი ჩამოართვა და მუქარითა და ძალადობით ანგარიშიდან 6,500 აშშ დოლარი გამოსძალა.
გაუჩინარებული ბიჭის მშობლები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ინდოეთის საელჩოსა და ადგილობრივი პოლიტიკური ფიგურების მხარდაჭერისა, ისინი ვერანაირ თანამშრომლობასა და დახმარებას ვერ იღებენ საქართველოს პოლიციისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან.
ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ დჰვანიტის მამა ბინის გამქირავებელს შვილის გაუჩინარებამდე გაცილებით ადრეც ეკონტაქტებოდა. მათი WhatsApp-ის მიმოწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ სტუდენტსა და ანილს შორის კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა.
როგორც ინდოეთის მედია წერს, ერთ-ერთი ინციდენტის დროს დჰვანიტმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ანილის შეყვარებულს, რის საპასუხოდაც გამქირავებელი მამას ემუქრებოდა და აფრთხილებდა, რომ ჩადენილი საქციელის გამო მის შვილს სასტიკად გაუსწორდებოდა.
დჰვანიტის უფროსი ძმა, მიჰირი, საქართველოში კანადიდან ჩამოვიდა და პირადად, არის ჩართული ძმის მოძებნაში. სწორედ მისი წყალობით გახდა მშობლებისთვის ცნობილი, რომ ადგილობრივ სამართალდამცავებს ბრალდებულების - ანილის, მისი მეგობარი მანიასა და ერთი ადგილობრივი მოქალაქის წინააღმდეგ მკაცრი ზომები არ გაუტარებიათ. ყოველი მათგანი ხანმოკლე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ოჯახი უმორჩილესად სთხოვს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, შინაგან საქმეთა მინისტრ ამიტ შაჰსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ს. ჯაიშანკარს, პირადად ჩაერიონ აღნიშნულ საქმეში, რათა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ და დაეხმარონ მათ შვილის პოვნასა და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაში - წერს ინდური მეია.
წაიკითხეთ ასევე: