ავტორი:

"ეს ბასა ფოცხიშვილის იდეა იყო" - 3 ცნობილი საოპერო მომღერლის შესრულებული საქართველოს ჰიმნი: ვინ შექმნა მათი კოსტიუმები?

"ეს ბასა ფოცხიშვილის იდეა იყო" - 3 ცნობილი საოპერო მომღერლის შესრულებული საქართველოს ჰიმნი: ვინ შექმნა მათი კოსტიუმები?

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვით საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს ჰიმნი სამმა ქართველმა საოპერო მომღერალმა - იანო ალიბეგაშილმა, ქეთევან ქემოკლიძემ და ნინო მაჩაიძემ შეასრულეს.

ambebi.ge ქართველ საოპერო მომღერალს, მეცო-სოპრანოს - ქეთევან ქემოკლიძეს ესაუბრა.

- როგორ გადაწყდა, რომ თქვენ უნდა გემღერათ, კოლეგებთან ერთად საქართველოს ჰიმნი?

- უკვე მეორედ მაქვს ეს პატივი ამ ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი ვიმღერო. ორჯერვე დამპატიჟა ღონისძიების რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა, რომელიც საოცრად გემოვნებიან და ლამაზ აღლუმს გვთავაზობს ხოლმე. წელს სწორედ მისი იდეა იყო სამ ქართველ მომღერალს ერთად გვემღერა საქართველოს ჰიმნი. კადრები, რაც ვნახე, მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა.

- მზადება დიდხანს მიდიოდა და ვინ ეკუთვნის თქვენი სამოსის დიზაინი?

- რაც შეეხება მზადებას, ჩემს თავზე ვიტყვი, - კოსტიუმები, ჩვენი გრაფიკებიდან გამომდინარე, ბევრად ადრე დაიგეგმა, რადგან ხშირად არ ვართ ხოლმე საქართველოში. სააღდგომოდ ვიყავი ჩამოსული და ჩემი კოსტიუმის პირველი მოზომვა მაშინ იყო. გუშინ ჩამოვფრინდი და ისე საოცრად შეკერეს, რომ ხელის ხლება არ დასჭირდა, იმდენად იდეალურად იყო ყველაფერი. ანა ნინუა იყო ამ ყველაფრის ავტორი რუსთაველის თეატრის მხატვარი, კოსტიუმის დიზაინერი...

- როგორია თქვენი ემოცია, როდესაც ასრულებ საქართველოს ჰიმნს?

- ემოცია საოცარია... თვითონ ეს დღეა ძალიან ემოციური და ამ დღეს ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, კიდევ უფრო.... თავად ჰიმნის შესრულება მეტად მძაფრ განცდებს ბადებს. ამ შესრულებით ადამიანმა შეიძლება ისტორიის ძალიან მცირე ნაწილად იგრძნოს თავი... შენი ხმით უნდა მოისმინოს შენმა ქვეყანამ ჩვენი ეროვნული ჰიმნი...

- თქვენ კოლეგებთან - ნინო მაჩაიძესთან და იანო ალიბეგაშვილთან ერთად სცენაზე ადრეც თუ მდგარხართ?

- ნამდვილად სასიამოვნოა ჩემს კოლეგებთან ერთად სცენაზე დგომა. მე და ნინო წლებია ერთად მოვდივართ ჯერ მუსიკალური სკოლიდან, მერე - კონსერვატორია, შემდეგ ლა-სკალას აკადემია. ძალიან ხშირად მიწევს ევროპაში მასთან სცენის გაყოფა.

იანოსთანაც ერთად ბევრჯერ მიმღერია და სასიამოვნოა ასეთ კოლეგებთან, პროფესიონალებთან სიმღერა. ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან სასიამოვო იყო - მგონი, შეხმატკბილებულად გამოვიდა.

იხილეთ ასევე: