1999-დან 2016 წლამდე პერიოდში შეიარაღებული ყაჩაღობების სერიაში მონაწილეობისთვის, სასამართლომ გერმანიის სამხედრო დაჯგუფება “წითელი არმიის ფრაქციის“ (RAF) ყოფილ წევრს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
67 წლის დანიელა კლეტეს დაკავება ბერლინში მდებარე მისსავე ბინაში 2024 წელს მოხერხდა. ქალი მართლმსაჯულებას 30-ზე მეტი წელი ემალებოდა. ხოლო სასამართლო პროცესი გასულ წელს დაიწყო.
კლეტეს ჯგუფი RAF-ის შემადგენლობაში, ასევე ცნობილი როგორც “ბაადერ-მაინჰოფის ბანდა“ 1970-1990-იან წლებში უამრავ დანაშაულს სჩადიოდა, მათ შორის იყო მკვლელობები, გატაცებები და აფეთქებების სერია. საბოლოოდ ჯგუფი 90-იანი წლების ბოლოს დაიშალა.
სასამართლომ დაადგინა, რომ კლეტე ძარცვავდა სუპერმარკეტებსა და ინკასატორების ფურგონებს RAF-ის ორ სხვა ყოფილ წევრთან, ბურკჰარდ გარვეგთან და ერნსტ-ფოლკერ შტაუბთან ერთად.
ექსტრემიზმთან ბრძოლის ბერლინის პროექტის ხელმძღვანელის, ჰანს-იაკობ შინდლერის თქმით, ის გახდა “ერთგვარი გმირი ბებია ბერლინის უკიდურესი მემარცხენეებისთვის“.
სასამართლო განიხილავდა გერმანიის ჩრდილოეთსა და დასავლეთში ჩადენილი რვა ყაჩაღობის საქმეს:
კლეტეს დაჭერა მხოლოდ 2024 წლის თებერვალში, პოლიციაში შესული ანონიმური შეტყობინების შემდეგ, მოხერხდა. ის ბერლინის კროიცბერგის რაიონის ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე გამოგონილი სახელით და უცხოური პასპორტით ცხოვრობდა.
კლეტე წლების განმავლობაში იყენებდა სახელს კლაუდია. მას გამომძიებელმა ჟურნალისტმა სახის ამომცნობი ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით მიაკვლია.
ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა იარაღი, საბრძოლო მასალა, ყუმბარმტყორცნის მულაჟი, პარიკები, ყალბი პირადობის მოწმობები, ოქრო და 240 000 ევრო ნაღდი ფული.
“წითელი არმიის ფრაქცია“ 1960-იან წლებში რადიკალური სტუდენტური მოძრაობიდან აღმოცენდა და მიზნად ისახავდა დასავლეთ გერმანიის კაპიტალიზმის ძირის გამოთხრას. მოძრაობას ჰქონდა კავშირები ახლო აღმოსავლეთის სამხედრო დაჯგუფებებთან და გდრ-ის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის) ხელისუფლებასთან.
1971 წლიდან 1993 წლამდე პერიოდში დაჯგუფების ბოევიკებმა მოკლეს 34 ადამიანი. კიდევ 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები.
დაჯგუფებამ 1977 წელს მოკლა ფედერალური პროკურორი, ხოლო წამყვანი მრეწველი ჰანს მარტინ შლაიერი გაიტაცეს და მოკლეს.
დაჯგუფებამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა 1998 წელს, ხოლო ზოგიერთი ბოევიკი, მათ შორის დანიელა კლეტე, წლების განმავლობაში ემალებოდა პოლიციას შეცვლილი სახელით, საბუთებითა და გარეგნობით.
იხილეთ ასევე: