ავტორი:

"არ დაემორჩილა მოთხოვნას, სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემაზე

"არ დაემორჩილა მოთხოვნას, სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემაზე

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის დროსაც შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს „ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ქალაქ გორში მომხდარ სამწუხარო ინციდენტს, რომლის დროსაც, საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, რის გამოც დაშავდა მოქალაქე.

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია სამინისტროს მოქმედი 6 თანამშრომელი. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებულ იქნა მოქალაქე.

  • იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით - ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა.

აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზაობას, ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე, სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.