ავტორი:

"პაპუნა ღმუოდა თურმე ამ წამების დროს... მასთან ერთად სცემეს ჩემი შვილი" - პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი მეგობრები და ახალი დეტალები გახმაურებულ საქმეზე

"პაპუნა ღმუოდა თურმე ამ წამების დროს... მასთან ერთად სცემეს ჩემი შვილი" - პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი მეგობრები და ახალი დეტალები გახმაურებულ საქმეზე

გუშინ გორში პოლიციელების მიერ ჩადენილმა სასტიკმა დანაშაულმა მთელი ქვეყანა შეძრა. საზოგადოება დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, წუხელ გადმოიყვანეს გორიდან თბილისში, ვივამედის კლინიკაში, სასტიკად ნაცემი დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი. მისი ახლობლების თქმით, ბიჭს ტვინის შერყევა აქვს, ასევე ნეკნები აქვს მოტეხილი. სახეზე და მთელ სხეულზე უამრავი სილურჯე და დაზიანება აქვს.

  • პაპუნა ლოცულაშვილი ბანკის თანამშრომელია, როგორც ირკვევა, გუშინ სამსახურიდან შესვენებაზე გამოვიდა და მეგობარს, ლაშა აბისონაშვილს სამსახურში, ავეჯის საამქროში მიაკითხა.

სწორედ იქ მოხდა ეს უმძიმესი დანაშაული. პაპუნას პოლიციელებისთვის უთქვამს მანქანა გადაეყენებინათ, რადგან მისი მანქანა ჰქონდათ ჩაკეტილი და მანქანის გაყვანას ვერ ახერხებდა, სწორედ ამის გამო დაწყებული კონფლიქტი, ასეთი სისასტიკეში გადაიზარდა. საბედნიეროდ იმ მომენტში აღმოჩნდა იქ თურმე ჟურნალისტი, რომელმაც შეძლო ამ უმძიმესი ფაქტების გადაღება და ასე ემხილებინა მოძალადე პოლიციელები. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ არა ეს ვიდეო კადრები, აქეთ შეუთითხნიდნენ ბრალს სასტიკად ნაცემ ახალგაზრდას.

მომხდარით შეძრულია პაპუნას მეგობრის, ლაშა აბისონაშვილის დედა. მის შვილიც სცემეს გუშინ პაპუნასთან ერთად პოლიციელებმა.

ნინო ელიკაშვილი:

- უმძიმესი ფაქტი მოხდა და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ყველა დამნაშავემ. ჩემი შვილი ლაშა აბისონაშვილი და პაპუნა ლოცულაშვილი ბავშვობიდან მეგობრობენ და საუკეთესო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. პაპუნა მუშაობს საქართველოს ბანკში, ჩვენ, ოჯახს გვაქვს ავეჯის ბიზნესი და ჩემი შვილი იყო სამსახურში და აკეთებდა ავეჯის რესტავრაციას. პაპუნა აკითხავდა ხოლმე სამსახურში ლაშას. შესვენებაზეც გადადის და ხან საღამოსაც ერთად არიან. უწესიერესი ბიჭები არიან. პაპუნა ისეთი განათლებულია, ისეთი მოკრძალებული, ისეთი ღირსეული, რომ იქითაც მოკრძალებით რომ ელაპარაკები.

31 წლის არის ჩემი შვილი, პაპუნა ერთი წლით მასზე პატარაა. გუშინ სამსახურიდან გასული იყო პაპუნა შესვენებაზე ლაშასთან, ერთად მიირთვეს საჭმელი და ამის შემდეგ გამოვიდა პაპუნა გარეთ, აღმოჩნდა, რომ მის მანქანა მიუყენეს უკან მანქანა გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. პაპუნას უთქვამს, გამატარეთო, რადგან ეჩქარებოდა სამსახურში, პოლიციელებს თურმე არ მოეწონათ მისი ეს ნათქვამი, რატომღაც შენიშვნად მიიღეს თუ რაღაც და მაგაზე აუშარდნენ, გადმოვიდნენ და დაუწყეს ცემა, მერე ჩემი შვილი გავიდა გასარკვევად რა ხდებოდა და ისიც სცემეს. როგორ გამეტებით ურტყამდნენ, ეს უმძიმესი ფაქტები მთელმა საქართველომ ნახა.

პაპუნა ლოცულაშვილი

ერთი მოსახლე ცხოვრობს ჩვენი საწყობის თავზე, ის ერთადერთი არის ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი, რომელიც იყო იმ დროს სახლში და ეძინა. ლადო ამბობს, რომ არაადამიანურმა ღმუილმა გამაღვიძაო, და რომ გავიხედე, ეს სიტუაცია იყოო, საბედნიეროდ მან შეძლო ამ უმძიმესი კადრების გადაღება და ამხილა მოძალადეები. მე რომ დამირეკა ჩემმა რძალმა, იმდენად დაუჯერებელი იყო, ვერ ვიგებდი რა ხდება. იქ რომ გავედით, უკვე ლენტებს ავლებდნენ, ვიკითხე, რა ხდება მეთქი, გაიგებთო, უხეშად მიპასუხა პოლიციის თანამშრომელმა, მერე ველაპარაკე ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს, უკვე მოსული იყო ჟურნალისტი გიორგი ახალკაციც და მითხრეს, ნინო, ყველაფერი გადაღებულია, ატვირთულია უკვე ფორმულაზეაო. ჩემი შვილიც გამეტებით არის ნაცემი. არაადამიანურ გმინვას რომ გაიგებ მეორე სართულზე და თან გძინავს, წარმოიდგინეთ, როგორ ყვიროდა პაპუნა ამ წამების დროს.

ლაშა აბისონაშვილი

- სხვა მოქალაქეებს არ უცდიათ დახმარება?

- შეწეული ადგილია, იქ ბევრი ხალხი არ მოძრაობს. საპატრულო პოლიციის ყოფილი შენობაა, მანამდე კომბინატის შენობა იყო, ქსოვილებს რომ უშვებდნენ და მიგდებულივით არის ეგ ადგილი. მანდ მიდიოდნენ ხოლმე პოლიციელები საჭმელს ჭამდნენ შესვენებაზე. აქტიური ადგილი ის არის, ალბათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი შერჩებოდათ და შერჩებოდათ ყველა ვარიანტში, ეს ვიდეო რომ არ ყოფილიყო. იქ იყო ჩემი შვილის კიდევ ერთი მეგობარი, ამ სასტიკი დანაშაულის შემდეგ იმას მოაკითხეს სახლში, ეგონათ, რომ კადრები ჰქონდა მას გადაღებული და ტელეფონს სთხოვდნენ, მაშინვე გამოედევნონ მას და ამ ბიჭს უთქვამს, მე არაფერი არ მაქვსო გადაღებულიო. მერე მალევე უკვე ვირუსულად გავრცელდა ეს უმძიმესი კადრები და უკვე ატვირთული ჰქონია ლადოს.

- თქვენს შვილს რა დაზიანებები აქვს?

- კადრებშიც ჩანს, სამუშაო ტანსაცმელი აცვია სპორტული ჩემს შვილს და რომ გამოათრევენ, დააგდებენ და ურტყამენ, აგინებენ. სასტიკად ნაცემია პაპუნა. თბილისში, ვივამედშია გადაყვანილი, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ვნახე სახე სულ ჩაშავებული ჰქონდაო, სილურჯეები აქვს ყველგან, ტვინის შერყევა დაუდგინდა და ნეკნიც ჰქონია მოტეხილი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პაპუნა უპატიოსნესი ბიჭია, ისეთი ბიჭი არ არის, რომ რამე წინააღმდეგობა გაეწია, როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის. არადა არანაირი შეხება წამალთან არ აქვს. მშრომელი, განათლებული ბიჭია. ყვიროდნენ თურმე შვიდ წლიან სისხლზე გაუშვიო. უწესიერესი, სამაგალითო, თითით საჩვენებელი ბიჭია, ესენი არიან კანონიერი ყაჩაღები, მეტი არაფერი. გორში სალონურ საღამოებს ვმართავ ხოლმე, ჩანიშნული მქონდა გუშინ პოეტური საღამო, თბილისიდან მოდიოდა ხალხი და იძულებული ვიყავი გამემართა, მთელი დღე განვიცდიდი ამ ამბავს, ძალიან გამანადგურა ამ ამბავმა, ყველა მოითხოვს მათ უმკაცრესად დასჯას. ფიზიკურ ტკივილთან ერთად რამხელა მორალური და ფსიქოლოგიური ტკივილი მიადგათ ამ ბიჭებს. ისეთი ფაქიზი სულის ბიჭია პაპუნა, ქუჩური ტიპი არ არის. სულ სხვანაირი სულის ბიჭია და მორალურადაც გაუჭირდება მომხდარის გადატანა.

24 საათში უნდა წაუყენონ მაგათ ბრალი. დასახელდა ოთხის გვარი, კადრებში ჩანს, რომ ბევრნი იყვნენ და ყველამ უნდა აგოს პასუხი, არამარტო ოთხმა. მსგავსად ვინ იცის რამდენ ახალგაზრდაზე ძალადობდნენ ეს პოლიციელები, ახლა არ გაუმართლდათ, რომ გადაიღეს კადრები, თორემ ვინ იცის რას უზამდნენ. ასეთი განუკითხაობა როგორ უნდა ხდებოდეს. მოსახლეობისგან მაგათ იმდენი წყევლა და გინება აქვთ, რომ არ იყვნენ ცოცხლები ეგ ჯობია. უბრალოდ ისეთი პატარაა, ეს ქალაქი, ყველამ იცის ვინ ვინ არის. ეს უდანაშაულო ბიჭი, პაპუნა პედაგოგების აღზრდილია, ძალიან კარგ ოჯახში, კარგ გარემოში გაზრდილი. მისი მამიდა პედაგოგია, ხომ შეიძლება იმ მოძალადე პოლიციელებიდან ერთ-ერთის მასწავლებელიც იყო. როგორ შეიძლება ასე გასწორებოდნენ ადამიანს. მოვითხოვთ, ყველამ აგოს პასუხი.

წაიკითხეთ ასევე: