ავტორი:

გაყალბებული ბიოგრაფიით მითვისებული 300-ზე მეტი ოქროს ზოდი და მილიონები - როგორ მოატყუა CIA-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაზვერვა: საქმის დეტალები

გაყალბებული ბიოგრაფიით მითვისებული 300-ზე მეტი ოქროს ზოდი და მილიონები - როგორ მოატყუა CIA-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაზვერვა: საქმის დეტალები

აშშ-ში ყოფილი მაღალჩინოსანი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა — ფედერალური გამომძიებლების ინფორმაციით, მან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დაარწმუნა, რომ "სამსახურებრივი საჭიროებებისთვის" მისთვის ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და უცხოური ვალუტა გადაეცათ, თუმცა მოგვიანებით ეს ქონება მისივე სახლიდან ამოიღეს.

საუბარია დევიდ რაშზე — CIA-ს ყოფილ მაღალჩინოსანზე, რომელიც FBI-მ ვირჯინიის შტატში მდებარე სახლში ჩატარებული რეიდის შემდეგ დააკავა. აგენტებმა იქ დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ნაღდი ფული, 35 ძვირადღირებული საათი — მათ შორის Rolex-ის მოდელები — და 300-ზე მეტი ერთ კილოგრამიანი ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. ოქროს საერთო ღირებულება 40 მილიონ დოლარზე მეტია.

  • გამოძიების მასალების მიხედვით, დევიდ რაში წლების განმავლობაში ყალბ ინფორმაციას აწვდიდა როგორც CIA-ს, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებს. ის ამტკიცებდა, რომ პრესტიჟული უნივერსიტეტების — კლემსონის უნივერსიტეტისა და რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის — კურსდამთავრებული იყო, თუმცა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამ სასწავლებლებში მისი სწავლის კვალი საერთოდ არ არსებობდა.

რაში საკუთარ თავს გამოცდილი სამხედრო პილოტისა და მაღალი რანგის ოფიცრის სტატუსით წარმოაჩენდა, თუმცა ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, მას პილოტის ლიცენზია არასდროს ჰქონია.

პროკურორების თქმით, სწორედ ამ გაყალბებული ბიოგრაფიის დახმარებით ახერხებდა ის კარიერულ წინსვლას, მაღალი თანამდებობებისა და უფრო დიდი ხელფასების მიღებას.

CIA-ს ყოფილმა ოპერაციების ოფიცერმა, ტრეისი უოლდერმა, განაცხადა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, როგორ შეძლო რაშმა სააგენტოს მკაცრი უსაფრთხოების შემოწმების სისტემის მოტყუება.

"თუ ასეთი ადამიანი ამ სისტემას გაექცა, ჩნდება კითხვა — კიდევ ვინ გამოგვრჩა?“ — თქვა მან.

საქმემ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმის გამოც, რომ CIA-ში დასაქმებისას კანდიდატები მრავალსაფეხურიან და ძალიან დეტალურ შემოწმებას გადიან — მოწმდება როგორც განათლება და სამუშაო გამოცდილება, ისე პირადი კონტაქტები და ცხოვრების წარსული.

გამოძიების თანახმად, რაშმა სამხედრო შვებულებების სახელითაც უკანონოდ მიიღო დაახლოებით 77 ათასი დოლარის კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახური წლების წინ ჰქონდა დასრულებული.

CIA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქმე სააგენტოს შიდა გამოძიების შედეგად გამოვლინდა. უწყების განცხადებით, მას შემდეგ, რაც შესაძლო კანონდარღვევების ნიშნები გამოიკვეთა, ინფორმაცია FBI-ს გადაეცა.

დევიდ რაში ამჟამად წინასწარ პატიმრობაში რჩება. მის ადვოკატს საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: