ავტორი:

"გამქრალი" შემოდგომა-გაზაფხული, გახშირებული წვიმები და ანომალიური ამინდები საქართველოსა და მსოფლიოში - რა დგას ამის უკან: "რაზეც გვაფრთხილებდნენ, ეს დრო დადგა"

"გამქრალი" შემოდგომა-გაზაფხული, გახშირებული წვიმები და ანომალიური ამინდები საქართველოსა და მსოფლიოში - რა დგას ამის უკან: "რაზეც გვაფრთხილებდნენ, ეს დრო დადგა"

"მეცნიერები დიდი ხანია აფრთხილებდნენ მსოფლიოს, რომ კლიმატის ცვლილების გამო სეზონებს შორის საზღვრები წაიშლება. ეს პერიოდი უკვე დადგა“ - გვეუბნება მამუკა გვილავა - გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი.

წელს მართლაც განსაკუთრებულად შესამჩნევია გაჭიანურებული, ანომალიური ამინდები, ინტენსიური ნალექი და გაზაფხულის სეზონის პრაქტიკული გაქრობა. მამუკა გვილავას თქმით, მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს პროცესი ადამიანის მიერაა გამოწვეული.

- ხან ნალექია, ხან - ქარი. გაზაფხული კალენდარულად თითქოს მოვიდა, მაგრამ ტრადიციული გაზაფხული, რაც ჩვენს ქვეყანას ახასიათებდა ხოლმე, თითქოს გაქრა. რა არის ამის მიზეზი?

- დიახ, მართალია. მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ კლიმატი იცვლება და უახლოეს მომავალში სეზონებს შორის საზღვრები წაიშლება. ეს მომავალი უკვე დადგა, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია - მოსალოდნელიც იყო. კლიმატის ექსტრემალური პირობები ჩვენთანაც ვლინდება. მაგალითად, ასეთი გადაუღებელი და გახშირებული წვიმები პირადად მე არ მახსოვს. თავად ჰიდრომეტეოროლოგი არ გახლავართ, გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი ვარ, თუმცა გარემო პირობებს მუდმივად ვაკვირდები და ასაკიც საკმარისი მაქვს იმისთვის, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთო. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მეცნიერები და კლიმატის პოლიტიკის სპეციალისტები ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ. რაზეც 20-30 წლის წინ საუბრობდნენ, დღეს ზუსტად მართლდება. მთავარი დასკვნა ის არის, რომ მეცნიერებსა და სწორ პოლიტიკოსებს უნდა დავუჯეროთ და არა მათ, ვინც კლიმატის ცვლილებას უარყოფს. ჩვენ აღარ ვართ იმ პირობებში, რომ რეალობა უარვყოთ. კლიმატის ცვლილება ფაქტია და ის ადამიანის ზემოქმედებით არის გამოწვეული. მთავარი მამოძრავებელი ძალა, რასაც ადამიანი ვერ ელევა და ვერ აჩერებს, წიაღისეული საწვავის მოხმარება და ავტომობილებით გადაადგილებაა.

ამ ყველაფერმა გამოიწვია სათბურის გაზების, მათ შორის განსაკუთრებით, ნახშირორჟანგი (CO2) ემისიების მნიშვნელოვანი ზრდა.მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში პროცენტულად მცირეა, ისტორიულ მაჩვენებელთან შედარებით ის საგრძნობლად გაიზარდა. თუ ისტორიულად ეს მაჩვენებელი 280 ppm-ს მემილიონედი წილი) შეადგენდა, ახლა უკვე 425–430 ppm-მდეა ასული. ყოველი წლის მაისში ეს პარამეტრი ახალ რეკორდს ამყარებს - ანუ კონცენტრაცია თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. აქ შეთქმულების თეორიებს არ უნდა ვენდოთ. მეცნიერთა 97-99% გვეუბნება, რომ ეს პროცესი ადამიანის მიერ არის გამოწვეული. კლიმატის ცვლილება სამომავლო საფრთხე აღარ არის, ის უკვე მოქმედებს და ჩვენთან ეს გამოიხატება ინტენსიურ წვიმებში, გაზაფხულის სეზონის მნიშვნელოვნად შემცირებასა და პირდაპირ ზაფხულის სიცხეებზე გადასვლაში. კლიმატი აღარ გვინდობს და რამდენიმე თვიანი გაზაფხულით ტკბობის საშუალებას აღარ გვაძლევს.

- ანუ, ფაქტობრივად, ეს კლიმატური ცვლილებები ადამიანის ზემოქმედების პირდაპირი შედეგია, ხომ?

- უპირობოდ. ხალხმა უფრო მეტად უნდა მოუსმინოს მეცნიერებს, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების მეცნიერულ კონსენსუსს ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის, დონალდ ტრამპის მმართველობისას აშშ გამოვიდა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან (თუმცა დარწმუნებული ვარ, შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად დააბრუნებს ქვეყანას ამ შეთანხმებაში). აქ რეალურად ნავთობის ლობი მუშაობს. ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან ნავთობკომპანიებს საუკეთესო მეცნიერები ჰყავდათ დაქირავებული. ახლახან გამოქვეყნდა ისტორიული დოკუმენტები, სადაც ზუსტად იყო გაწერილი, რა მოხდებოდა 2020-იან წლებში. ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ ემოქმედათ, საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად მეცნიერებისა და კლიმატის დამცველი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია დაიწყეს. გარკვეულწილად წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ ეს დროებითია - კლიმატის ცვლილებას მეცნიერების დისკრედიტაცია ვერ შეაკავებს.

- ანუ ნავთობმწარმოებლებს გულისხმობთ, ხომ?

- დიახ, ნავთობინდუსტრიის უაღრესად ძლიერ და ნეგატიურ ლობის. ეს ცნობილი კომპანიებია როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ისინი არაფერზე იხევენ უკან, რადგან ნავთობის დიდ ბიზნესს დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, ეს მიდგომა დიდხანს ვერ გაძლებს - კლიმატის ცვლილებას უკვე ყველა ვგრძნობთ. მალე კლიმატური პროცესების გავლენა კიდევ უფრო მკვეთრად გახდება შესამჩნევი და მითების მოსასმენად დრო აღარ დაგვრჩება. იძულებულნი გავხდებით, რეალურ სამეცნიერო კვლევებს დავეყრდნოთ.

- კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მკითხველს: მეცნიერები ამბობენ, რომ სეზონების ჯაჭვიდან შესაძლოა საერთოდ ამოვარდეს გაზაფხული და შემოდგომა?

- დიახ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ჩვენს რეგიონს ამ სეზონზე ჯერჯერობით უმართლებს. შეხედეთ, რა ხდება ევროპაში, თუნდაც ბრიტანეთში. საკმარისია BBC ჩართოთ - ბრიტანეთის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა, რაც მაისისთვის პრაქტიკულად უპრეცედენტო მაჩვენებელია. კლიმატის მკვლევრები და სინოპტიკოსები, რომლებიც ტემპერატურას სკრუპულოზურად ზომავენ, გაოცებულები არიან - მაჩვენებელი ნორმაზე 15 გრადუსით მაღალია. ჯერ კიდევ მაისია და გაქანებული თერმული ტალღებია (Heatwaves) მთელ სამხრეთ ევროპასა და ბრიტანეთში. თუ ეს ტენდენცია ივლის-აგვისტოშიც გაგრძელდა, გაცილებით სერიოზულ პრობლემებს უნდა ველოდოთ. ასე რომ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საწუწუნო.

- ზაფხულს როგორ პროგნოზირებთ, როგორი იქნება?

- ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ბოლო 15-20 წელია, საშუალო ტემპერატურა მუდმივად იმატებს. მთლიანად ცივილიზაციის არსებობის ათასწლეულების პერიოდში ასეთი სწრაფი დათბობა უპრეცედენტოა - ყოველი მომდევნო წელი წინა წლის რეკორდს ამყარებს. შეიძლება რომელიმე კონკრეტულ წელს რეკორდი არ მოიხსნას, მაგრამ საერთო დინამიკა ზრდადია. ეს საგანგაშო სიტუაციაა, რადგან პროცესი გაგრძელდება და არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში მაღალი ტემპერატურები არ გვექნება. არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ცხელი ზაფხული გველის.

- ახლა ამ თემასთან დაკავშირებით, ვის მიმართავდით და რას ეტყოდით?

- პირველ რიგში, მივმართავდი საქართველოს ხელისუფლებას - მოქმედების დროა! არ შეიძლება კლიმატის შესახებ კანონის მომზადება წამოვიწყოთ (სხვათა შორის, ბრიტანეთის ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით) და შუა გზაზე მივატოვოთ. ასევე აუცილებელია გვქონდეს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ეს გეგმები ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჰქონდათ შემუშავებული. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ მიერ ემისიების შემცირება (შემარბილებელი ღონისძიებები) გლობალურ სურათს ბევრს ვერაფერს შემატებს ან დააკლებს, თუმცა ჩვენი წილი მაქსიმუმი მაინც უნდა გავაკეთოთ - ეს გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციითა და პარიზის შეთანხმებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებაა. მაგრამ, რაც მთავარია, სასწრაფოდ გვჭირდება ადაპტაციის ღონისძიებების გეგმის შემუშავება და კლიმატის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღება, თანაც გამჭვირვალე, საზოგადოებრივი მონაწილეობის პრინციპით.

მაგალითად, თბილისს დიდი ხანია უნდა ჰქონდეს სიცხის ტალღების მართვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გეგმა. ქმედება დღესვეა დასაწყები, ხვალ უკვე დაგვიანებული იქნება. ერთ ირონიულ მაგალითსაც მოვიყვან: დღეს ქართველი ჰიდროენერგეტიკოსები წუწუნებენ, რომ თურქეთში ელექტროენერგიას ვეღარ ყიდიან, რადგან თურქეთმა თავად განავითარა მძლავრი ალტერნატიული მზის ენერგეტიკა და გარე იმპორტი აღარ სჭირდება.

ჩვენც მზიანი ქვეყანა ვართ და როდის ვაპირებთ სწორი, მზის ენერგეტიკის განვითარებას? ეს საშუალებას მისცემს მოსახლეობას, დაზოგოს თანხები, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ვიწრო კერძო ინტერესებმა და ცალკეულმა გავლენიანმა ჯგუფებმა მიიღონ სარგებელი ჰიდროენერგეტიკიდან, რომლის პროდუქტსაც მეზობელ ქვეყნებში როგორც აღმოჩნდა ვეღარც ვყიდით.ერთ საკითხსაც დავამატებდი: დღეს მეცნიერება (ე.წ. „ატრიბუციის (მიკუთვნების) მეცნიერება“) იმდენად განვითარდა, რომ ექსტრემალური კლიმატური მოვლენების დასრულებისთანავე, - „პირდაპირ რეჟიმში“ - შეუძლიათ შეაფასონ, ესა თუ ის ანომალია ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის გლობალური ცვლილებითაა განპირობებული თუ ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. 20 წლის წინ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.

მიმდინარე სითბური ტალღები ევროპაში ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებითაა განპირობებული (წყარო: Climate Central) ყველას ვურჩევ, ზაფხულში თვალი ადევნოს ClimateShift Index-ს (კლიმატის ცვლილების ინდექსი იხ. https://csi.climatecentral.org/climate-shift-index). ეს არის ამერიკული სამეცნიერო არასამთავრობო ორგანიზაციის, Climate Central-ის მიერ შემუშავებული პორტალი, რომელიც კლიმატის ატრიბუციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ზუსტად გვიჩვენებს, რა მდგომარეობაში ვართ ტემპერატურის მხრივ და რა გველის უახლოეს დღეებში. მე პირადად გასულ წელს მთელი ივლისის განმავლობაში ვაკვირდებოდი სითბურ ტალღებს საქართველოში და ეს პორტალი ძალიან ზუსტად აღწერს კლიმატის მდგომარეობას და უახლოეს პროგნოზს. ]

წაიკითხეთ ასევე: