ავტორი:

ბიკინების ბრენდის მფლობელი, სერიალების ვარსკვლავი და მათ შორის ქართველი ნიცა - რას წერს უცხოური მედია "არსენალისა" და "პსჟ-ს" ფეხბურთელების საყვარელ ქალებზე

ბიკინების ბრენდის მფლობელი, სერიალების ვარსკვლავი და მათ შორის ქართველი ნიცა - რას წერს უცხოური მედია "არსენალისა" და "პსჟ-ს" ფეხბურთელების საყვარელ ქალებზე

გასულ უქმეებზე „არსენალი“ და „პსჟ“ მოედანზე ევროპული დიდებისთვის შეებრძოლნენ ერთმანეთს, რითაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი გრანდიოზულად დასრულდა. თუმცა, მწვანე მინდვრის მიღმაც ბევრი რამ ხდებოდა, სადაც ტრიბუნებს ფეხბურთელების საყვარელი ქალბატონები ამშვენებდნენ.

გაიცანით ის გლამურული ცოლები და მეგობარი გოგონები, რომლებიც ფეხბურთელებს ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზეც გვერდით ედგნენ – ბიკინების ბრენდის მფლობელიდან დაწყებული, პორტუგალიელი ვარსკვლავებითა და სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებით დასრულებული

ტატიანა ტრუბული

ტატიანა ტრუბული „არსენალისა“ და ესპანეთის ნაკრების მეკარის, დავიდ რაიას ულამაზესი მეუღლეა. ბარსელონელმა ლამაზმანმა, რომელიც წარსულში ესპანეთის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობდა, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელთან პაემნებზე სიარული 2021 წლიდან დაიწყო. მათ ურთიერთობა საჯარო 2022 წელს გახადეს, გასულ ივლისს კი, რომანტიკული ნიშნობის შემდეგ, ქორწინებით დააგვირგვინეს.

წყვილს პირველი საერთო შვილი, ბიჭუნა სახელად რიო, მარტში შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ტატიანა ძირითადად კამერების წინ ყოფნას იყო ჩვეული, ახლა სამოდელო კარიერა დიზაინერობით ჩაანაცვლა და საკუთარი სახელით ბიკინების ბრენდი „TRBL“ ჩაუშვა.

ტოლამი ბენსონი

ბუკაიო საკა მიმდინარე სეზონში „არსენალს“ პრემიერ ლიგის ტრიუმფში დაეხმარა, თუმცა ის ამას ტოლამი ბენსონის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა. 25 წლის მოდელი და ინფლუენსერი, გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავს თინეიჯერობის ასაკიდან ხვდება, თუმცა დიდხანს ცდილობდა ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყო.

წყვილი გასულ ნოემბერში, „ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში“ მოწყობილი რომანტიკული საღამოს შემდეგ დაინიშნა. ბენსონი მთელი სეზონის განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს თავის რჩეულს და მატჩებზე ხშირად „არსენალის“ სამოსით ჩნდებოდა. ინსტაგრამზე მას 275 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, სადაც ახლახან მოდის გიგანტ River Island-თან კოლაბორაციით შექმნილი ტანსაცმლის საკუთარი კოლექციაც წარადგინა.

ჰელენ სპილინგი

მარტინ ედეგორი თავის ოჯახში ერთადერთი როდია, ვისაც ტიტულები აქვს მოპოვებული – მისი მეუღლე ნორვეგიელი მოცეკვავე, ვარსკვლავი ჰელენ სპილინგია. 30 წლის ჰელენი სამშობლოში ტელეეკრანების ხშირი სტუმარია; მან საცეკვაო კარიერა 17 ეროვნული ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაასრულა და ამის შემდეგ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნორვეგიული ვერსიის ერთ-ერთი მუდმივი მოცეკვავე გახდა.

საოცარი გარეგნობის არტისტი ოსლოში საკუთარ საცეკვაო სტუდიას ფლობს. გარდა ამისა, იგი საიუველირო ბრენდ Thune-ის ამბასადორია და მას რეგულარულად უწევს რეკლამას ინსტაგრამზე, სადაც 185 000 გამომწერი ჰყავს. სპილინგმა კაპიტანზე გასულ ზაფხულს იქორწინა (ქორწილს ფეხბურთელის თანაგუნდელებიც ესწრებოდნენ), მანამდე რამდენიმე თვით ადრე კი წყვილს ვაჟი შეეძინა.

სოფია ვებერი

სოფია ვებერი კაი ჰავერცის ცხოვრებაში ბავშვობიდან ჩნდება, რადგან ისინი გერმანიის ერთსა და იმავე ქალაქში გაიზარდნენ. მათ პაემნებზე სიარული 2018 წელს დაიწყეს, როდესაც ჰავერცი „ბაიერ ლევერკუზენში“ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ყალიბდებოდა. მოგვიანებით მათ ერთად გადაინაცვლეს ლონდონში, სადაც კაიმ ჯერ „ჩელსიში“, ახლა კი „არსენალში“ დაიწყო თამაში.

სოფიას ინსტაგრამზე თითქმის 500 000-იანი აუდიტორია ჰყავს, რომელთაც თავისი გლამურული საშინაო ცხოვრებისა და მდიდრული მოგზაურობების კადრებს უზიარებს. წყვილმა საბოლოოდ 2024 წელს იქორწინა, მომდევნო წლის მარტში კი მათ ვაჟი შეეძინათ.

იზაბელა რუსო

გაბრიელ მარტინელის გლამურული საცოლე, იზაბელა რუსო, ბრაზილიელი ინფლუენსერი და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც უნივერსიტეტს 2026 წელს ასრულებს. მოდის, მაკიაჟისა და მოგზაურობის კონტენტის შემქმნელი თავის დროს ლონდონს, ბრაზილიასა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მოგზაურობას შორის ანაწილებს.

მარტინელისთან ურთიერთობის დეტალებს იგი საიდუმლოდ ინახავს, თუმცა ცნობილია, რომ ისინი დანიშნულები არიან. რუსომ გაამხილა, რომ ამ ზაფხულს არა ერთი, არამედ ორი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავენ – ერთის ინგლისში, მეორის კი ბრაზილიაში.

ინეს აგიარი

ვიქტორ დიოკერესის ურთიერთობა მსახიობ ინეს აგიართან მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. 27 წლის ინესი მშობლიურ პორტუგალიაში სერიალების პოპულარული მსახიობია. სწორედ იქ შეხვდა და შეუყვარდა ფეხბურთელი 2021 წელს, როდესაც ეს უკანასკნელი „სპორტინგში“ თამაშობდა. მათი ურთიერთობა 2025 წლის ზაფხულში შეწყდა, როდესაც დიოკერესმა „არსენალში“ გადასვლის გამო პორტუგალიასთან ყველა კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტა.

თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი შესაძლოა ისევ ერთად იყოს. აგიარი შენიშნეს შვედი ფორვარდის მატჩზე „მენსფილდის“ წინააღმდეგ ასოციაციის თასზე, რის შემდეგაც აპრილში ფეხბურთელი ლისაბონში გაფრინდა მასთან ერთად მდიდრულ რესტორანში სავახშმოდ.

ნიცა თავაძე

ნიცა თავაძე არის ქალი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მწვერვალებისკენ სწრაფ აღმავლობას უმაგრებს ზურგს. როდესაც წყვილმა ერთმანეთი 2021 წელს (გავრცელებული ინფორმაციით, საერთო მეგობრის მეშვეობით) გაიცნო, ნიცა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

მათ 2023 წლის ოქტომბერში იქორწინეს და მომდევნო ზაფხულს პირველი შვილი შეეძინათ. სხვა მხრივ, თავაძე პირად ცხოვრებაზე ბევრ დეტალს არ აზიარებს. მან ძალები სამოდელო სფეროშიც მოსინჯა და მონაწილეობა მიიღო თბილისში ბაზირებული ლუქს-კლასის მოდის მაღაზია Boygar’s-ის ფოტო კამპანიაში, რომელიც ინსტაგრამზე თავის 200 000 გამომწერსაც გაუზიარა.

ქეროლ კაბრინო

ქეროლ კაბრინო ბრაზილიელი მცველისა და „პსჟ-ს“ რეკორდსმენის (ჩატარებული მატჩების მიხედვით), მარკინიოსის ინფლუენსერი მეუღლეა. მომღერალი და ყოფილი რეალითი შოუს ვარსკვლავი ასევე ფეხბურთელის მშობლიური ქალაქიდან, სან-პაულუდანაა, თუმცა მასთან საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.

ისინი 2015 წელს დაინიშნენ, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა მას ხელი ეიფელის კოშკის ქვეშ სთხოვა. მომდევნო წელს დაქორწინდნენ, კიდევ ერთ წელში კი პირველი შვილი შეეძინათ. მეორე შვილი 2019 წელს შეეძინათ, მესამე კი – 2022-ში. ბედნიერმა დედამ, კაბრინომ, საბავშვო ტანსაცმლის საკუთარი ბრენდიც კი შექმნა და სოციალურ ქსელებში ხშირად აზიარებს ოჯახურ კონტენტს.

ვიქტორია ტრიაი

ვიქტორია ტრიაი „პსჟ-ს“ მცველის, ლუკას ერნანდესის გლამურული და ნიჭიერი პარტნიორია. წარმატებულ მოდელს წარდგენილი აქვს მსოფლიოს ისეთი უდიდესი ბრენდები, როგორებიცაა Dolce & Gabbana, Yves Saint Laurent და Versace.

თუმცა, როდესაც კამერების წინ არ პოზირებს, იგი კრივში ვარჯიშობს. მან მუაი ტაის (ტაილანდური კრივი) ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო და ფორმის შესანარჩუნებლად დღემდე აქტიურად მისდევს. ბრაზილიაში დაბადებულმა ვარსკვლავმა საფრანგეთის ნაკრების წევრთან შვილი 2025 წლის ივნისში შეძინა – გოგონა, სახელად ლუა ვიქტორია ერნანდესი. მან სამშობიაროში გადაღებული ვიდეო თავის 1.8 მილიონ გამომწერს გაუზიარა.

ტატიანა რენდეირო ტორესი

ვიტინიას პარტნიორი ტატიანა რენდეირო ტორესია – მისი თინეიჯერობის დროინდელი სიყვარული, რომელიც პორტუგალიელი ვარსკვლავის გვერდითაა მისი კარიერის თითქმის მთელი გზის განმავლობაში. 2000 წელს დაბადებულმა გოგონამ ნახევარმცველთან შეხვედრები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ფეხბურთელი „პორტუს“ ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა.

შემდეგ გაჰყვა დიდ ბრიტანეთში, როცა ვიტინია „ვულვზში“ თამაშობდა, 2022 წელს კი მასთან ერთად პარიზში დამკვიდრდა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ: 2021 წელს დაბადებული მაფალდა და 2025 წლის აპრილში დაბადებული მადალენა. სხვა მხრივ, ტორესი ამჯობინებს თავისი პირადი ცხოვრება ჩრდილში დატოვოს.

ანგელინა ზაბარნა

ანგელინა ზაბარნა ილია ზაბარნის რჩეულია. ფეხბურთელს ეჭვი არ ეპარება მოდელისა და ლინგვისტის ერთგულებაში – ისინი სკოლის პერიოდიდან ერთად არიან. ოფიციალურად შეხვედრები 2018 წელს დაიწყეს, 2023 წელს კი მშობლიურ ქალაქ კიევში დაქორწინდნენ.

ზაბარნა წარსულში მოყვარული ტანმოვარჯიშე იყო – ამ სპორტს ბავშვობაში პიანინოზე დაკვრასთან ერთად უთმობდა დროს, თუმცა პროფესიად არ უქცევია. ამის ნაცვლად, მან ენების შესწავლა დაიწყო და დააარსა ენების სკოლა „Vilno School“, სადაც ხელმისაწვდომია ინგლისური, ფრანგული, ესპანური, იტალიური და გერმანული ენების კურსები.

მადალენა არაგაო

ნახევარდაცვის ვარსკვლავი ჟოაუ ნევეში ურთიერთობაშია პორტუგალიელ მსახიობ მადალენა არაგაოსთან. 20 წლის მადალენა თავის სამშობლოში ამომავალი ვარსკვლავია და მონაწილეობა მიიღო სერიალში „A Fazenda“, სადაც დიოკერესის პარტნიორ ინეს აგიართან ერთად თამაშობდა.

როდესაც სამსახიობო კარიერის გამო წითელ ხალიჩებზე არ დგას, იგი ისეთი კოსმეტიკური გიგანტებისთვის მუშაობს მოდელად, როგორებიცაა L’Oreal და La Roche-Posay. ვარსკვლავი არ მალავს თავის მხარდაჭერას პარტნიორისა და „პსჟ-ს“ მიმართ და რეგულარულად აზიარებს ფოტოებს, სადაც სტადიონის ტრიბუნებზე ან ყოველდღიურ ცხოვრებაში კლუბის სიმბოლიკიანი სამოსით პოზირებს.

წაიკითხეთ ასევე: