ავტორი:

"ფარუხი სახლში იყო, როცა დედამ მოკლა..." - ბოლნისში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები: არსებული ინფორმაციით, ოჯახმა მომხდარის დამალვა სცადა

"ფარუხი სახლში იყო, როცა დედამ მოკლა..." - ბოლნისში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები: არსებული ინფორმაციით, ოჯახმა მომხდარის დამალვა სცადა

ტრაგედია დატრიალდა ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში. დედამ 7 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული 7 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.

"ფარუხ ჩვენო საოცარო! ტირის შენი სკოლა!" - წერია სამძიმრის წერილში, რომელსაც ის სკოლა ავრცელებს, სადაც მოკლული პატარა სწავლობდა.

AMBEBI.GE სკოლა "გეტას" დირექტორს ესაუბრა:

"ძალიან საყვარელი ბავშვი იყო ფარუხი, ჩვენი სკოლის მოსწავლეა, შვიდი წლის. გუშინ კვირა იყო და სახლში იყო ბავშვი, იქ მოხდა ეს ამბავი. ფარუხი მეზობელი სოფლიდან დადიოდა ჩვენთან, ორი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა, მის დედას ვიცნობთ, სკოლაში აკითხავდა, არაფერი საეჭვო ჩვენ არასოდეს შეგვიმჩნევია. ძალიან კარგი ბავშვი იყო, ყოჩაღი, არ ვიცით რა მოხდა, რატომ გაიმეტა შვილი მოსაკლავად. ახლა გავიგეთ ეს ამბავი. როგორც ვიცით, ბავშვი დედას მოუკლავს, შესაძლოა მიზეზი მისი ფსიქიკური მდგომარეობა იყოს, სხვანაირად ვერ აგვიხსნია რატომ უნდა მოეკლა შვილი. რა და როგორ მოხდა, არ ვიცით. აზერბაიჯანის მოქალაქეა დედა, სვეტლანა ახმედოვა, ბავშვის მამა საქართველოს მოქალაქეა. კიდევ ჰყავთ ბიჭი და გოგო როგორც ვიცი. სხვას ვერაფერს გეტყვით. ძალიან განვიცდით მომხდარს" - ამბობს გეტას საჯარო სკოლის დირექტორი.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ქალმა ვაჟი მაკრატლის გამოყენებით მოკლა, შემდეგ კი სამზარეულოს დანით თვითმკვლელობა სცადა.

მეზობლების მონაყოლის თანახმად, "სახლში მოკლული ბავშვის გარდა მისი მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ".

„წუხელ ღამე გავიგეთ, რომ ჩვენმა მეზობელმა, სვეტლანამ, მაკრატლით შვილი მოკლა. სახლში მოკლული ბავშვის გარდა, მისი მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ. მე როგორც გავიგე, მათ თვალწინ სამზარეულოდან მაკრატელი აიღო და 8 წლის ფარუხის გულში ჩაარტყა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული ქალი დაკავებულია.

წაიკითხეთ ასევე: