1-ელ ივნისს ბათუმში ე.წ ბონის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას, შეიარაღებულმა დამნაშავემ 43 წლის მამაკაცს რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები აღენიშნებოდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ტროტუარზე იდგა, როცა მკვლელმა სამიზნეს შვილის თვალწინ 8 ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"როლიკა დავითაძე საბერძნეთში მუშაობდა და ხელვაჩაურში 1 წლის წინ დაბრუნდა. მშრომელი და პატიოსანი ბიჭი იყო. ის და მისი მკვლელი შარაშიძე (სახელი არ ვიცი) მეგობრები და ფერიაში მეზობლები ყოფილან.
არ ვიცით, რას ერჩოდა, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ზუსტად არ ვიცით... იმ საბედისწერო დღეს როლიკას ცოლი მიუყვანია სალონში და შვილთან ერთად გარეთ ელოდა. თვითმხილველების თქმით, როგორც კი შარაძიძეს ტროტუარზე დაუნახავს, იარაღი ამოუღია და დაუმიზნებია. როლიკას დაუყვირია, არ მესროლოო. 8 ტყვია დაახალა, ძირითადად ფეხებში ესროდა თურმე.
როგორც თქვეს, ერთადერთი სასიკვდილო ტყვია გულზე დაკიდებულ ჯვარს მოხვდა, ტყვიას ჯვარი სხეულში შეუტანია. როლიკას სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის უთქვამს მკვლელის ვინაობა. სამწუხაროდ, დაჭრილი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა. მკვლელი არაა დაკავებული, ის ბოლოს 1-ლი ივნისის ღამით დაუნახავთ ფერიის სასაფლაოზე. როგორც გავიგეთ, პოლიციამ მკვლელის სახლის ჩხრეკის დროს ბევრი სახეობის იარაღი ამოიღო" - გვიყვებიან ადგილობრივები.
წაიკითხეთ ასევე: