ავტორი:

"გამორიცხულია, მის ასეთ აუტანელ ხასიათს შევგუებოდი" - სკანდალი დიდი დაპირისპირების წინ: ილია თოფურიას პერფორმანსი და მეტოქე, რომელიც "მატადორის" პირადს შეეხო

"გამორიცხულია, მის ასეთ აუტანელ ხასიათს შევგუებოდი" - სკანდალი დიდი დაპირისპირების წინ: ილია თოფურიას პერფორმანსი და მეტოქე, რომელიც "მატადორის" პირადს შეეხო

თეთრი სახლში დაგეგმილ UFC Freedom 250-ის ტიტულოვან ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ილია თოფურიასთან შეხვედრის მოახლოებასთან ერთად, მსუბუქი წონის დროებითმა ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ Fox Sports Australia-სთან ინტერვიუში მეტოქე მიწასთან გაასწორა. გეიჯიმ თოფურიას არა მხოლოდ უხეში სიტყვებით მიმართა, არამედ მის პირად ცხოვრებასაც კი შეეხო და რამდენიმე თვის წინ მომხდარი ხმაურიანი განქორწინება შეახსენა.

თოფურიას თეთრი ვარდი და გეიჯის ირონია

ეს ყველაფერი UFC-ის ახალ პრომო ვიდეოს მოჰყვა, სადაც ილია თოფურიამ (მეტსახელად „ელ მატადორმა“) ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო - ჯასტინ გეიჯის ფოტოს წინ თეთრი ვარდი დადო, რითაც მიანიშნა, რომ ოქტაგონზე მისი შემდეგი „მსხვერპლი“ სწორედ ჯასტინია.

მოგვიანებით, თოფურიამ ეს კადრები ინსტაგრამზეც ატვირთა. კულისებიდან გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ მან თეთრი ვარდები გეიჯის გარდა თავისი იმ ყოფილი მეტოქეების სურათებსაც დაულაგა, რომლებიც უკვე ჰყავს ნოკაუტში ჩაგდებული - ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას.

გეიჯი თოფურიას ამ მოქმედით ვერ მოიხიბლა და პასუხად საკმაოდ უხეშად მიმართა:

"ეგ ტიპი ერთი ჩვეულებრივი მასხარაა. ხან თავს მეფეს უწოდებს, ხან კიდევ ღმერთი ჰგონია საკუთარი თავი. საშინლად გამაღიზიანებელია. ვერც კი წარმოვიდგენ, მასთან ერთად ერთ ოთახში 30 წუთი როგორ უნდა გავძლო და იმას ვუსმინო, თუ როგორ აფანატებს საკუთარ თავზე.“

საქმე ამით არ დასრულებულა - გეიჯიმ ბრძოლა უფრო პირადულ ჭრილში გადაიტანა და თოფურიას ყოფილ ცოლთან, ჯორჯინა უსკატეგუისთან დაშორებაზე ჩამოაგდო სიტყვა:

"მხოლოდ ერთს ვიტყვი - მეც მივატოვებდი. აი, სულ ესაა. გამორიცხულია, მის ასეთ აუტანელ ხასიათს შევგუებოდი.“

თუმცა, გეიჯიმ იქვე დასძინა, რომ ეს თავდაჯერებულობა თოფურიას ამ ეტაპზე მაინც ეხმარება:

"ყველანი ვიყავით ერთ დროს ახალგაზრდები და სულელები. ფაქტია, ჯერჯერობით ეს ამბავი მასზე მუშაობს - ხალხს სჯერა მისი, რადგან თავად არის დარწმუნებული საკუთარ თავში, რაც მართლაც საოცარია.“

ჯასტინი იმედოვნებს, რომ ილიას ამბიციებს ისევე სწრაფად ჩააცხრობს, როგორც ეს თავის დროზე პედი პიმბლეტის შემთხვევაში გააკეთა:

"პედიც ზუსტად ასე იყო - საკუთარი თავით გაგიჟებული. ცხოვრებაში ასეთი მიდგომა კი ძალიან ცუდად ბრუნდება ხოლმე, როცა გგონია, რომ ყველაზე მაღლა დგახარ.“

  • მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ თოფურიას წინააღმდეგ მომზადებულ ტაქტიკას საიდუმლოდ ინახავენ, გეიჯიმ და მისმა ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ტრევორ ვიტმანმა, გულშემატკივრებს გაუზიარეს, თუ როგორ ემზადებიან ღია ცის ქვეშ, ვაშინგტონის აუტანელ სიცხესა და ტენიანობაში საბრძოლველად.

თავის იუთუბ სერიალში ვიტმანმა საინტერესო საწვრთნელ მეთოდზე ისაუბრა:

"ბრძოლა გარეთ, ვაშინგტონში გვაქვს, სადაც ზაფხულში საშინელი, ჩახუტებული სიცხეა. ჯო როგანმაც გამოთქვა ამაზე წუხილი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. თავიდან ჯასტინს ვარჯიშის დაწყებამდე საუნაში ვსვამდით. ახლა კი ტაქტიკა შევცვალეთ - ჯერ გულისცემას ვუჩქარებთ და საუნაში უკვე გახურებული, მაღალი პულსით შედის.“

მწვრთნელის თქმით, გეიჯი სპეციალურ წრიულ ვარჯიშებს აკეთებს, რაც ძალას, გამძლეობას, ფეთქებადობასა და კუნთების სწრაფ რეაქციას ავითარებს.

„საუნიდან რომ გამოდის, ისეთ მძიმე დატვირთვებს უძლებს, თითქოს მზის დაკვრა ჰქონდეს. მის სხეულს წინასწარ ვაჩვევთ იმ კლიმატს, რაც იქ დახვდება. ჯასტინი ფანტასტიკურ ფორმაშია.“

ეს თავად მებრძოლმაც დაადასტურა:

"მაგალითად, დღეს 10 წუთი სახტუნაოთი ვივარჯიშე, მერე 15 წუთი საუნაში ვიჯექი და სხეული მაქსიმალურად გავაცხელე. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე ჩემი ძირითადი, უმძიმესი 7 რაუნდიანი ვარჯიში. შეიძლება მომავალ კვირას წვიმა წამოვიდეს და ტენიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს - ზუსტად არავინ იცის. მაგრამ რა პირობებიც არ უნდა იყოს, თოფურიასაც ზუსტად იმავე ჯოჯოხეთის გავლა მოუწევს, რაც მე.“

წაიკითხეთ ასევე: