თბილისში, მტკვარში 3 ივნისს გადავარდნილ ავტომობილსა და მის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ბიჭის ოჯახის წევრები და თანასოფლელები. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი “ჯეტას” მარკის ავტომობილით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით გადაადგილდებოდა, როცა მას უკნიდან მანქანა დაეჯახა.
"სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა, წყალში გადავარდა, მალევე აღარ ჩანდა მანქანა, ჩაიძირა. ვიღაცის დაუდევრობამ და შეჯახებამ შეიწირა ეს ადამიანი, უკნიდან შეეჯახნენ და გადააგდო სხვა მანქანამ" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი ადამიანი წერს, რომ შემთხვევა გალაკტიონის ხიდზე მოხდა.
"მტკვარში გადავარდნილ მანქანას დაეჯახა მერსედესის მძღოლი, მოუვიდათ ავარია, შემდეგ შეეჯახნენ "პრიუსს". "პრიუსის" მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, როგორც ვიცი, "მერსედესის" მძღოლს მტკვარში გადავარდნილ ბიჭს ეძებენ. ეგ საწყალი ბიჭი დაიღუპა” - ამბობს ერთ ერთი მოქალაქე.
მტკვრის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გავრცელებული ცნობით, წყალში მანქანა უკნიდან ძლიერი შეჯახების შედეგად გადავარდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
რაჟდენი ჭიათურის სოფელ ითხვისიდან იყო და თბილისში ხელობაზე მუშაობდა. გლოვაა მის მშობლიურ სოფელში.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეს ეძებენ მაშველები. რაჟდენი დაოჯახებული იყო, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობდა. მღებავი იყო და მუშაობდა ხელობაზე. გუშინ გვიან გავიგე ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცდი. როგორც ამბობენ, სხვა მანქანა დაეჯახა. უპატიოსნესი ბიჭია, მთელი სოფელი ჩასულია დიდი და პატარა იქ დგას და ეძებენ. ძალიან პატიოსანს ოჯახში გაზრდილი, თვითონაც უწესიერესი ბიჭი, ძალიან კარგი ოჯახი შექმნა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ახლა ჩვენს სოფელში. მთელი სოფელი განიცდის, აქ ცხოვრობს მისი დედა, მამა რუსეთშია. ჯერ არ მივსულვარ ოჯახში, რადგან გუშინ გვიან გავიგე ეს ამბავი.
ძალიან, ძალიან კარგი ახალგაზრდაა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა ამას გეტყვით. ახლა ველაპარაკებოდი ჩემს თანასოფლელებს და ამბობენ, იმდენი ადამიანია ჩამოსული რაიონიდან, მაშველებს უკვირთ ეს ხალხი სულ ყველა ერთი რაიონიდან ხართ ჩამოსულიო?. მთელი უბნის ახალგაზრდობა ჩასულია, ყველა განიცდის. არ ვიცი ამ ახალგაზრდამ, ამ პატარა დროში როგორ შეაყვარა ასე თავი მთელ სოფელს. ძალიან დიდი სოფელია ჩვენი სოფელი. ავარიის დეტალებს ალბათ სამართალდამცავები იძიებენ. ის შემიძლია გითხრათ, რომ რაჟდენს "ჯეტა ჰყავდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მერსედესი შეეჯახაო" - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ითხვისში ბატონი დავით მოცრაძე.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.
წაიკითხეთ ასევე: