ცნობილი ესპანელი მომღერალი ენრიკე იგლესიასი სოციალურ ქსელებში კრიტიკის ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ გულშემატკივარს ტუჩებში კოცნის.
ვირუსულად გავრცელებული კადრები რეალურად რამდენიმე წლის წინ, ლას-ვეგასში გამართული შეხვედრის დროს არის გადაღებული, თუმცა მომღერალმა ვიდეო ახლახან ხელახლა გააზიარა, რამაც მისი გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.


მომღერლის ზოგიერთი თაყვანისმცემელი ფიქრობს, რომ მსგავსი ქცევა მისი მრავალწლიანი პარტნიორის, ანა კურნიკოვას მიმართ უპატივცემულობაა. კომენტარებში არაერთმა მომხმარებელმა იკითხა, ხომ არ დაშორდა წყვილი ერთმანეთს.
“ის ისევ ანასთანაა?“, “ანა ალბათ გაბრაზებულია“; “ასეთი ვიდეოს გაზიარება არ იყო საჭირო,“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
თუმცა, ენრიკე იგლესიასს მსგავსი კრიტიკისთვის წარსულშიც უპასუხია. ორი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ ანა კურნიკოვა მის საქციელს კარგად იცნობს და ეჭვიანობის საფუძველი არ აქვს.


“მიყვარს ჩემ გულშემატკივრებთან ჩახუტება, მათთან ფოტოების გადაღება და მათგან სიყვარულის მიღება. ანამ იცის, რომ ეს ჩემი შოუს ნაწილია“, - ამბობდა მომღერალი.
ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა 2001 წლიდან არიან ერთად. მათ ერთმანეთი მუსიკალური ვიდეოს Escape-ის გადაღების დროს გაიცნეს. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს და მიუხედავად მრავალწლიანი ურთიერთობისა, პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ იშვიათად საუბრობენ.
იხილეთ ასევე: