ბაქირქოის რესპუბლიკური პროკურატურის მიერ ცნობილი სახეების წინააღმდეგ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ეჭვმიტანილთა სამედიცინო შემოწმების შედეგები გასაჯაროვდა.
სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, რომელიც სტამბოლის რამდენიმე რაიონსა და მუღლაში 25 მისამართზე განხორციელდა, 20 პირი დააკავეს. მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები. დაკავებულები სამედიცინო შემოწმების შემდეგ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, სადაც მათგან სისხლის, შარდისა და თმის ნიმუშები აიღეს. ამ ეტაპზე 9 პირი გათავისუფლდა, 11 კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
ვინ აღმოჩნდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ?სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (ATK) დასკვნის მიხედვით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
დადებითი შედეგები სხვადასხვა ნივთიერებაზე:
ონურ ტუნა (მსახიობი) და ოზგიურ დენიზ ჯელატი (ინფლუენსერი): სისხლში, შარდსა და თმის ნიმუშებში აღმოჩნდა კანაფის (მარიხუანას) კვალი.
ფატმა ულუდან გუგუნი (მომღერალი) და ქუბრა იმრენ სიაჰდემირი (ფრენბურთელი): ასევე დაუდასტურდათ კანაფის მოხმარება სამივე სახის ნიმუშში.
ზეჰრა ჰანზადე გურკანლარი: ექსპერტიზამ სამივე ნიმუშში კოკაინის არსებობა დაადასტურა.
ოსმან ჰაირან ჯანევი (ხელოვანი): ნიმუშებში გამოვლინდა კანაფის კვალი.
ფეიზა ჯიველექი და მეჰმედ რაჰშანი:
მსახიობ ფეიზა ჯიველექის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა, თუმცა შარდის ანალიზში დაფიქსირდა კოკაინი, ასევე თმის ღერში კოკაინის კვალი დადასტურდა.

ცნობილი სახეების ექიმად წოდებული მეჰმედ რაჰშანის შემთხვევაში (რომელიც სასამართლომ დააპატიმრა), შარდში კოკაინი, ხოლო თმაში მეტამფეტამინი და კოკაინი აღმოჩნდა.
ნარკოტიკი არ დაუდასტურდათ: ტუღჩე პოსტოღლუს, სერენაი სარიქაიას, ბერქაი შაჰინს, ჯანსუ თექინსა და მირგუნ ჯაბასს ჩატარებული ანალიზების შედეგად ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებები არ აღმოაჩნდათ.
რა ბედი ელის ფეიზა ჯიველექს სერიალში?
შედეგების გასაჯაროების შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ საკითხს: დატოვებს თუ არა მსახიობი ფეიზა ჯიველექი პოპულარულ სერიალს „შერბეთი“, სადაც ნილაის როლს თამაშობს. საზოგადოებას ახსენდება მსახიობ დოღუკან გუნგორის შემთხვევა, რომელმაც მსგავსი ბრალდებების შემდეგ სერიალი დატოვა.

ფეიზა ცნობილი თურქი სცენარისტი მელის ჯიველექის ქალიშვილია. სწორედ ამ კავშირს უსვამენ ხაზს სოციალურ ქსელებში და მედიაში, როდესაც საუბრობენ იმაზე, დარჩება თუ არა ის სერიალში.
ამ ამბავს გამოეხმაურა ცნობილი მოდელი დენიზ აქკაია, რომელმაც სოციალურ ქსელში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პროდიუსერებისა და სცენარისტების პოზიცია: "ახლა რა მოხდება? როგორი იქნება პროდიუსერის დამოკიდებულება? შეძლებს თუ არა სცენარისტი საკუთარი ქალიშვილის სცენარიდან გაყვანას?"
ამ ეტაპზე არც საპროდიუსერო კომპანიას და არც თავად მსახიობს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. გამოძიება გრძელდება ბაქირქოის რესპუბლიკური პროკურატურის ზედამხედველობით.
წაიკითხეთ ასევე: