ავტორი:

სულ მცირე 35 დაღუპული, 140-მდე დაშავებული და დაკარგულები - საგანგებო რეჟიმი ფილიპინებში: მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო)

სულ მცირე 35 დაღუპული, 140-მდე დაშავებული და დაკარგულები - საგანგებო რეჟიმი ფილიპინებში: მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო)

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, მინდანაოს კუნძულის სანაპიროსთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 134 კი დაშავდა. სტიქიის გამო დაახლოებით 10 000 ოჯახს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ამ დროისთვის 12 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 07:37 საათზე დაფიქსირდა. ძლიერი ბიძგების შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა ფილიპინებში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ავსტრალიაში, თუმცა რამდენიმე საათში განგაში გაუქმდა.

მოგვიანებით, ოკინავასა და სხვა კუნძულებზე 20 სანტიმეტრამდე სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა. ტალღები ასევე შეინიშნებოდა ინდონეზიის, პალაუსა და ფილიპინების სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთზე, სადაც მათი სიმაღლე ზოგიერთ ადგილზე 1.4 მეტრს აღწევდა.

ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა განაცხადა, რომ სამთავრობო უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას კოორდინირებულად უზრუნველყოფენ. მაშველები დაკარგულ ადამიანებს ნანგრევებში და მიმდებარედ ამ დრომდე ეძებენ.

“ეროვნული მთავრობა მოქმედებს. მინდანაოს მოსახლეობას არ მივატოვებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარკოსის გადაწყვეტილებით, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. მიწისძვრის შემდეგ 130-ზე მეტი შემდგომი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრე 1.3-დან 6.7 მაგნიტუდამდე მერყეობდა. მოგვიანებით, სარანგანის მახლობლად, 5.7 მაგნიტუდის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

წყარო

იხილეთ ასევე: