ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს ლუკა ჩხიკვიშვილის ახლობლები უყვებიან, ბიჭს ძვალი ჰქონდა გატეხილი და შესაბამისი ოპერაცია იყო ჩანიშნული. ისინი ექიმების მკაცრად დასჯას ითხოვენ.
"ოჯახის პოზიცია ისა, რომ ყველა პასუხს აგებს. ბავშვი ახლა ექსპერტიზაზეა და არავის შერჩება ის, რაც ჩაიდინეს. ლუკა რომ შეიყვანეს საოპერაციოში, ნარკოზის შეყვანის შემდეგ რეაქცია მოხდა, როგორც ვიცით. საოპერაციოში რა გააკეთეს, დანამდვილებით არ ვიცით. ორი საათის მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაიღუპაო. ექიმები გაიპარნენ. წინასაოპერაციო კვლევებიც ჩაუტარეს, მაგრამ რა კვლევები ზუსტად არც ეგ ვიცით. ერთი ძვალი ჰქონდა გატეხილი, ჯანმრთელი ბავშვი დაღუპეს" - გვიყვება მოზარდის ახლობელი.
ასევე სოციალურ ქსელში წერს მისი დაც: "არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ აღვწერო, ახლაც ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. ჩემი ნერვების მომშლელი, ჯიუტი ბიჭი უკვე აღარ არის... საშინელი ზაფხული დაგვიდგა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი ჯანმრთელი ძმა უბრალოდ მომიკლეს თვალის დახამხამებაში.ხშირად ვჩხუბობდით, ვკამათობდით, მაგრამ ახლა დავაფასე ძმის ფასი. მიყვარხარ და მენატრები, ჩემო ანგელოზო!...".
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს:
"დღეს დილით, 7 საათზე გავიგეთ ეს მძიმე ამბავი. ლუკას დამ დადო სტატუსი და ასე შევიტყვეთ. სხვა არაფერი ვიცით ჯერჯერობით. ლუკა ჩხიკვიშვილი ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. ბავშვი ჰყავდათ ხელის საოპერაციოდ ბათუმში, იაშვილის კლინიკაში წაყვანილი. წუხელ დედამ ჩატში დაწერა, რომ ბავშვს ბათუმში, იაშვილის კლინიკაში ხელის ოპერაციას ვუკეთებთო, რამდენიმე საათში შეიყვანენ საოპერაციოდო. ყველამ რა თქმა უნდა თანადგომა გამოვუცხადეთ და ვუსურვეთ ჯანმრთელობა. ამ დილით, 7 საათზე გავიგეთ მომხდარი, დამ სურათი დადო, ჩემი ძმა აღარ მყავსო. ბავშვი ჯერ ჩამოსვენებული არ არის და არ ვიცით დეტალები. ერთი ეს შემიძლია გითხრათ, რომ ხელი მოტეხილი გქონდა. კვირას წაქცეულა სტადიონზე, თამაშობდა ბავშვებთან ერთად, უბანში რომ სტადიონია იქ და ხელი მოიტეხა. სხვა ვერაფერს გეტყვით. მეშვიდე კლასელია, ანგელოზივით ბავშვი, ძალიან მოწესრიგებული, კარგი მშობლების შვილი პატრონი, ძალიან კარგი ბავშვი. დიდი ტრაგედია. ძალიან გთხოვთ, მეტი არ შემიძლია გითხრათ" - გვითხრა ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეთერ წილოსანმა.
AMBEBI.GE მეტი დეტალის გასარკვევად მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს დაუკავშირდა. კლინიკის პასუხის შემთხვევაში, მათ კომენტარს შემოგთავაზებთ.
წაიკითხეთ ასევე: