ქართველი ემიგრანტი მამუკა ართმელაძე აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დაკავების ცენტრში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 4 ივნისს, ლუიზიანის შტატში მდებარე ვინის სასჯელაღსრულების ცენტრში მოხდა.
"ეს არ ყოფილა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდიდა კრიმინალური დანაშაულისთვის. ეს იყო სამოქალაქო საიმიგრაციო დაკავება.“ - ვკითხულობთ უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამუკა შეერთებულ შტატებში 2022 წლის სექტემბრამდე შევიდა. სასაზღვრო პატრულმა ის იმ თვეშივე დააკავა და დროებით ნება დართო, დარჩენილიყო ICE-ის ზედამხედველობის ქვეშ. 2026 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც ICE-მა დაადგინა, რომ მას აღარ ჰქონდა კანონიერი სტატუსი, ის ალაბამაში დააკავეს.
ის ლუიზიანას შტატში მდებარე „ვინის“ გამასწორებელ ცენტრში გადაიყვანეს – დაწესებულებაში, რომელსაც „ვინის“ პარიშის შერიფის ოფისი და ICE-ის კონტრაქტორი კომპანია „LaSalle Corrections“-ი მართავს. ეს დაწესებულება მანამდეც იყო სერიოზული კრიტიკის ქვეშ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, სამედიცინო მომსახურების ხარვეზების, კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ძალის გადამეტების ფაქტების გამო.
2026 წლის 4 ივნისს მამუკა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პერსონალმა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით „ვინის“ პარიშის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში მისი გარდაცვალება დადგინდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
"მამუკა ართმელაძე დაკავებაზე ბევრად მეტს იმსახურებდა. ის იმსახურებდა მეტს, ვიდრე გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული მოკლე პრესრელიზია. და ის იმსახურებდა მეტს, ვიდრე გამხდარიყო კიდევ ერთი სახელი იმ მზარდ სიაში, რომელშიც შედიან ადამიანები, რომლებიც ICE-ის პატიმრობაში ცოცხლები შევიდნენ და იქიდან ცოცხლები ვეღარ გამოვიდნენ.“ - წერს კრისტიან კუნცი ადვოკატი, სოციალური მუშაობის პროფესორი ამერიკაში.
წაიკითხეთ ასევე: