დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმების განხორციელებას განიხილავს. მისი თქმით, ისლამურ რესპუბლიკას “საფასურის გადახდა მოუწევს“ იმის გამო, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაჭიანურება გადაწყვიტა.

ტრამპმა ირანი ასევე მოლაპარაკებების პროცესში „შეერთებულ შტატებს მოტყუებასა და დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა“
აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარ სოციალურ ქსელ “Truth Social“ -ზე აშშ-ის “Apache“-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების გამო ირანს საპასუხო დარტყმებით დაემუქრა.

“მათ მეტისმეტად დიდხანს დააყოვნეს ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც მათთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა. ახლა ამის გამო საფასურის გადახდა მოუწევთ!!!“ - დაწერა ტრამპმა ოთხშაბათ დილით.

გარდა ამისა აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ხელმძღვანელობა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
“ირანის სამხედრო ძალები სრულ და აბსოლუტურ ქაოსში არიან. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის საზღვაო და საჰაერო ძალები, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ისინი მთლიანად დამარცხდნენ. ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს. ახლო აღმოსავლეთის მოძალადე მკვდარია!!!“ დასძინა მან.
მანამდე ტრამპი ამბობდა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევის მცდელობები “დასკვნით ეტაპზე იყო და კომპრომისი შესაძლოა ორი-სამი დღის განმავლობაში“ მიღწეულიყო.

თავის მხრივ ოთხშაბათს 10 ივნისს, ირანმა სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებს აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციები შეჩერებისკენ მოუწოდა. ამასთან, თეირანმა განაცხადა რომ იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც საკუთარი ტერიტორიებისა და ობიექტების გამოყენებას ირანის წინააღმდეგ არ აღკვეთენ, დამატებითი თავდასხმები კვლავ გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: