ავტორი:

რას მალავს ანტარქტიდა? - მეცნიერებმა ყინულოვანი ფარის სიღრმეში გიგანტური, იდუმალი გეოლოგიური სტრუქტურა აღმოაჩინეს

რას მალავს ანტარქტიდა? - მეცნიერებმა ყინულოვანი ფარის სიღრმეში გიგანტური, იდუმალი გეოლოგიური სტრუქტურა აღმოაჩინეს

აღმოსავლეთ ანტარქტიდის სიღრმეში მეცნიერებმა იდუმალი გეოლოგიური სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც გაშლილი თითების მქონე ადამიანის ხელის მტევანს წააგავს. ეს მიგნება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გაყინული კონტინენტი კვლავ უამრავ გეოლოგიურ საიდუმლოს მალავს.

გიგანტურ, მარაოსებრი სტრუქტურა, რომელიც აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის ქვეშ რამდენიმე კარგად ცნობილ აუზს აკავშირებს. მკვლევართა ვარაუდით, შესაძლოა უძველესი სუპერკონტინენტის, "გონდვანას", დაშლის დროს ჩამოყალიბებულიყო.

  • როგორ მუშაობს “გაშლილი თითების“ მექანიზმი?

ფენომენი ტექტონიკური პროცესის შედეგია, რომელსაც “დისტრებუციული როტაციული ექსტენზია“ ეწოდება, ამ დროს დედამიწის ქერქი ფიქსირებული ცენტრალური წერტილიდან გარე მიმართულებით დეფორმირდება, დაახლოებით ისევე როგორც ადამიანის ხელზე თითების გაშლის დროს ხდება. “თითებს“ შორის არსებული სიცარიელეები სამკუთხა ფორმის აუზებია, ისინი აქამდეც იყო აღწერილი, თუმცა ერთიან სისტემად არ მიიჩნეოდა.

“როტაციული ექსტენზია“ სხვა ტექტონიკური კვლევის დროსაც არის ცნობილი, თუმცა ამ მასშტაბის სტრუქტურის აღმოჩენა, რომელიც აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის ქვეშ არის დამალული, მართლაც შთამბეჭდავია“, - აცხადებს გიდიო არმადილო, იტალიის გენუის უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოფიზიკის ლაბორატორიის ასოცირებული პროფესორი და კვლევის წამყვანი ავტორი.

აღმოჩენა მარტივი დაკვირვებით დაიწყო, მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ ანტარქტიდის ქვეშ დამარხული მრავალი აუზი ფორმით თითქოს ერთი და იმავე წერტილიდან იღებდა საწყისს. ამის შემდეგ არმადილომ და მისმა კოლეგებმა რეგიონის ყინულქვეშ ლანდშაფტი, გეოლოგია, გრავიტაციული, მაგნიტური და სეისმური მონაცემები შეისწავლეს და უცნობი სტრუქტურის ფორმირების მოდელირებას შეუდგნენ.

ჟურნალ “Nature Geoscience“-ში 3 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყველაზე ცნობილი ობიექტები მათ შორის “უილკსისა“ და “ავრორას“ აუზები და “ვოსტოკის ტბის“ (დედამიწაზე უდიდესი ცნობილი ყინულქვეშა ტბა) აუზი სწორედ “დისტრებუციული როტაციული ექსტენზიის“ შედეგად გაჩნდა. თუმცა, როგორც არმადილო აღნიშნავს, ზუსტად როდის მოხდა ეს, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

  • კავშირი “გონდვანას“ დაშლასთან

“სტრუქტურა შესაძლოა რამდენიმე ფაზად განვითარებულიყო თუმცა, ვფიქრობთ, ის სავარაუდოდ იმ ხანგრძლივ ტექტონიკურ ევოლუციასთან არის დაკავშირებული, რომელიც წინ უძღოდა და შესაძლოა თან ახლდა “გონდვანას“ დაშლას, განსაკუთრებით კი ანტარქტიდისა და ავსტრალიის განცალკევებას,“ - ამბობს არმადილო.

ცნობისთვის, 180 მილიონი წლის წინ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე “გონდვანას“ დაშლამ დღევანდელი კონტინენტების ნაწილი წარმოქმნა. დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ (ცარცული პერიოდის მიწურულს) კი ანტარქტიდა და ავსტრალია ერთმანეთს დასცილდნენ.

აქამდე აღმოსავლეთ ანტარქტიდა ძველ, ცივ და შედარებით სტაბილურ რეგიონად მიიჩნეოდა, თუმცა ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მას იმაზე ბევრად უფრო დინამიკური ტექტონიკური ისტორია აქვს, ვიდრე აქამდე ეგონათ.

სტრუქტურამ რამდენიმე გიგანტური აუზი წარმოქმნა, რომლებიც ახლა 3 კილომეტრზე მეტი სისქის ყინულით არის დაფარული. დასავლეთით, მისმა ფორმირებამ შესაძლოა ხელი შეუწყო “გამბურცევის“ მთების აღმართვას (რომლებიც მასშტაბითა და ფორმით ევროპის ალპებს ჰგავს, თუმცა მთლიანად ყინულშია ჩაფლული). ხოლო აღმოსავლეთით, “თითების“ გადაშლამ, სავარაუდოდ იმ ტრანსანტარქტიკული მთების როტაცია და დანაწევრება გამოიწვია, რომლებიც ამჟამად აღმოსავლეთ და დასავლეთ ანტარქტიდას ყოფს.

კვლევამ ცხადყო, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის დიდი ნაწილი ცალკეული ყინულქვეშა აუზების ერთობლიობას კი არ წარმოადგენს, როგორც აქამდე ეგონათ, არამედ ერთიანი ტექტონიკური პროვინციაა, რომელიც კონტინენტური მასშტაბის დეფორმაციის შედეგად შეიქმნა.

კონტინეტი კვლავაც ინახავს უამრავ საიდუმლოს. მყარი ქანების 99%-ზე მეტი ყინულის ქვეშ არის დამალული, ამიტომ ყინულქვეშა ტოპოგრაფიის, გრავიტაციის, მაგნეტიზმის, ქერქის სტრუქტურისა და ყინულოვანი ფარის დაკვირვებები სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს.

წყარო

იხილეთ ასევე: