ავტორი:

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა 7 შორეულ პლანეტაზე მაგნიტური ველები გაზომეს - რას ნიშნავს ეს?

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა 7 შორეულ პლანეტაზე მაგნიტური ველები გაზომეს - რას ნიშნავს ეს?

პირველად ისტორიაში, მკვლევრებმა ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარე შვიდი “ცხელი იუპიტერის“ მსგავსი პლანეტის მაგნიტური ველი გაზომეს, რაც შესაძლოა, ახალი გადამწყვეტი ინსტრუმენტი გახდეს სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტებისა და უცხო ცივილიზაციების ძიებაში.

  • მაგნიტური ველები სასიცოცხლო გავლენას ახდენს პლანეტების ატმოსფეროზე, რაც შესაბამისად მათ საბოლოო ბედსა და სიცოცხლის არსებობის შესაძლო პოტენციალზე პოვებს ასახვას.

ცნობილია რომ დედამიწის მაგნიტური ველი საუკუნეების განმავლობაში იცავდა ჩვენს პლანეტას მავნე რადიაციისგან, რამაც მას აყვავებულ, ლურჯ-მწვანე სამყაროდ აქცია; მაშინ, როცა ინერტული მარსი დაშრა და ფაქტობრივად, უდაბნოდ იქცა.

მცველი მაგნიტოსფეროს მნიშვნელობა აშკარაა, თუმცა ეგზოპლანეტების (ჩვენი მზის სისტემის მიღმა არსებული ვარსკვლავების გარშემო მოძრავი უცხო სამყაროები) მაგნიტური ველების შესახებ აქამდე ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვებოდა.

სამეცნიერო ჟურნალ “Nature Astronomy“ -ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა 7 გავარვარებულ პლანეტაზე დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ იქ ქარები მოსალოდნელზე ნელა მოძრაობდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ მოძრაობას სწორედ მაგნიტური ველები აფერხებს.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სხვა სამყაროების მაგნიტური გარემოს შედარება შეგვიძლია, რაც საკვანძო ნაბიჯია იმის გასაგებად, თუ რომელ პლანეტებს შეუძლიათ წყლის შენარჩუნება, გადარჩენა და შესაძლოა, ოდესმე ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების მასპინძლობაც კი“, - აღნიშნა კვლევის თანაავტორმა ჯულია სეიდელმა, ნიცის (საფრანგეთი) ლაგრანჟის ლაბორატორიის ასტრონომმა.

  • მოულოდნელი აღმოჩენა

აღსანიშნავია, რომ მკვლევრები ეგზოპლანეტების მაგნიტურ ველებს მიზანმიმართულად არ ეძებდნენ. მათ უბრალოდ იმის დადგენა სურდათ, იქცეოდა თუ არა ქარები განსხვავებულად კოსმოსში არსებულ სხვა ცხელ პლანეტებზე იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ცნობილი.

ამისთვის მათ შვიდ “უკიდურესად ცხელ იუპიტერზე“ დაიწყეს დაკვირვება. გავარვარებული გაზის გიგანტები, იმდენად ახლოს ბრუნავენ თავიანთ მშობელ ვარსკვლავებთან, რომ ე.წ. “მოქცევითი ჩაკეტვა“ ახასიათებთ, პლანეტის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული, ხოლო მეორე მუდმივ წყვდიადშია ჩაძირული. ინტენსიური ვარსკვლავური გამოსხივების გამო, ამ შვიდი პლანეტის სავარაუდო ტემპერატურა დაახლოებით 2600 კელვინს (4200 გრადუს ფარენჰეიტზე მეტს) აღწევს, ეს წარმოუდგენელ ქარებს იწვევს, რომელთა სიჩქარე საათში 7200 კილომეტრიდან თითქმის 25000 კილომეტრამდე მერყეობს. შედარებისთვის: ჩვენს, არცთუ ისე ცხელ იუპიტერზე ქარის სიჩქარე შედარებით ზომიერია და საათში “მხოლოდ“ 1500 კილომეტრს შეადგენს.

  • დაკვირვების პროცესმა რამდენიმე სიურპრიზი გამოავლინა. ქარის სიჩქარე ამ ცხელ, გაზის პლანეტებზე ტემპერატურის მატებასთან ერთად რეალურად იკლებდა, რაც უფრო ცხელი იყო პლანეტა, მით უფრო ნელი იყო ქარი.

“ეს სრულიად ეწინააღმდეგება ინტუიციას, რადგან, სხვა თანაბარ პირობებში, ცხელ პლანეტებს მეტი ენერგია აქვთ ქარების დასაჩქარებლად, ამიტომ რაღაც უნდა ხდებოდეს, რაც უფრო ცხელ ობიექტებზე ქარის სიჩქარეს ანელებს“, - განმარტავს კვლევის თანაავტორი ვივიენ პარმენტიე, ლაგრანჟის ლაბორატორიის ასტრონომი და პროფესორი.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ქარების “დამუხრუჭებაზე“ პასუხისმგებელი, შესაძლოა, მაგნიტური ველები იყოს, რომლებიც ამ ეგზოპლანეტების ატმოსფეროში დამუხტული ნაწილაკების მოძრაობას აფერხებენ.

წყარო

იხილეთ ასევე: