ავტორი:

არის თუ არა საქართველოს ამინდები კავშირში "ელ-ნინიოსთან" და როგორი ივლისი-აგვისტო გველოდება - "არ უნდა გაგვიკვირდეს, ძლიერი სიცხის ტალღები რომ ვიხილოთ"

არის თუ არა საქართველოს ამინდები კავშირში "ელ-ნინიოსთან" და როგორი ივლისი-აგვისტო გველოდება - "არ უნდა გაგვიკვირდეს, ძლიერი სიცხის ტალღები რომ ვიხილოთ"

კლიმატის ცვლილება ფაქტია, რომ მსოფლიოს დიდ გამოწვევებს უქმნის. საერთაშორისო პროგნოზირების ცენტრები ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა ელ-ნინიოს ფაზა განვითარდეს. ეს მოვლენა, რომელსაც ხშირად თან ახლავს გლობალური ტემპერატურის დროებითი მატება, საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკას, სურსათის მარაგებსა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.

  • რა არის ელ-ნინიოს ფენომენი და როგორია მისი გავლენა მსოფლიოზე და რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა - ამ საკითხებზე გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი მამუკა გვილავა გვესაუბრება.

- ფაქტია, რომ კლიმატი სერიოზულად შეიცვალა და კაცობრიობას სხვადასხვაგვარ სიურპრიზს სთავაზობს. ელ-ნინოს დამსახურებით, უცხოელი მეცნიერები არც ისე სასიამოვნო პერსპექტივას გვთავაზობენ. მათი თქმით, იქნება მაღალი სიცხეები, გვალვა, წყალდიდობა... რას იტყვით თქვენ?

- რაც შეეხება ელ-ნინიოს (El Niño) - აქ ორ მოვლენასთან გვაქვს საქმე: ერთი არის ელ-ნინიო, ხოლო მეორე - ლა-ნინია (La Niña). ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. ელ-ნინიო, რომლის განვითარების შესაძლებლობასაც საერთაშორისო პროგნოზირების ცენტრები უახლოეს თვეებში განიხილავენ, ბუნებრივი კლიმატური მოვლენაა. იგი ტროპიკულ წყნარ ოკეანეში ვითარდება, ანუ ჩვენგან ძალიან შორს. ამ დროს ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა მნიშვნელოვნად იმატებს. ეს დაკავშირებულია ე.წ. პასატური ქარების (Trade Winds, ანუ სავაჭრო ქარები) შესუსტებასთან.

საინტერესო ფაქტი: მათ სავაჭრო ქარები იმიტომ ჰქვიათ, რომ ძველად გემებს გადასაადგილებლად ზურგის ქარი სჭირდებოდათ. ეს ქარი მუდმივად უბერავდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, რის გამოც ესპანეთიდან ამერიკისკენ წასვლა ყოველთვის ადვილი იყო - მეზღვაურები სწორედ ამ ქარს მიჰყვებოდნენ.პასატური ქარების გარდა, გლობალური ატმოსფერული ცირკულაციის მნიშვნელოვანი ელემენტია ე.წ. რეაქტიული ნაკადი (Jet Stream), რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობს. ეს სისტემები ერთმანეთთან არაპირდაპირ არის დაკავშირებული და ერთად განსაზღვრავს ატმოსფერული ცირკულაციის თავისებურებებს.ელ-ნინიო ბუნებრივი პროცესია, რომლის შედეგადაც ოკეანეში დაგროვილი სითბო აღმოსავლეთისკენ გადანაცვლდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი წყნარ ოკეანეში მიმდინარეობს, მისი გავლენა მთელ პლანეტაზე ვრცელდება: იცვლება ატმოსფეროს ცირკულაცია და ნალექების განაწილება, იზრდება როგორც გვალვების, ისე წყალდიდობების ალბათობა. ზოგ რეგიონში გვალვის რისკი იმატებს, ზოგან კი - პირიქით, ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობების, რადგან ელ-ნინიო ხშირად უკავშირდება ამინდისა და კლიმატის უფრო ექსტრემალურ გამოვლინებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.ეს ბუნებრივი პროცესი ყოველთვის ხდებოდა, საშუალოდ 2-დან 7 წელიწადში ერთხელ მეორდება და 9-12 თვეს გრძელდება. მეცნიერები წინასწარ პროგნოზირებენ ხოლმე ელ-ნინიოს პროცესის დაწყებას, რომელიც შემდგომ შესაძლოა გადაიზარდოს ლა-ნინიაში.

ამ ციკლს ეწოდება ენსო (ENSO - El Niño–Southern Oscillation), ანუ ელ-ნინიო - სამხრეთის ოსცილაცია, რადგან ტემპერატურა და წნევა ხან მატულობს, ხან - კლებულობს. მისი თბილი ფაზა არის ელ-ნინიო, ხოლო საპირისპირო, ცივი ფაზა - ლა-ნინია. ეს სიტყვები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ხშირად ეშლებათ ხოლმე.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა და კაცობრიობის მიერ არ არის გამოწვეული, თუმცა დღეს ის გლობალური დათბობის ფონზე ვითარდება, რაც ზოგიერთ რეგიონში მის გავლენებს შესაძლოა უფრო შესამჩნევს ხდიდეს.

  • გავლენა საქართველოზე და საზოგადოების განწყობა

ამჟამინდელი წვიმიანი ამინდების პირდაპირ ელ-ნინიოსთვის მიწერა რთულია. საქართველოს ამინდზე უფრო უშუალოდ მოქმედებს რეგიონული ატმოსფერული პროცესები, თუმცა გლობალური ცირკულაციის ცვლილებები გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. ჩვენ გვიმართლებს, რომ ამ სეზონზე კატასტროფული წყალდიდობები არ გვქონია.

თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს და მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ცოტა უფრო მეტი გაგებითა და ნდობით მოეკიდონ მეცნიერებისა და სპეციალისტების განცხადებებს. ის, რომ დღეს გრილი და წვიმიანი ამინდებია, არ გამორიცხავს იმას, რომ ივლისსა და აგვისტოში ძალიან დაცხეს და გვქონდეს ძლიერი სითბური (თერმული) ტალღები. პირადად მე ნაკლებად მაწუხებს დღევანდელი გრილი ამინდები, პირიქით, უფრო შევწუხდები, თუ ივლის-აგვისტოში გაუსაძლისი სიცხეები დაიჭერს. დღევანდელი ამინდების მიუხედავად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ზაფხულის მეორე ნახევარში ძლიერი სიცხის ტალღებიც ვიხილოთ. კლიმატურ სისტემაში მსგავსი კონტრასტები სულ უფრო ხშირად გვხვდება.

- ანუ, ეს შეიძლება იმის მიმანიშნებელი უყოს, რომ წინ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება?

- კი ბატონო, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ელ-ნინიო არ არის ის ფენომენი, რომელიც საქართველოში პირდაპირ და დამოუკიდებლად იწვევს კლიმატურ ანომალიებს. ჩვენი რეგიონის კლიმატზე ძლიერ გავლენას ახდენს შავი ზღვა, ხმელთაშუაზღვისპირეთის ციკლონები, კავკასიონის მთათა სისტემა და რეგიონული ატმოსფერული ცირკულაცია. ის, რომ ხან წვიმა გვაქვს და ხან გვალვა, ჩვეულებრივი ამბავია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. განსხვავებული და საგანგაშო ის არის, რომ ამ ყველაფერს ზედ ედება გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესი. კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რყევებს - როგორებიცაა მომატებული ნალექიანობა თუ ტემპერატურული ანომალიები - ემატება ელ-ნინიოს ეფექტებიც და პროცესები კიდევ უფრო ექსტრემალურ ხასიათს იძენს. ამიტომ, თავად ელ-ნინიოსა და ლა-ნინიას ნაკლებად უნდა გვეშინოდეს. მთავარი პრობლემა გლობალური კლიმატის ცვლილებაა, რომელსაც თუ რაიმე არ მოვუხერხეთ, დღეს უკვე ისეთი შეცვლილი ფონური კლიმატი გვაქვს, რომ ზოგიერთ რეგიონში რეკორდული სიცხეები ლა-ნინიას პირობებშიც ფიქსირდება.

  • გამოსავალი - ადაპტაცია და მიტიგაცია

- გამოსავალი კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლაშია. პირველ რიგში, ეს არის ადაპტაციის (შეგუების) საკითხები. საქართველო პატარა ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, სათბური აირების გაფრქვევის შემცირებაში, ანუ მიტიგაციაში (შერბილებაში) ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ (ეს ჩვენს ინტერესებშიცაა), თუმცა ყურადღება ადაპტაციასაც უნდა მივაქციოთ.ძალიან გამიხარდა, რომ ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა განცხადება ქვეყნის ადაპტაციის გეგმაზე მუშაობის დაწყების შესახებ. ეს მართლაც კარგი ახალი ამბავია. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით იწყება ქვეყნის ადაპტაციის გეგმაზე მუშაობა. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ორგანიზაციებს.ჩვენი თხოვნაა, რომ ეს გეგმა განსაკუთრებული ყურადღებით შემუშავდეს. ჩვენ არ ვითხოვთ რაღაც გრანდიოზულ გადატრიალებას, მაგრამ რაც გაკეთდება, გაკეთდეს ხარისხიანად. სჯობს ცოტა გავაკეთოთ და ხარისხიანად, ვიდრე ბევრი და კონკრეტული შედეგის გარეშე. ადაპტაციის გეგმა ნამდვილად გვჭირდება, რადგან ელ-ნინიო და ლა-ნინია ყოველთვის იქნება, კლიმატის ცვლილების პრობლემები კი სულ უფრო მოიმატებს.შესაძლოა, მხოლოდ ადაპტაციის ღონისძიებები არც აღმოჩნდეს საკმარისი, ამიტომ აუცილებელია პროცესების შერბილება - ანუ მიტიგაცია. ეს უცხოური, ლათინური წარმოშობის სიტყვები უნდა ვისწავლოთ, რადგან ზუსტი ქართული შესატყვისი ხშირად არ გვაქვს. მაგალითად, „შერბილება“ სრულად ვერ ასახავს იმას, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება:

• მზის ენერგიის ათვისება;

• ქარის ენერგიის გამოყენება;

• ჰიდროენერგიის გონივრული გამოყენება.მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორებიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის გარეთ არ გადიოდეს და საქართველოში რჩებოდეს. ჰესებს შეიძლება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება ჰქონდეთ, ქარის ენერგიასაც აქვს თავისი მინუსები. მზის ენერგიას კი გაცილებით ნაკლები ზიანი მოაქვს, თუ მას სახლების სახურავებზე განვათავსებთ და არა სახნავ-სათეს, სოფლის მეურნეობის სავარგულებზე. თუ ამას სწორად გავაკეთებთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის.მაგრამ, თუ ჰესიდან გამომუშავებული მთელი ენერგია და მოგება, „ინვესტორის“ გავლით, ქვეყნიდან გავა, ჩვენ ასეთი ჰიდროენერგეტიკის მომხრე ნამდვილად ვერ ვიქნებით. ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი რესურსის გადინება და არა მისი გონიერი მოხმარება. მსოფლიო ჩვენგან ითხოვს მწვანე ენერგიის წარმოებას, თუმცა ეს შემოსავლები საქართველოში უნდა დარჩეს. კერძო სექტორი უნდა მოვიზიდოთ მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ეფექტურად ააშენონ და მართონ ობიექტები და არა იმისთვის, რომ დაეუფლონ საქართველოს ეროვნულ რესურსებს.

  • ეროვნული ინტერესები და ენერგეტიკული პოლიტიკა

- სწორედ ამიტომ კლიმატის ცვლილების საკითხი მხოლოდ გარემოსდაცვითი თემა აღარ არის, ის პირდაპირ უკავშირდება ენერგეტიკას, ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. ხშირად მომყავს ერთი ისტორიული შედარება: ჰოლანდიელებმა ადგილობრივი ინდიელებისგან კუნძული მანჰეტენი 60 გულდენად შეიძინეს. დღეს აღარც კი ახსოვს ვინმეს იმ ინდიელთა ტომის სახელი. 60 გულდენი მაშინ ბევრი იყო თუ ცოტა, ეს თავად განსაზღვრონ მათ, ვინც ეს გარიგება დადო. ჩვენ არ გვინდა, რომ ანალოგიურად, „კაპიკებად“ გაიყიდოს საქართველოს უმდიდრესი წყლის რესურსები და ქვეყნიდან გაედინებოდეს.

დიახ, კლიმატის ცვლილების შერბილებაში საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამისთვის ვალების აღებაც შეიძლება, მაგრამ ამ ვალების გასტუმრების შემდეგ, ძირითადი შემოსავალი მთლიანად საქართველოში უნდა რჩებოდეს და მხოლოდ გარკვეული, სამართლიანი ნაწილი ხმარდებოდეს იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ამ საქმეში მიიღებენ მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველომ საერთოდ არ უნდა ააშენოს არცერთი ჰესი, თუ მისი შემოსავლები ქვეყანაში არ დარჩება. მიხედოს მაშინ მსოფლიომ თავის პრობლემებს თავად - ჩვენი გაღარიბების ხარჯზე არ უნდა მოხდეს გლობალური „მწვანე ენერგიის“ დანერგვა; ეს ჩვენი განვითარების ხარჯზე უნდა განხორციელდეს.იგივე ეხება მზის ენერგიასაც.

საქართველო უამრავ ვალს იღებს, მაგალითად, გზების მშენებლობისთვის. ავიღოთ ვალი იმისთვის, რომ მოსახლეობას გრანტის სახით დავეხმაროთ სახურავების გამაგრებასა და მზის პანელების დამონტაჟებაში, რათა მათ თავად გამოიმუშაონ საკუთარი ელექტროენერგია და ენერგიის ტარიფები ტვირთად არ დააწვეს მათ ჯიბეებს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და გონივრული ქცევა სახელმწიფოს მხრიდან. ამით ჩვენ წვლილს შევიტანდით კლიმატის ცვლილების შერბილებაშიც (მიტიგაციაში), ჩვენი ეკონომიკაც ბევრად უფრო მდგრადი გახდებოდა და აღარ ვიქნებოდით გარე სამყაროზე ასე დრამატულად დამოკიდებულები. როგორც იცით, დღეს საკვები პროდუქტებისა ძალიან დიდი პროცენტი და ენერგიის ნაწილიც გარედან შემოგვაქვს.

ზოგჯერ ენერგიის იმპორტი არ არის პრობლემა - ჩვენ არ გვაქვს მწვავე სტრუქტურული დეფიციტი ენერგეტიკაში, რადგან საკმაოდ ძლიერი ჰიდრორესურსები და სხვა სიმძლავრეები გაგვაჩნია. ამიტომ, მივხედოთ იმას, რაც დღეს საქართველოს სასარგებლოდ არის გასაკეთებელი. ეს კლიმატისთვისაც სასარგებლო იქნება და ადაპტაციის ღონისძიებების მეშვეობით ჩვენს პრობლემებსაც ბევრად უკეთესად გავუმკლავდებით, რადგან თავადვე შევძლებთ მათ დაფინანსებას და აღარ მოგვიწევს საერთაშორისო საზოგადოებისათვის ამ რესურსების მუდმივად თხოვნა.დასკვნის სახით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა, ხოლო კლიმატის ცვლილება - ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გრძელვადიანი პროცესი. დღეს სწორედ ამ ორი ფაქტორის თანხვედრა ქმნის დამატებით რისკებს.

წაიკითხეთ ასევე: