თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს. კერძოდ, ორი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების თანახმად, დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ხოლო, ორი დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
"სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო”, - აღნიშნავს საგამოძიებო უწყება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს