400-ზე მეტი ცხოველი, რომლებიც სასაკლაოსთვის იყო განკუთვნილი, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ვიეტნამელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალური დაჯგუფება გამოააშკარავეს, რომლებმაც ასობით კატა გაიტაცეს - ისინი მათ საკვებ ობიექტებში ჩაბარებას გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა ადგილზე 400-ზე მეტი ცოცხალი კატა იპოვეს, თუმცა ტრაგედიას მაინც ჰქონდა ადგილი - აღმოჩენილია ყინულში შენახული 80-მდე მკვდარი ცხოველის გვამი. კიდევ 21 კატა სხვა ობიექტიდან ამოიღეს.

დაკავებულებმა აღიარეს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სამხრეთ ვიეტნამში შინაურ კატებს სპეციალური ხაფანგებით იჭერდნენ. გამტაცებლები ცხოველებს ე.წ. "შემგროვებელ პუნქტებში" ათავსებდნენ, საიდანაც ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ მათ გადამყიდველებზე ასაღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამში ძაღლისა და კატის ხორცის მოხმარება ლეგალურია, თუმცა რეალიზატორებს მოეთხოვებათ სპეციალური ნებართვები, რომლებიც ცხოველის წარმომავლობას ადასტურებს. მოცემულ შემთხვევაში კი საქმე გვქონდა მასობრივ ქურდობასთან.
ორგანიზაცია "Humane World for Animals"-ის განცხადებით, გადარჩენილი ცხოველებიდან 40-მდე კატა უკვე დაუბრუნდა თავის მეპატრონეს. ორგანიზაციამ შეაქო ადგილობრივი ხელისუფლება "გადამწყვეტი მოქმედებისთვის", თუმცა აღნიშნა, რომ მიყენებული ტრავმებისა და მძიმე პირობების გამო, რამდენიმე კატა მოგვიანებით მაინც დაიღუპა.
"Humane World for Animals"-ის მონაცემებით, ვიეტნამში ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ძაღლსა და 1 მილიონ კატას იპარავენ ან ატყვევებენ საკვებად გამოყენების მიზნით. ცხოველების მოსაპარად ხშირად იყენებენ ელექტროშოკებს, მოწამლულ სატყუარებსა და სპეციალურ ხაფანგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია ვიეტნამში სხვა აზიურ ქვეყნებთან შედარებით უფრო მყარია, 2023 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი აზრი იცვლება. განსაკუთრებით ახალგაზრდები და შინაური ცხოველების პატრონები კატისა და ძაღლის ხორცით ვაჭრობის სრულ აკრძალვას უჭერენ მხარს.
იხილეთ ასევე: