საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ზე საუბარი ჩვენს რესპონდენტთან გაცილებით ადრე გადაწყდა და დაიგეგმა, ოღონდ, რაღაც ეტაპზე, ვერ მოხერხდა, თუმცა პუბლიცისტმა და საქართველოს პატრიარქის, შიო III-ის ბავშვობის მეგობარმა - ირაკლი კაკაბაძემ ჩვენს შეკითხვებს საბოლოოდ მაინც უპასუხა. ინტერვიუ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა, თუმცა მისგან რამდენიმე ამონარიდს კიდევ ერთხელ გთავაზობთ:
- გავიხსენოთ თქვენი ცნობილი ფოტო, სადაც ყველანი (გიო მგელაძე, ლევან ვასაძე, თქვენ, შიო მუჯირი... ) ერთად ქუჩაზე მოდიხართ, თუ გახსოვთ, სად არის გადაღებული (ფოტოს ისტორია მოკლედ მოგვიყევით)?
- ეს ფოტო გადაღებულია ვერის ბაღში 1987 წლის ბოლო დღეებში, თუ არ ვცდები. ინტერვიუს ვაძლევდით გაზეთ "თბილისს“ და ამ ინტერვიუსთვის გადაიღეს. ამ ფოტომდე ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე და ვმსჯელობდით იმ ეგზისტენციურ კრიზისზე, რომელშიაც კაცობრიობა ცხოვრობს. როგორც ჩვენი მეგობარი დიმიტრი მამულია ამბობდა, "გვახრჩობდა ეგზისტენციალური კრიზისი“, რადგან მაშინაც და ახლაც რთული იყო ადამიანური ცხოვრების ჯერარსის პოვნა. და ელიზბარის ყოფნა ყოველთვის მაძლევდა იმედს, რომ ჩვენ ვიპოვიდით ამ ჯერარსს.
ჩვენს შორის, იმ დროისათვის, წამყვანი პლატონისტი თითქოს "მარგველა" იყო. მართლაც, მარგველამ კარგად იცოდა პლატონი. თუმცა, მე დამამახსოვრდა, რომ სწორედ ელიზბარმა გაიხსენა "სოკრატეს აპოლოგია“ და კერძოდ ის ადგილი, როდესაც სოკრატე კრიტონს თხოვს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მამალი დაუკლან ასკლეპიოზს. მე ვკითხე, რატომ გახსენდება ეს, ახლა კიროვის პარკში მეთქი: "იმიტომ, რომ სოკრატე უკვდავების ძიებაში იყოო“.
დავიბენი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. აი, ახლა, 40 წლის მერე, უკვე ძალიან კარგად ვხვდები, როგორ განჭვრიტა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი მაშინ 18 წლის ბიჭმა. ცხოვრების ჯერარსი სწორედაც უკვდავების ძიებაშია და ამას ყოველდღიური დიდი შრომა სჭირდებაო. ამას ამბობდა მაშინაც და ეს შრომა დღესაც არ წყდება. სულის უკვდავება და სასუფეველში მოხვედრა არ არის ადვილი, მაშინ როდესაც ირგვლივ ამდენი უსამართლობაა და ამდენი ადამიანია სიღატაკეში ჩაგვრის ქვეშ. ელიზბარი მაშინაც ამბობდა, რომ ეს მუდმივი პროცესია, რომ ჩვენს უფალს კარი მუდმივად უნდა გავუღოთ. ის დღეები ნამდვილად მახსოვს ზუსტად ამ ჯერარსის ძიებით მაშინდელ ვერის ბაღში... საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ დიმიტრი მამულიას კითხვას "მხრჩოლავი ეგზისტენციალური კრიზისის“ შესახებ ყველაზე დამაჯერებელი პასუხი ელიზბარმა გასცა თავისი წასვლით შიო მღვიმის მონასტერში და ბერად აღკვეცით...
- პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრა როგორ მოხდა (ეს შეხვედრაც არის ფოტოზე ასახული). მან მიგიწვიათ? თუ შესაძლებელია, ეს ამბავიც გავიხსენოთ. რაზე გესაუბრათ პატრიარქი?
- დაიხ. უწმინდესმა მიგვიწვია იმ ინტერვიუს შემდეგ უკვე 1988 წლის იანვარში. ძალიან თბილი შეხვედრა იყო. მე მახსოვს, რომ პატრიარქი გვესაუბრებოდა სნოს შესახებ და გვიყვებოდა საოცარ ამბებს. ეს მანიშნებელია, რომ პატრიარქმა ილია მეორემ სწორედ სნოში აღმართა მეორედ მოსვლის ჯვარი. ამ შეხვედრამ ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე.
- პატრიარქთან შეხვედრაზე, როგორც ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნეთ, ელიზბარ მუჯირი ილია II-ეს ხელზე არ ეამბორა... რაც იმაზე მეტყველებს, რომ ათეისტი იყო?
- ელიზბარმა პატრიარქს ხელი ჩამოართვა. ამის შესახებ ბევრი დაიწერა. და ილია მეორის რეაქციაც ძალიან კეთილშობილური იყო. წლების მერე თქვა: ნეტაი, იმ დანარჩენებსაც არ ეკოცნათ და ამას უფრო დამსგავსებოდნენო და აბსოლუტურად მართალი იყო. რაც შეეხება ელიზბარს, ის არასდროს იყო არც ათეისტი, არც ბიოპოლიტიკის მიმდევარი, არც დარვინისტი და არც ფიზიოკრატი. ის ყოველთვის სულისმიერი ადამიანი იყო. უბრალოდ, იმ დროს ეკლესიაში სიარულს კრძალავდნენ და ჩვენს ირგვლივ უამრავი კარიერისტი ვოუქი კომკავშირელი ტრიალებდა, რომლებიც მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ "ღმერთი არ არსებობს“. თუმცა, ელიზბარს არასდროს სჯეროდა კარიერისტი კომკავშირელი ვოუქების და ყოველთვის სწამდა სულის უკვდავების. ასე რომ, ათეისტი არასდროს ყოფილა. წაიკითხეთ სრულად