საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, "აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა.
56 წლის თემურ უგულავას სახელს უკავშირდება ქვეყანაში მასპინძლობისა და აგრომეწარმეობის სფეროს განვითარება. მის მფლობელობაში არსებულმა "აჭარა ჯგუფმა“ შექმნა პროექტები, რომლებმაც თბილისისა და მთელი ქვეყნის კულტურა, ცხოვრების სტილი და სტანდარტები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ის იყო ადამიანი, რომლის კვალიც დიდხანს დარჩება მის მიერ შექმნილ საქმეში. 2026 წლის მონაცემებით, ბიზნესმენის ჯამური ქონება 282,47 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ თემურ უგულავა პრესისა თუ ტელევიზიის წინაშე არასოდეს ჩნდებოდა, მისი პირადი ცხოვრება მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა.
ბიზნესმენის პირველი მეუღლე თეო ფერაძე იყო, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. მოგვიანებით მას ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან, რომელთანაც ასევე საერთო შვილი ჰყავს. ამის შემდეგ უგულავამ ოფიციალურად იქორწინა ბაია დავითაიაზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა. ბიზნესმენის ბოლო ოფიციალური ქორწინება კი მოდელ ნინი ნებიერიძესთან შედგა - მათ 2015 წელს იქორწინეს და ორი შვილი შეეძინათ, თუმცა 2022 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
იხილეთ ასევე: