აშშ-ს ადმინისტრაციამ ათწლეულების განმავლობაში მოქმედი მკაცრი აკრძალვების შემდეგ, ირანულ ნავთობზე სანქციები 60 დღით შეაჩერა. მიუხედავად ვაშინგტონის განცხადებისა, რომ ეს ნაბიჯი თეირანის მხრიდან ატომურ ობიექტებზე ინსპექტორების დაშვების სანაცვლოდ გადაიდგა, ირანი შეთანხმებას კატეგორიულად უარყოფს.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა სპეციალური ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დოლარში ვაჭრობის ნებას იძლევა. დოკუმენტი ითვალისწინებს საბანკო მომსახურებასა და დაზღვევას ნავთობქიმიური პროდუქციის წარმოების, გადაზიდვისა და ვაჭრობისთვის. ეს ნიშნავს, რომ ირანს აღარ დასჭირდება შუამავლების რთული ჯაჭვი და ნავთობის იმპორტი ირანიდან პირდაპირ აშშ-შიც კი ხდება შესაძლებელი.
ვაშინგტონის პირობა და თეირანის უარი
აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, სანაცვლოდ ირანმა აიღო ვალდებულება, რომ არ გადაკეტავს ჰორმუზის სრუტეს და საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებს დაუშვებს. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ინსპექტორების დაბრუნების პროცესი მიმდინარე კვირაშივე დაიწყება.
თუმცა, ოფიციალური თეირანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ირანის საგარეო უწყების განცხადებით, კვირას გამართულ მოლაპარაკებებზე ქვეყანას ახალი ვალდებულებები არ აუღია და ბირთვული პროგრამის საკითხი მხოლოდ საბოლოო შეთანხმების საგანია. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაგაიმ დასძინა, რომ IAEA-სთან თანამშრომლობა მხოლოდ დადგენილი პროცედურების ფარგლებში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ინსპექტორებმა ირანი მას შემდეგ დატოვეს, რაც გასულ ზაფხულს, 12-დღიანი ომის დროს, აშშ-მ და ისრაელმა მათ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
იხილეთ ასევე: