ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - ამრეკლავი აუზი (Reflecting Pool), ძვირადღირებული რეკონსტრუქციის მიუხედავად, მწვანედ შეიფერა და ახალი საღებავი ფსკერიდან აძვრა.

პრეზიდენტის ჩანაფიქრით, რეკონსტრუქციის შემდეგ აუზი აშშ-ის დროშის ფერში უნდა აბრწყინებულიყო. თუმცა, წყლით შევსებიდან მალევე, საღებავმა აცლა დაიწყო, წყალმცენარეების გამო კი აუზი ლურჯის ნაცვლად კვლავ მწვანე გახდა.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ ეს დივერსიაა, რომელიც სპეციალურად 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღის 250 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმამდე მოაწყვეს.
“ახლახან დავათვალიერე და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია: ვაუ, ვინ შეძლო ამის გაკეთება? ავადმყოფი, არანორმალური ხალხი!“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის თქმით, საღებავზე 90-მეტრიანი დაზიანებაა მიყენებული, წყალში კი უკანონოდ დაამატეს ქიმიკატები. მეტიც, მეზობელ გაზონზე აღმოჩენილია წარწერა “86 47“ - ეს არის პოლიტიკური პროტესტის სიმბოლო, სადაც 86 გაუქმებას ნიშნავს, ხოლო 47 - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, ანუ თავად ტრამპს.


საქმეზე უკვე დაკავებულია 5 პირი. მათ შორის აღმოჩნდა 67 წლის დავით ჰირნი, კანოეში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების მონაწილე.
სპორტსმენი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის უბრალოდ “ცნობისმოყვარე მოქალაქეა“, რომელიც არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა. ჰირნის თქმით, მას მხოლოდ აინტერესებდა, რა მასალას იყენებდნენ მშენებლები და ამძვრალ საღებავს ხელით შეეხო.

13-მილიონიანი კონტრაქტი ტენდერის გარეშე
როგორც ირკვევა, რემონტი ბევრად ძვირი დაჯდა, ვიდრე ტრამპი ამბობდა - 7 მილიონის ნაცვლად 13 მილიონი დოლარი. ექსპერტების თქმით, რეკონსტრუქციისას არ მოგვარდა მთავარი პრობლემები: გაუმართავი სანტექნიკა და ფილტრაციის სისტემა.

სკანდალურია ისიც, რომ კონტრაქტი კომპანია Atlantic Industrial Coatings-მა ტენდერის გარეშე, “საგანგებო სიტუაციის“ მოტივით მიიღო. ეს ის კომპანიაა, რომელიც ადრე ტრამპის გოლფ-კლუბში მუშაობდა და რომელსაც აუზების რეკონსტრუქციის გამოცდილება არ აქვს.

სანამ აუზის წყალბადის ზეჟანგითა და სხვა ქიმიკატებით გაწმენდას ცდილობენ, იქ მკვდარი იხვის ჭუკი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი წყლის ქიმიური დამუშავება.
სპეციალისტები აფრთხილებენ ადმინისტრაციას, რომ საღებავი პრობლემას ვერ მოაგვარებს და ლურჯი ფერი მუდმივად მწვანე წყალმცენარეების ქვეშ იქნება მოქცეული.
იხილეთ ასევე: