2026 წლის ნოემბერში NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზონდი, “ვოიაჯერ-1“, დედამიწიდან ერთი სინათლის დღის მანძილს მიაღწევს. ეს იმ მანძილს ნიშნავს, რომელსაც სინათლე ერთი დღე-ღამის განმავლობაში გადის - თითქმის 26 მილიარდი კილომეტრი. ამ მაჩვენებლით “ვოიაჯერ-1“-მა კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერ სხვა ხელოვნურ კოსმოსურ აპარატს გადაასწრო.

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ თითქმის 50 წლის წინ გაშვებული ზონდი დღემდე მუშაობს და მეცნიერებს ინფორმაციას აწვდის. მისი შექმნისას გამოყენებული ტექნოლოგია დღეს პრიმიტიულად გვეჩვენება. პროექტის ხელმძღვანელი ლინდა სპილკერი აღნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილის გასაღების პულტში იმდენივე მეხსიერებაა, რამდენიც “ვოიაჯერის“ კომპიუტერებში. მიუხედავად ამისა, აპარატი, რომელიც მხოლოდ 5-წლიანი მისიისთვის იყო გათვლილი, ნახევარი საუკუნეა კოსმოსის სიღრმეებს იკვლევს.
“ვოიაჯერებმა“ მეცნიერებს აიძულეს, მზის სისტემის შესახებ არსებული ცოდნა თავიდან გადაეწერათ:

1990 წელს, სანამ კამერას საბოლოოდ გამორთავდა, “ვოიაჯერ-1“-მა დედამიწას გახედა და ფოტო გადაუღო. ამ ისტორიულ კადრზე, რომელიც “ფერმკრთალი ცისფერი წერტილის“ სახელითაა ცნობილი, ჩვენი პლანეტა უსასრულო კოსმოსში მხოლოდ პატარა ნაწილაკად ჩანს. ასტრონომი კარლ საგანი ამბობდა, რომ ამ წერტილზეა ყველა, ვინც კი ოდესმე გვიყვარდა და ვინც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია.
გარდა ამისა, ხომალდების ბორტზე მოთავსებულია მოოქრული დისკები, რომლებზეც ჩაწერილია მისალმებები 55 ენაზე, ბუნების ხმები და მუსიკა.

ეს არის ერთგვარი წერილი უცხოპლანეტელი ბინადრებისთვის, რომელიც, მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა მილიარდი წელი შენარჩუნდეს და თავად კაცობრიობასაც კი გადაურჩეს.
ამჟამად ორივე აპარატი ვარსკვლავთშორის სივრცეში იმყოფება და იქიდან აწვდის მონაცემებს მეცნიერებს. NASA ვარაუდობს, რომ ზონდები მინიმუმ 2030-იან წლებამდე გააგრძელებენ მუშაობას.
“ჩვენ არ დავაჭერთ გამორთვის ღილაკს. ნებას მივცემთ “ვოიაჯერს“ თავად გადაწყვიტოს, როდის მოვა დრო“, - აცხადებს ლინდა სპილკერი.
იხილეთ ასევე: