ავტორი:

როგორ ხოცავენ რუს სტუდენტებს უკრაინაში - “ელიტური“ დრონების პილოტების ნაცვლად, 18 წლის ბიჭებს სასაკლაოზე გზავნიან: BBC-ის გამოძიება

როგორ ხოცავენ რუს სტუდენტებს უკრაინაში - “ელიტური“ დრონების პილოტების ნაცვლად, 18 წლის ბიჭებს სასაკლაოზე გზავნიან: BBC-ის გამოძიება

“რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში სტუდენტების მასშტაბური გადაბირება მიმდინარეობს. ახალგაზრდებს ჰპირდებიან, რომ ისინი უსაფრთხო დისტანციაზე, “ელიტურ“ უპილოტო საფრენი აპარატების (ბპლა) ჯარებში იმსახურებენ, თუმცა რეალობა შემზარავია: რამდენიმე თვეში ისინი ფრონტის წინა ხაზზე, მოიერიშე ქვედანაყოფებში ხვდებიან და იღუპებიან,“ - ამის შესახებ BBC-ი თავის საგამოძიებო სტატიაში წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდები ომში პირდაპირ სტუდენტური სკამიდან ხვდებიან.

2025 წლის ბოლოდან რუსულ სასწავლებლებში დაიწყო კამპანია, სადაც დრონების ოპერატორობას “შეუცვლელ“ და “ელიტურ“ პროფესიად ასაღებენ. სტუდენტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც სწავლის პრობლემები აქვთ, აიძულებენ აკადემიური შვებულება აიღონ და კონტრაქტს ხელი მოაწერონ.

მათ ჰპირდებიან:

  1. უსაფრთხოებას ფრონტის ხაზიდან ათეულობით კილომეტრის დაშორებით;
  2. მხოლოდ ერთწლიან მომსახურებას;
  3. მილიონობით რუბლის ოდენობის ჯილდოს და სწავლის გაგრძელების შეღავათებს.

თუმცა, იურისტები აცხადებენ, რომ ეს დაპირებები სიცრუეა: ყველა კონტრაქტი უვადოა მანამ, სანამ მობილიზაციის ბრძანება მოქმედებს.

  • ვერაგი სქემა: “დრონების ნაცვლად - ავტომატი“

გამოძიებამ გამოავლინა, რომ ბევრი სტუდენტი, ვინც კონტრაქტს დრონის ოპერატორის პოზიციაზე აწერს ხელს, რეალურად შტურმზე გადაჰყავთ. ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მეთაურები ახალწვეულებს აიძულებენ “ნებაყოფლობით“ გადავიდნენ სხვა ქვედანაყოფებში.

ამის ნათელი მაგალითია 18 წლის ვლადისლავ გორბუნოვი. მან კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა, ოთხ თვეში კი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორობას სწავლობდა, თავიდანვე მოიერიშე ასეულში გააწესეს, სადაც ტელეფონებიც კი ჩამოართვეს. მისმა ძმამ BBC-ის დაუდასტურა, რომ ვლადისლავის ნაწილში უთხრეს: “შტურმოვიკები უფრო საჭიროაო“.

  • “სიკვდილის სტატისტიკა“ და 18 წლის მსხვერპლთა რაოდენობა

2026 წლის ივნისის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის დღიდან სულ მცირე 18,026 რუსი ახალგაზრდა (23 წლამდე ასაკის) დაიღუპა. განსაკუთრებით საგანგაშოა 18 წლის ახალწვეულთა სიკვდილიანობა:

  1. ომის დაწყებიდან დაიღუპა სულ მცირე 711 18- წლის ჯარისკაცი;
  2. მათი 80% 2024-2025 წლებში დაიღუპა - მას შემდეგ, რაც კანონით დაუშვეს კონტრაქტის გაფორმება სკოლის დასრულებისთანავე.

არც თავად დრონების ოპერატორებისთვისაა ვითარება უსაფრთხო. ამ დროისთვის დადასტურებულია 1,020 რუსი დრონის პილოტის სიკვდილი, რაც არტილერისტების დანაკარგებს უტოლდება.

  • პროპაგანდის მანქანა და “ბავშვი-გმირები“

ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვაში დიდ როლს ასრულებს “პირველთა მოძრაობა“ (Движение первых) და “იუნარმია“. სკოლებსა და კოლეჯებში რეგულარულად ტარდება შეხვედრები ომის მონაწილეებთან, სადაც სიკვდილის რომანტიზება ხდება.

23 წლის ვალერი ავერინი, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, კიდევ ერთი მსხვერპლია. მას არმიაში ფსიქიკური პრობლემების გამო არ იღებდნენ, თუმცა სტუდენტობისას კონტრაქტზე დაითანხმეს.

“სამი თვე სწავლობდა დრონებზე, მაგრამ შტურმზე გაუშვეს, ხორცსაკეპში“, - ამბობს მისი დედობილი. ბიჭი სწავლის დასრულებიდან ორ კვირაში დაიღუპა.

  • “ფული და სამშობლოს ვალი“

18 წლის რახიმ აბდულინმა მეგობარს მისწერა, რომ ომში “ფულის ასაწევად“ მიდიოდა და როგორც დრონის ოპერატორი, უსაფრთხოდ იქნებოდა. ის სულ რაღაც ორ თვეში ცხედრის სახით დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მას და მის თანამებრძოლებს საკუთარი ფულით უწევდათ საკვებისა და დრონების ყიდვა, რადგან აღჭურვილობა ძველი და გამოუსადეგარი იყო.

მიუხედავად ასეთი ტრაგიკული ფაქტებისა, რუსეთში სამხედროების გმირობის კულტი კვლავ ძლიერია. დაღუპული გორბუნოვის მეგობარი აცხადებს, რომ თავადაც სურს ომში წასვლა, რათა დაამტკიცოს, რომ “ნამდვილი კაცია“.

წყარო

იხილეთ ასევე: