ავტორი:

ჯოჯოხეთი ანიმაციის ცენტრში: ინდოეთში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა - თვითმხილველები შოკისმომგვრელ დეტალებს ჰყვებიან

ჯოჯოხეთი ანიმაციის ცენტრში: ინდოეთში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა - თვითმხილველები შოკისმომგვრელ დეტალებს ჰყვებიან

ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლაქნაუში მომხდარმა ხანძარმა, სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედია ორშაბათს, მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარე კომერციულ შენობაში დატრიალდა, სადაც ადამიანები ნამდვილ მახეში აღმოჩნდნენ.

ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:45 საათზე ალიგანჯის რაიონში გაჩნდა. შენობის პირველ სართულზე ზოომაღაზია მდებარეობდა, ხოლო ზედა ორ სართულზე - ანიმაციისა და 3D გეიმინგის ცენტრი.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლმა და კვამლმა მალევე მოიცვა ერთადერთი კიბე, რის გამოც შენობაში მყოფი პირებისთვის ერთადერთი გასასვლელი სრულად ჩაიკეტა. ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნაგებობას არ გააჩნდა საავარიო გასასვლელები, რაც ტრაგედიის მთავარი მიზეზი გახდა.

  • გადარჩენისთვის ბრძოლა

შემთხვევის ადგილზე პანიკა სუფევდა. თვითმხილველები ჰყვებიან, როგორ ცდილობდნენ ადამიანები თავის დაღწევას: ზოგიერთი ფანჯრებიდან ხტებოდა, სხვები კი ელექტროენერგიის კაბელებზე ცოცდებოდნენ.

ადგილობრივი მცხოვრები, ანურაგი, BBC-ისთან საუბარში იხსენებს: “ოთახში ვისვენებდი, როცა საშინელი სუნი ვიგრძენი. გარეთ გამოხედვისას დავინახე უზარმაზარი ცეცხლი და ადამიანები, რომლებიც ფანჯრებიდან შველას ითხოვდნენ“.

მისი თქმით, ხალხი შენობას ქვებს ესროდა, რათა შუშები ჩაემსხვრიათ და შიგნით მყოფებს სუნთქვის საშუალება მისცემოდათ.

ტრაგედიის ყველაზე მძიმე ეპიზოდები მსხვერპლთა ახლობლების მონათხრობია. ერთ-ერთი დაღუპული მამას ტელეფონით დაუკავშირდა: “მამა, ხანძარია. გადამარჩინე, აქ გავიჭედე!“ - სამწუხაროდ, სანამ მამა ადგილზე მივიდა, უკვე გვიანი იყო.

კიდევ ერთი მსხვერპლი, 19 წლის მუჰამედ შაზანი, რომელიც ანიმაციის ცენტრში სტაჟიორი იყო, ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, რომ კვამლისგან თავის დასაღწევად საპირფარეშოში ჩაიკეტა, თუმცა იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა ბიომეტრიული დაცვის სისტემა, რომელმაც ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ კარები დაბლოკა და ადამიანებს გაქცევის საშუალება არ მისცა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ამ დროისთვის პოლიციამ უკვე დააკავა ოთხი პირი, ხოლო ოთხ საჯარო მოხელეს უფლებამოსილება შეუჩერდა.

წყარო

იხილეთ ასევე: