კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ღრმა კოსმოსის კვლევისთვის განკუთვნილმა კოსმოსურმა ტელესკოპმა Euclid-მა ჩვენი გალაქტიკის ცენტრის ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტო გადაიღო.
ტელესკოპმა, რომლის მისია სამყაროს ყველაზე დიდი 3D რუკის შექმნაში მდგომარეობს, ირმის ნახტომის ვარსკვლავებით სავსე გულში ჩაიხედა. 26-საათიანი უწყვეტი დაკვირვების შედეგად მიღებული კადრი 60 მილიონ ვარსკვლავსა და ათეულობით პლანეტარულ სისტემას აერთიანებს.
ახალი კადრი 24 ივნისს გამოქვეყნდა და ფოტოზე არაჩვეულებრივი დეტალიზაციით არის აღბეჭდილი გალაქტიკის ცენტრში თავმოყრილი 60 მილიონზე მეტი ვარსკვლავი.

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გამოაქვეყნა Euclid-ის ტელესკოპის მიერ გადაღებული უპრეცედენტო ფოტო, რომელიც "ირმის ნახტომის" ცენტრალურ ნაწილს, ე.წ. "ბალჯს" ასახავს. მეცნიერების განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი მაღალი რეზოლუციის ფოტო, რომელიც ოდესმე გადაღებულა ჩვენი გალაქტიკის ცენტრზე ხილულ სინათლეში.
ამ შედეგის მისაღწევად ტელესკოპმა ღრმა კოსმოსზე დაკვირვებას 26 საათი მოანდომა. კადრი იმდენად დეტალურია, რომ მასზე 60 მილიონზე მეტი ვარსკვლავი ჩანს, რაც ასტრონომებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვების მოყვარულებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
მეცნიერების თქმით, ისინი ვარსკვლავის შუქის ცვალებადობას იმ პლანეტების მასის გასაზომად გამოიყენებენ, რომლებიც თავიანთი მშობლიური ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ.

პარიზის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევრის, ბოლიეს განცხადებით, Euclid-ის მიერ გადაღებულ ფოტოზე უკვე დაფიქსირებულია 51 ცნობილი პლანეტარული სისტემა. ასტრონომების თქმით, ეს მონაცემები დაეხმარებათ მრავალი ახალი სამყაროს შესწავლასა და აღმოჩენაში, რომლებსაც მომავალში სხვა ტელესკოპები დაადასტურებენ.
“კოსმოსური ტელესკოპის ხილული სინათლის კამერა, რომელიც მილიარდობით შორეულ გალაქტიკაზე დასაკვირვებლად შეიქმნა, იმდენად მგრძნობიარეა, რომ ჩვენს ზემჭიდროდ დასახლებულ გალაქტიკურ ცენტრში ცალკეულ ვარსკვლავებს ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლია და ამ დროს “სინათლე მას თვალს არ სჭრის“, - აცხადებენ სააგენტოს წარმომადგენლები.
მკვლევარები ამ აღმოჩენას "კოსმოსურ დროის კაფსულას" უწოდებენ. Euclid-ის მონაცემები საშუალებას მისცემს ასტრონომებს, მომავალში სხვა ტელესკოპებით (მაგალითად, NASA-ს Nancy Grace Roman Space Telescope-ით) აღმოჩენილი პლანეტების არსებობა დაადასტურონ.
"ვინაიდან Euclid-ს შეუძლია ცალკეული ვარსკვლავების მკაფიოდ გარჩევა, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ, რამდენად სწრაფად მოძრაობენ ისინი დროთა განმავლობაში. ეს ინფორმაცია დაგვეხმარება პლანეტების არსებობის დადასტურებასა და მათი მასის ზუსტ განსაზღვრაში", - აცხადებენ პროექტის მონაწილეები.
ეს მოზაიკური გამოსახულება თავის მხრივ უკვე NASA -ს “ნენსი გრეის რომანის“ სახელობის ტელესკოპს (Nancy Grace Roman Space Telescope) დაეხმარება იმ მისიაში, რომელიც ახალ პლანეტების აღმოჩენას გულისხმობს.

“სულ რაღაც 24 საათში “ევკლიდემ“ უკვე დააფიქსირა ის ვარსკვლავები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მიკროლინზირების ყველა იმ მომავალ მოვლენაში, რასაც “რომანის“ კოსმოსური ტელესკოპი აღმოაჩენს, ოღონდ მან ეს მანამდე დააფიქსირა, სანამ ეს მნათობები და პლანეტები ერთ ხაზზე განლაგდებიან.
მომავალში მეცნიერები შეძლებენ “ევკლიდეს“ მონაცემები ერთგვარ ცნობარად გამოიყენონ და ნახონ, როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები სანამ ერთმანეთს გადაფარვდნენ.
იხილეთ ასევე: