ვენესუელაში, ბოლო საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრები მოხდა. ეს სტიქია ქვეყნისთვის ყველაზე ცუდ დროს დაიწყო. ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მარაგი აქვს, წლების განმავლობაში მძიმე კრიზისშია. ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია ამერიკის სანქციებმა, ჰიპერინფლაციამ, მთავრობის კორუფციამ და ნავთობის სექტორის არასწორმა მართვამ. 2013 წლის შემდეგ ვენესუელის ეკონომიკა (მშპ) დაახლოებით 80%-ით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა სანქციები შეარბილა და ნავთობის მოპოვება ოდნავ გაიზარდა, ინფლაცია მაინც მაღალია, ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქეები კვლავ სიღარიბეს ებრძვიან. გაეროს მონაცემებით, 2025 წელს ვენესუელაში მცხოვრები თითქმის 8 მილიონი ადამიანი (მოსახლეობის დაახლოებით მესამედი) ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებდა.
ქვეყანაში დღემდე მწვავე დეფიციტია პირველადი მოხმარების ნივთების - დაწყებული საწვავით, დამთავრებული წამლებით. სტიქიით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მეტად დააზიანებს და ისედაც გამართულად ვერმომუშავე მომარაგების ქსელს. გარდა ამისა, ვენესუელის ნავთობინდუსტრიას მილიარდობით დოლარის ინვესტიცია სჭირდება იმისთვის, რომ 90-იანი წლების წარმატებულ პერიოდს მიუახლოვდეს.
ამ მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, ათასობით დაშავებულთან და ფართომასშტაბიან ნგრევასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის მყიფე იმედებსაც კი აქრობს. წლების განმავლობაში საჯარო სერვისებში ფულის არჩადების გამო, ქვეყნის ინფრასტრუქტურა - საავადმყოფოები, ელექტროენერგია და წყალმომარაგება - მსგავსი კრიზისის გამკლავებისთვის მზად არ არის.
დანაკარგები და შედეგები
პრეზიდენტ როდრიგესის განცხადებით, ამ დროისთვის დაღუპულია სულ მცირე 32 ადამიანი, ხოლო 700-ზე მეტი დაშავებულია; სავარაუდოა, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის წინასწარი გათვლებით, ეკონომიკური ზარალი, შესაძლოა, 10 მილიარდიდან 100 მილიარდ დოლარამდე მერყეობდეს. ყველაზე ცუდი სცენარით, ზარალმა შეიძლება მთლიანი ვენესუელური ეკონომიკის ტოლი თანხა შეადგინოს.

სეისმოლოგ დოქტორ ლუსი ჯონსის თქმით, მიწისძვრამ შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრები, თუ დაზიანდება გაზსადენები ან ელექტროსისტემები. ხშირად, ასეთი მეორადი ეფექტები ეკონომიკურ ზარალს ორმაგად ზრდის.
საგანგებო მდგომარეობაა
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთავრობას უჭირს ჯანდაცვის სისტემის დახმარება, რომელიც უკვე გადატვირთულია, ან ნგრევის შედეგების ლიკვიდაციის ხარჯების დაფარვა.
ტელევიზიით გამოსვლისას, როდრიგესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართულია საჯარო და კერძო ჯანდაცვის ქსელი და შექმნილია მაღალი დონის სამაშველო ჯგუფი.
ნიუ-იორკში დაპატიმრებულმა ნიკოლას მადურომ, თავისი ტელეგრამის არხის მეშვეობით, სოლიდარობა გამოხატა. მესიჯში, რომელიც მის და მისი მეუღლის სახელით გავრცელდა, ნათქვამია: „დღეს მხოლოდ ერთი სათქმელი არსებობს: მაქსიმალური ერთიანობა, მაქსიმალური სოლიდარობა და მაქსიმალური მოქმედება“.
ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, სოციალურ ქსელში თანაგრძნობა გამოხატა: „ჩემი გული, ჩემი უსასრულო მხარდაჭერა და ლოცვები თითოეულ ვენესუელურ ოჯახთანაა ამ მძიმე წუთებში“.

დაეხმარება თუ არა აშშ?
მიწისძვრები აშშ-ისთვისაც გამოცდაა: ნახავენ, რამდენად მზად არის ვაშინგტონი, მხარი დაუჭიროს ვენესუელას. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიწისძვრამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ვენესუელაში საქმეები „ძალიან კარგად მიდის“ და ქვეყანა „შესანიშნავად ვითარდება“.
სტიქიის შემდეგ, ტრამპმა „Truth Social“-ზე დაწერა, რომ აშშ „მზადაა და შეუძლია დაეხმაროს“. მან გასცა ბრძანება, რომ ყველა საჯარო უწყება სწრაფი რეაგირებისთვის მოემზადოს. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ აშშ დაუყოვნებლივ გააგზავნის სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას.
ახლა ვენესუელელები ელოდებიან, გადაიქცევა თუ არა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის დაპირებები რეალურ დახმარებად...წყარო
წაიკითხეთ ასევე: