ავტორი:

"ღმერთმა ეს ერთი თვით ადრე მაჩვენა... მსოფლიოს ვთხოვ, დაეხმაროს ჩემს ქვეყანას" - ატირებული გაბრიელა სპანიკი ვენესუელაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებზე

"ღმერთმა ეს ერთი თვით ადრე მაჩვენა... მსოფლიოს ვთხოვ, დაეხმაროს ჩემს ქვეყანას" - ატირებული გაბრიელა სპანიკი ვენესუელაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებზე

ვენესუელასა და კარიბის ზღვის რეგიონში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა მთელი ლათინური ამერიკა შეძრა. რამდენიმე წამში მომხდარმა ორმა მძლავრმა ბიძგმა, რომელთაგან პირველი 7.2, ხოლო მეორე 7.5 მაგნიტუდის იყო, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ვენესუელელებიც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩააგდო.

სტიქიური უბედურების შესახებ გავრცელებულმა კადრებმა განსაკუთრებული შოკი გამოიწვია ვენესუელური წარმოშობის ცნობილ მსახიობსა და ტელევარსკვლავში, გაბრიელა სპანიკი. მსახიობი, რომელიც უკვე წლებია მექსიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში თავდაპირველად მოკლე ტექსტური მიმართვით გამოეხმაურა მოვლენებს.

"ღმერთო ჩემო, შეიწყალე ვენესუელა, კოლუმბია, არუბა, კიურასაო", – დაწერა მან Instagram-ის ისტორიაში.

მოგვიანებით, როდესაც საერთაშორისო სააგენტოებმა და მედიასაშუალებებმა შესაძლო ნგრევებისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, სპანიკმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს ლოცვისკენ მოუწოდა.

"ღმერთო, გადმოგვხედე, დაგვეხმარე. ვილოცოთ ვენესუელისთვის. ვუყურებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს, ვცდილობ ჩემს ნათესავებთან და მეგობრებთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ვახერხებ. მიმდინარეობს შენობებისა და ურბანული ზონების ევაკუაცია, ხოლო საგანგებო სამსახურები ზარალს აფასებენ“, – წერს მსახიობი.

  • თუმცა ყველაზე მძიმე და ემოციური აღმოჩნდა ის ვიდეომიმართვები, რომლებიც მოგვიანებით გამოაქვეყნა. ცრემლების ფონზე სპანიკი საკუთარ განცდებზე, შიშებსა და სამშობლოს მიმართ ტკივილზე საუბრობს.

"ეს ძალიან მძიმე ბუნებრივი კატასტროფაა. ვხედავ კადრებს, ვესაუბრები ვენესუელელ ძმებსა და დებს და ძალიან რთულია ამის ყურება. ვილოცოთ. ვილოცოთ, რადგან მდგომარეობა მძიმეა. ღმერთმა შეგვიწყალოს ყველა.“

მსახიობი აღიარებს, რომ მომხდარმა განსაკუთრებით მტკივნეულად იმოქმედა მასზე, რადგან წლების განმავლობაში ვენესუელელების ტკივილი საკუთარ ტკივილად მიაჩნდა.

"ჩემი სული დაჭრილია, როგორც მსოფლიოში მცხოვრები ყველა ვენესუელელის. ჩვენთვის ეს არასოდეს ყოფილა ადვილი. უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოშია გაფანტული და ყველანი ვცდილობთ ცხოვრების გაგრძელებას. მე მექსიკაში ვცხოვრობ და არავინ იცის, რამდენი რამ გადავიტანე. მინდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება, მაგრამ მეშინია. რაც ვენესუელას ემართება, საშინელებაა.“

ვიდეოში სპანიკი საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს და დახმარებას ითხოვს.

"მსოფლიოს ვთხოვ, დაეხმაროს ჩემს ქვეყანას. საჭიროა სასწრაფო დახმარების მანქანები, მედიკამენტები, მაშველები, სპეციალისტები, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს გადაარჩენენ. საჭიროა მომზადებული ხალხი, რომელიც დაზარალებულებს დაეხმარება. ვენდოთ ღმერთს და ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს.“

მსახიობი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ მისი აზრით, ვენესუელა ასეთი მასშტაბის კატასტროფისთვის მზად არ არის.

"ვენესუელა ამისთვის მზად არ არის. ვთხოვ მსოფლიოს, დაეხმაროს ჩემს ქვეყანას -მაშველებით, სასწრაფო დახმარების მანქანებით, საავადმყოფოებით, მედიკამენტებით. დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ნანგრევებში აღმოჩნდნენ. ბევრი ადამიანი უკვე უსახლკაროდ დარჩა. მეგობრებიც მყავს, რომლებმაც საკუთარი სახლები დაკარგეს და ქუჩაში აღმოჩნდნენ. ეს მართლაც საშინელებაა.“

სპანიკის თქმით, მომხდარმა მას ერთი თვის წინ ნანახი სიზმარიც გაახსენა.

"დაახლოებით ერთი თვის წინ სიზმარი ვნახე და ჩემს დას, ანდრეა მელოს მოვუყევი. ყველგან ცუნამებს ვხედავდი. მას ვუთხარი, რომ სიზმარში ვენესუელაც და აკაპულკოც დავინახე. ვხედავდი მიწისძვრებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ღმერთმა ეს მაჩვენა, როგორც მანამდე ბევრი სხვა რამ უჩვენებია. ასეთი სიზმრები არაერთხელ მქონია.“

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნული ცუნამის გაფრთხილების ცენტრისა და სეისმოლოგების ინფორმაციით, რეგიონში იშვიათი სეისმური მოვლენა დაფიქსირდა. თავდაპირველად მომხდარი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა წინამორბედ ბიძგად შეფასდა, რამდენიმე წამში კი 7.5 მაგნიტუდის ძირითადი მიწისძვრა განვითარდა. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით საშიშია, რადგან ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი ძლიერი ბიძგები ინფრასტრუქტურაზე ორმაგ ზეწოლას ახდენს.

სტიქიის ზუსტი შედეგები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ვენესუელაში სამაშველო და საგანგებო სამსახურები უკვე მობილიზებულნი არიან, ხოლო ათასობით ადამიანი დაზარალებული რეგიონებიდან სიახლეებს და ახლობლების შესახებ ინფორმაციას ელოდება.

წაიკითხეთ ასევე: