ჰიუსტონში პოპულარული მეტეოროლოგი, 44 წლის ბრიტანი ბეგლი, სამსახურიდან სკანდალურად დაითხოვეს. მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული მიმართვა გახდა, სადაც ის “ემის“ ჯილდოს ვერმიღების გამო ჩიოდა და საკუთარ ხელმძღვანელებსა და კოლეგებს თავს დაესხა.

ბეგლიმ ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა, ტელეჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო არასოდეს მიუღია.
“არასოდეს მომიგია “ემი“, რადგან იმ ბაზრებზე, სადაც ვმუშაობდი, მიაჩნდათ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ რეპორტაჟები (traffic reporting) ამ ჯილდოს არ იმსახურებდა“, - წერდა ის.
პრეტენზიები კოლეგებისა და სამუშაო გარემოს მიმართ მეტეოროლოგმა მხოლოდ ჯილდოებზე წუწუნით არ დაასრულა. მან მკაცრად გააკრიტიკა სამუშაო გარემო და კოლეგების პროფესიონალიზმი. ბეგლის თქმით, ტელეკომპანია KPRC-ში “ცუდი ქცევა ნორმად იქცა“ - თანამშრომლები მუდმივად აგვიანებდნენ და ეთერამდე 10 წუთით ადრეც კი არ ჰქონდათ მიკროფონები დამაგრებული.

გარდა ამისა, ის ჩიოდა პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის არარსებობაზე: “დავიღალე ცარიელ მაცივართან სახლში დაბრუნებით“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ამ ინდუსტრიაში მუშაობს, ზუსტად ისევე გრძნობს თავს, როგორც ის.

სკანდალური პოსტის ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ტელეკომპანიამ ბრიტანი ბეგლისთან თანამშრომლობა შეწყვიტა. თავად მეტეოროლოგმა აღნიშნა, რომ კომპანიის გადაწყვეტილებას ეთანხმება და ამისთვის “მადლიერიც“ კია.
მოგვიანებით მან განმარტა, რომ მისი მიზანი კოლეგების შეურაცხყოფა კი არა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
ამჟამად ბეგლი ტელევიზიაში უფრო დიდ როლზე ოცნებობს, სადაც შეძლებს “დაიცვას ისეთი ადამიანების უფლებები, რომლებმაც კარიერა ნულიდან დაიწყეს“.
იხილეთ ასევე: