ლონდონში, “სოთბის“ აუქციონზე ნამდვილი სენსაცია მოხდა. ცნობილი ფსიქოლოგის, ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილის, ლუსიან ფროიდის მიერ შესრულებული ტილო, რომელზეც შიშველი ქალია გამოსახული, 39 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნახატის მოდელი, რომელიც დღეს 69 წლისაა, მომხდარით აღფრთოვანებულია.

ნახატზე, რომლის სახელწოდებაა “მძინარე ლომის ხალიჩასთან“, ლონდონელი კლერკი სუ ტილია გამოსახული.
“მონა ლიზა ცოცხალი არ იყო, როცა ცნობილი გახდა, მე კი ცოცხალი ვარ“, - განუცხადა 69 წლის სუ ტილიმ Wall Street Journal-ს.

ტილო 1995-1996 წლებშია შექმნილი. იმ დროს სუ 35 წლის იყო და ფროიდმა ის სავარძელში მძინარე გამოსახა. ეს იყო ერთ-ერთი იმ ოთხი პორტრეტიდან, რომელიც მხატვარმა მისი მონაწილეობით დაახატა.

იმ პერიოდში, როდესაც ლუსიან ფროიდმა მას პოზირება სთხოვა, სუ ტილი დასაქმების ბიუროში ზედამხედველად მუშაობდა, პარალელურად კი ღამის კლუბის მოლარე იყო. თავად მხატვარი მაშინ 70 წლის გახლდათ.
კითხვაზე, თუ რატომ დათანხმდა ის გაშიშვლებას და პოზირებას, სუ ტილი პასუხობს: “ის მხიარული იყო და გემრიელი საჭმლით გვიმასპინძლდებოდა“.

მხატვარი, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა, მოდელს დღეში 20 ფუნტს უხდიდა (რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 85 დოლარია). მოგვიანებით ჰონორარი 35 ფუნტამდე გაიზარდა. თითოეული ნახატის დასრულებას კი თვეები სჭირდებოდა.
იხილეთ ასევე: