რა არის გლობალური დათბობა? რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება კონკრეტულად საქართველოზე? რა ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ადამიანს ამ პროცესის შესამცირებლად?
ამაზე კლიმატური ცვლილებების და გლობალური დათბობის ექსპერტი მარინა შვანგირაძე გვესაუბრა:
- გლობალური დათბობის ფენომენს აქტიურად 1800-იანი წლების შემდეგ აკვირდებიან. როდესაც საუბარია საშუალო გლობალურ ტემპერატურაზე, ეს ნიშნავს, რომ ყველა კონტინენტზე და სხვადასხვა ქვეყანაში გაზომილი ტემპერატურის მონაცემების გასაშუალოება ხდება. სხვადასხვა წლებში (ხანგრძლივ პერიოდში) ტემპერატურაზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მას ძირითადად აღმავალი ტრენდი ჰქონდა. ეს არის გლობალური დათბობა - პროცესი, როდესაც მთელი დედამიწის გარშემო ატმოსფეროს წლიური საშუალო ტემპერატურა თანდათან იწევს. გლობალური დათბობის პროცესი შედეგია ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბურის გაზების ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ადინებისა, რაც, თავის მხრივ, ინდუსტრიული რევოლუციისა და ეკონომიკის სწრაფი ზრდით არის გამოწვეული. ეს შესაბამისად მრეწველობის და ზოგადად ადამიანის საქმიანობის სწრაფი ტემპებით განვითარების პერიოდიდან იწყება.
აღნიშნული პროცესი მე-19 საუკუნის ბოლოდან უკვე შეიმჩნეოდა, თუმცა ყველაზე აქტიური ფაზა მე-20 საუკუნეზე მოდის. ხშირად დავობენ იმაზე, რომ მსგავსი დათბობები და აგრილებები პრეისტორიულ პერიოდშიც ხდებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ხდებოდა, მაგრამ ის პროცესები სრულიად ბუნებრივი იყო და არ უკავშირდებოდა ადამიანის ჭარბ საქმიანობასა თუ მოსახლეობის ზრდას. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის ასეთია: მაშინდელი ბუნებრივი ციკლი გაცილებით დაბალ ნიშნულზე იყო, ვიდრე ახლა, როდესაც ბუნებრივ პროცესს ადამიანის მიერ ხელოვნურად გამოწვეულ ეფექტსაც ვამატებთ. გარდა ამისა, მაშინ საფრთხეები და რისკები გაცილებით ნაკლები იყო. აქ მაგალითად მომყავს ხოლმე ბათუმი: ის შენობები, რომლებიც დღეს იქ დგას, საუკუნეების წინ არ არსებობდა.
მაშინ ზღვა რომ აღელვებულიყო და ნაპირზე გადმოსულიყო, დიდ ზიანს ვერავის მოუტანდა. იგივე ეხება მყინვარებსაც - დათბობის პერიოდებში მყინვარები წარსულშიც დნებოდა და წყდებოდა თავის მუდმივ სამყოფელს, მაგრამ იმ პერიოდებში მოსახლეობა მცირე იყო და მსხვერპლიც ნაკლები ახლდა იმ ბუნებრივ მოვლენებს. დღეს კი ძალიან განვითარდა ინფრასტრუქტურა, მშენებლობებია, ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა. ისინი დასახლდნენ ისეთ ადგილებში, სადაც ადრე ცხოვრება აზრადაც არავის მოუვიდოდა - თუნდაც ზღვის სანაპიროზე მაღალსართულიანი კორპუსების აშენება. ამიტომ, დღეს გაცილებით მეტი თავდაცვის საშუალება გვჭირდება. აი, ეს არის განსხვავება იმ ჩვეულებრივ, ბუნებრივ დათბობა-აგრილების ციკლებსა და დღევანდელ რეალობას შორის.

- მეცნიერთა აზრით, ამ პროცესის უკუშექცევა, სავარაუდოდ ძალიან რთული იქნება და გამორიცხულია არ არის, რომ ვეღარც მოხდეს თუ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული...
- წინა პერიოდებში დათბობას აუცილებლად მოჰყვებოდა აგრილება, რადგან ეს ბუნებრივი ციკლი იყო. ახლა კი, ვინაიდან ჩვენ სისტემატურად ვამატებთ ატმოსფეროში სათბურის გაზებს, პროცესების უკან მობრუნება (აგრილება-დათბობის ციკლურობის შენარჩუნება) სავარაუდოდ ადვილად ვეღარ მოხდება, თუ არ შევამცირეთ ამ გაზების ემისიის დონეს და არ შევზღუდავთ იმ აქტივობებს, რომლებიც ამას იწვევს.
- ე.ი. გლობალური დათბობის მთავარი განმაპირობებელი ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაცია, ქიმია და ტექნოლოგიებია?
- რა თქმა უნდა და სწორედ ამ ყველაფრის გამოა, მეცნიერების შიში, რომ ეს პროცესი შესაძლოა შეუქცევადი გახდეს. ბუნებრივი ციკლი, როდესაც დათბობას გაგრილება ცვლიდა, შეიძლება დაირღვეს და პროცესი უმართავი გახდეს... აქვე უნდა შევნიშნოთ, ატმოსფეროში სათბურის გაზების ეფექტი გლობალურია, რაც ნიშნავს, რომ სულერთია, რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან ხდება გაზების გაფრქვევა, ეფექტი მაინც გლობალურია. აქ არ მუშაობს პრინციპი - „იმან გააფუჭა და მე არაფერ შუაში ვარ", შედეგს ყველა თანაბრად ვიმკით. ბუნებრივია, რომ უფრო მეტი სათბურის აირები განვითარებული ქვეყნების ტერიტორიებიდან ადის. საერთაშორისო კონვენციები სწორედ ამის გათვალისწინებით მუშაობს: განვითარებული ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ გარდა საკუთარ ტერიტორიაზე ემისიების შემცირებისა, ფინანსურად დაეხმარონ ჩვენნაირ, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს.
ეს იმისთვის, რომ ჩვენც არ გავზარდოთ სათბურის აირების დიდი რაოდენობით გაფრქვევა ატმოსფეროში და განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა სუფთა/ეფექტური ტექნოლოგიებით. მაგალითად, ვინაიდან ჩვენ ენერგეტიკის სექტორის განვითარების და გაძლიერების პროცესში ვართ, განვითარებული ქვეყნები და კლიმატის კონვენციასთან დაკავშირებული ფონდები გვაძლევენ მნიშვნელოვან მიზნობრივ ინვესტიციებს, რათა ავაშენოთ არა ნავთობზე დაფუძნებული ენერგეტიკა, არამედ მზის და ქარის სადგურები (ჰიდროენერგია ისედაც გვაქვს), ტრანსპორტი განვავითაროთ რაც შეიძლება ნაკლებ ემისიიანი; მაგალითად, მაქსიმალურად გადავიდეთ ელექტროტრანსპორტზე, რადგან ჩვენი ელექტროქსელი საკმაოდ სუფთაა ნახშირბადის ემისიების შემცველობის მხრივ.
უკვე განვითარებული ეკონომიკის უცებ დანგრევა ძალიან რთულია, ამიტომ გლობალური პროცესების შეჩერების ერთ-ერთი მეთოდი სწორედ ეტაპობრივი ტექნოლოგიური გადაიარაღებაა და სადაც ახლა სწრაფად ვითარდება ეკონომიკა, იქ თავიდანვე სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა. სუფთა/დაბალემისიანი ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირია, ამიტომ განვითარებული ქვეყნები აფინანსებენ ჩვენი მსგავსი განვითარებადი ქვეყნების ტერიტორიაზე დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიებს, რომ მოხდეს გლობალური მასშტაბით გაფრქვევების შემცირება. ამ შემცირებას რომელ ტერიტორიაზე გააკეთებ, ამასაც ისეთივე გლობალური ეფექტი აქვს, როგორც თავად გაფრქვევას

- როგორც აღვნიშნეთ, ტემპერატურა ეტაპობრივად იზრდება და შედეგებს ჩვენც ვგრძნობთ. ახლა შევეხოთ ელ-ნინიოს გავლენასა და მოსალოდნელ პროგნოზებს. მეცნიერთა მოლოდინით, ეს პროცესი კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას და შესაძლოა, იმაზე ბევრად ცხელი ზაფხული გვქონდეს, ვიდრე აქამდე ყოფილა. როგორ შეაფასებდით ამ პროგნოზებს?
- ელ-ნინიო და ლა-ნინია წყნარ ოკეანეში, ეკვატორულ სარტყელში მიმდინარე პროცესებია. ეს პროცესები აქ ყოველთვის ხდებოდა და პერიოდულად, დაახლოებით ორ-შვიდ წელიწადში ერთხელ მეორდება. მათ მთელ დედამიწაზე ამინდის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ. ელ-ნინიო თბილი წარმონაქმნია: ოკეანის სიღრმეში მიმდინარეობს გარკვეული დინებები, ტალღები და პროცესები, რომლებიც წყლის ზედაპირის ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით ათბობს, რაც შემდეგ ატმოსფეროზეც გადადის. ლა-ნინიას დროს კი, პირიქით, წყლის ზედაპირი უფრო გრილდება. წელს დაკვირვებისას მეცნიერებმა ნახეს, რომ ოკეანის ფსკერზე დაფიქსირდა არატიპური ქარიშხლები და ჩაითვალა, რომ საქმე გვქონდა, რაღაც განსხვავებულ, უჩვეულო ელ-ნინიოსთან, რამაც სპეციალისტები დააეჭვა. ამ ეტაპზე პროგნოზები მეტწილად თეორიულ დონეზეა, რადგან ზუსტად ჯერ კიდევ არავინ იცის, რა ტიპის და მასშტაბის გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ დაკვირვებულ მოვლენას და საერთოდ თუ ექნება რაიმე გავლენა. სავარაუდოდ, ეფექტი წლის ბოლოსკენ -ნოემბერში, დეკემბერში და მომავალი წლის იანვარშია მოსალოდნელი. შესაძლებელია, რომ შემოდგომის მიწურული და ზამთრის დასაწყისი უჩვეულოდ თბილი იყოს.
ტერიტორიების მიხედვით, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თბური ტალღები - ფიქრობენ, რომ ამ მოვლენას შესაძლოა ევროპის კონტინენტზე ჰქონდეს გავლენა. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, მინდა გითხრათ, რომ ელ-ნინიოს ზოგადად ჩვენს რეგიონზე პირდაპირი მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. მას შედარებით ნაკლები ეფექტი ახასიათებს ცენტრალურ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში. ყველაზე დიდი დარტყმა ამერიკაზე, ცენტრალურ ამერიკასა და აფრიკის სამხრეთ ნაწილზე მოდის - ანუ იმ რეგიონებზე, რომლებიც ოკეანეებთან უშუალო სიახლოვეში მდებარეობენ. მიუხედავად ამისა, 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგვცემს, თუ როგორ განვითარდება პროცესები. სამხრეთ კავკასიისკენ მცირე ალბათობით მოსალოდნელია გარკვეული წყალდიდობები და ანომალიები, თუმცა რეკომენდაცია ყოველთვის ერთია: უმჯობესია წინასწარ ვიყოთ დაცულები და რისკები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. თუ საფრთხე არ რეალიზდება, ამით არაფერი დაშავდება გარდა დამატებითი ფინანსური ხარჯისა, რასაც თავდაცვითი ღონისძიებები მოითხოვს, მაგრამ უყურადღებობა შესაძლოა მნიშვნელოვანი დანაკარგით დასრულდეს. განსაკუთრებული მონიტორინგი გვჭირდება, მაგალითად, მყინვარების მიმართულებით, რათა საფრთხის შემთხვევაში მსხვერპლი მინიმუმამდე შევამციროთ.

- და რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ, მაგალითად, მყინვარების დნობას?
- თვითონ დნობის პროცესს ვერანაირად აღვუდგებით. უბრალოდ, უნდა გვქონდეს ზუსტად გაწერილი სამოქმედო გეგმა, თუ რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ პროცესი კრიტიკულ ფაზაში შევა. რამდენადაც ვიცი, ასეთი დეტალური გეგმები ჯერჯერობით არ გვაქვს. ამაზე, სხვათა შორის, დიდი ხანია მიდის საუბარი, რომ შესაძლოა, ზღვის დონემაც 2 მეტრამდეც კი აიწიოს... ამბობენ, რომ მთავარი მონიტორინგია, თუმცა მხოლოდ მონიტორინგი ვერაფერს უშველის, თუ არ იცი, კონკრეტული საფრთხის სიგნალის მიღების დროს მერე რა უნდა გააკეთო - ვინ გეხმარება, საით უნდა გაიქცე და ა.შ. მხოლოდ შეტყობინება, რომ მყინვარი მოდის ან მდინარე და ზღვა გადმოდის, საკმარისი არ არის. ასეთ სახიფათო, მაღალი რისკების ადგილებში უნდა იყვნენ კარგად ნასწავლი და გაწვრთნილი მაშველები და ა.შ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, სად არის უსაფრთხო ადგილი. ასეთი გეგმები აუცილებლად უნდა არსებობდეს... მაგალითად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გადახურვა სოფლის მეურნეობაში უკვე დაიწყო და კერძო სექტორში ბევრმა დააყენა კიდეც.
- ყველას არ აქვს ამის საშუალება, ან ასეთ მექანიზმებს მაინც ეჭვის თვალთ უყურებენ..
- ჩვენთვის აუცილებელია სოფლის მეურნეობის გამსხვილებაც. ვინაიდან მცირე ფერმერებს ხშირად არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ფინანსური შესაძლებლობა, წარმოება უნდა გამსხვილდეს და გადავიდეს იმათ ხელში, ვისაც რეალური ბიზნესის კეთება შეუძლია, რათა ეს სფერო ეფექტური გახდეს. საბჭოთა პერიოდში წარმოებებს და ბიზნესს სახელმწიფო არეგულირებდა და აკონტროლებდა - თუ სადმე ზარალი იყო, ცენტრალიზებული ბიუჯეტიდან სხვა რესპუბლიკის ხარჯზე ანაზღაურდებოდა. დღეს კი, როდესაც ზოგიერთი ტრადიციული მიდგომებით მუშაობს და მერე წუწუნებს, სხვამ რატომ შეძლოო ბიზნესის გამართვა და მე ვერაო - პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ იმ სხვამ თანამედროვე ცოდნა გამოიყენა და სწორად დაგეგმა. ჩვენთან ახალ თაობაში ეს ხედვა/მიდგომა უკვე ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. უფროს თაობას, რომელიც სხვა პირობებში გაიზარდა, უჭირს ახალ რეალობაზე გადმორთვა, რაც სრულიად ბუნებრივია. ჩვენნაირ ქვეყნებში ახლა რთული გარდატეხის პერიოდი მიდის, მაგრამ ახალგაზრდები უკვე სხვანაირად უდგებიან საქმეს - ბიზნესს წინასწარ თვლიან და გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მხარდასაჭერად გრანტები და დახმარებები შემოდის, მხოლოდ თანხის მიცემა არ კმარა, ადამიანს საქმის კეთება და სწორი მიდგომები უნდა ასწავლო, თუმცა ამის ინტერესი კი ყველას არ აქვს...
წაიკითხეთ ასევე: