ვენესუელაში მომხდარი ორი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას მინიმუმ 1 430 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 3 360-ს აჭარბებს.
ქვეყნის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა მომხდარს ვენესუელის ისტორიაში ბოლო საუკუნის უდიდესი ტრაგედია უწოდა. გაეროს შეფასებით, 50 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ეპიცენტრში ლა-გუაირას შტატი აღმოჩნდა, სადაც “უზარმაზარი ნგრევაა“. ოთხშაბათს დაფიქსირებული პირველი ბიძგიდან რამდენიმე წამში კიდევ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელიც სეისმოლოგების შეფასებით, 1900 წლის შემდეგ ყველაზე მძლავრი იყო. მას შემდეგ რეგიონში 430-ზე მეტი აფტერშოკი დაფიქსირდა.

ჰუმანიტარული ვითარება კრიტიკულია. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოები შესაძლებლობების მაქსიმუმზე მუშაობენ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ვენესუელის ჯანდაცვის სისტემა სტიქიამდეც მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდიდა.
მსოფლიო ვენესუელას დასახმარებლად ერთიანდება საერთაშორისო თანამეგობრობა ვენესუელას დახმარებას აქტიურად უწევს. გაეროს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში უკვე ჩართულია ათასზე მეტი საერთაშორისო სპეციალისტი.

ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს

ხელისუფლება ყველაზე მეტად დაზარალებულ სანაპირო რაიონებში გადარჩენილების ძებნას აგრძელებს. ვრცელდება ერთ-ერთი გადარჩენილის ამაღელვებელი კადრები - მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს.

ბუნებრივი კატასტროფა ვენესუელას უმძიმეს პოლიტიკურ პერიოდში დაატყდა თავს. სულ რაღაც ექვსი თვეა გასული მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედროებმა ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს.
გარდა ამისა, ლა-გუაირას შტატისთვის ეს ტრაგედია 1999 წლის მოვლენების გახსენებაა, როდესაც მასშტაბურმა მეწყერმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - რეგიონმა იმ კატასტროფის შემდეგ აღდგენა ბოლომდე დღემდე ვერ შეძლო.
იხილეთ ასევე: