ავტორი:

“ყველა დედა მარტოხელა მგონია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ძალა მაინც შენშია - ვთვლი რომ ვარ კარგი დედა, ყველაფერი მათით იწყება და მთავრდება“ - რუსკა მაყაშვილი

“ყველა დედა მარტოხელა მგონია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ძალა მაინც შენშია - ვთვლი რომ ვარ კარგი დედა, ყველაფერი მათით იწყება და მთავრდება“ - რუსკა მაყაშვილი

Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს“ სტუმარი იყო მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.

ამ ინტერვიუს გარკვეული ეპიზოდები ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ, ინტერვიუს ნაწილს კი ახლა გთავაზობთ. “სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

უცნობი:

- რისი გაკეთება გინდოდათ ყველაზე მეტად და ვერ შეძელით?

- ძვირფასო უცნობო, არ არსებობს არაფერი, რისი გაკეთებაც მინდა და ვერ გავაკეთებ. ზოგადად, ეს შეგიძლიათ რჩევასავით მიიღოთ: როცა რაღაცის გაკეთება გვინდა (ოღონდ, ახლა ცუდ რაღაცებზე და ბოროტებაზე არ ვლაპარაკობ - შენი თავისთვის, მეგობრისთვის თუ ოჯახისთვის, რა მნიშვნელობა აქვს), როდესაც რაღაც ძალიან გინდა და აკეთებ, არანაირი ზღვარი არ უნდა არსებობდეს. არსად არ უნდა იყოს ზღვარი. მე ასე მგონია.

ნანკა:

- ვინ იყო თქვენი პირველი სიყვარული და როგორ გამოხატავდით ამ გრძნობას?

- ნანკა, მოკლედ, ასეთი ამბავია: ძალიან უცნაურია, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარულის სახელი და გვარი დღემდე მახსოვს. ბაღში ვიყავი, ოთხი ან ხუთი წლის, როდესაც ჩემი ბაღელი შემიყვარდა. მისი სახელი დღემდე მახსოვს! გამოვხატავდი, რა თქმა უნდა, სტანდარტულად, როგორც ჩემნაირი ბავშვები მოიქცეოდნენ ჩემი მაშინდელი სტილით: ვიყავი ძალიან ცელქი, მოუსვენარი და, ძირითადად, მისი წვალებით შემოიფარგლებოდა ის ყველაფერი. ვაწვალებდი, დავდევდი, ვურტყამდი და ძალიან ვაწუხებდი ჩემს სიყვარულს. მას არ ვუყვარდი... დღემდე მახსოვს მისი სახელი და გვარი. ფაქტობრივად, 35 წელი გავიდა, მას ალბათ არც კი ვახსოვარ... გია, მახსოვხარ! გია ერქვა, ალბათ ახლაც ჰქვია... (იცინის) გვარს არ ვიტყვი. გიაა... მაღალი ბიჭი იყო და სიგიჟემდე მიყვარდა.

ლიკა:

- ბრაზს როგორ გამოხატავთ?

- ბრაზს გამოვხატავ საკმაოდ არაადეკვატურად. აი, ძალიან რომ ბრაზდები რაღაცაზე და პლუს ამ სიბრაზეს არაადეკვატურად გამოხატავ, ხომ ხვდებით?.. თუ გავბრაზდი, ლიკა, თუ გადამეკეტა, ჩემს მტერს, მართლა ჩემს მტერს! ოღონდ, ამას ალბათ ყველა ასე ვამბობთ და ყველას აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ თუ გადაეკეტა - გადაეკეტა. კი, საკმაოდ ბრაზიანი ადამიანი ვარ, თუ გამაბრაზეს, და თან - არაადეკვატურიც.

უცნობი:

- როგორია მარტოხელა დედობა და საერთოდ როგორი დედა ხართ?

- უცნობო, “მარტოხელა დედობა“ იცით, როგორი სიტყვებია? რომ ჩაუღრმავდე, ყველა დედა მარტოხელა მგონია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ძალა მაინც შენშია. ვცდილობ, დავუსხლტე ამ შეკითხვას, სადღაც არ მიმაჩნია, რომ მარტოხელა დედა ვარ და ვერ ვხსნი, რატომ... ალბათ იმიტომ ვთვლი ასე, რომ ვარ კარგი დედა და ამას გულწრფელად ვამბობ. ყველა დედა ასე უნდა თვლიდეს, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი შვილი ჰყავს. ყველა დედა კარგია. ჩემი მხრიდან, თუ შემიძლია შევაქო ჩემი თავი, აუცილებლად შევაქებ და ვიტყვი, რომ როდესაც ამ ორ ადამიანზე, მათ კარგად ყოფნაზე ვფიქრობ, ყველაფერი მათით იწყება და მთავრდება. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ - როგორ, რანაირად...

სწორად მინდა ავხსნა და ჩამოვაყალიბო, რატომ მგონია, რომ კარგი დედა ვარ. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მარტო ჩემი შვილებისთვის კი არა, ჩვენი სამეულისთვის ვაკეთებ, რათა სამივე ძალიან კომფორტულად ვიყოთ. მარტო იმას კი არ ვაკეთებ, რაც მათ მოსწონთ, და არც ისინი აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც მე მომწონს. ვცდილობ, ერთად რაღაცნაირი გუნდი ვიყოთ - მე და ჩემი შვილები. ვთვლი, რომ კი, კარგი დედა ვარ. ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი შვილებისთვის, ყველაზე კარგი დედაა...

ზოგადად მგონია, რომ პოტენციურად ყველა კარგი დედაა, გააჩნია, როგორ და რანაირად ვითარდება მერე მოვლენები და ცხოვრება.

დიასახლისი:

- ოჯახში ფუსფუსი, საქმის კეთება, სამზარეულო, სახლის დალაგება - ეს ყველაფერი გსიამოვნებთ?

- უნდა გაგიცრუოთ იმედი, ქალბატონო დიასახლისო - სამწუხაროდ, არ მიყვარს არც ფუსფუსი და არც საჭმლის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელს საკმაოდ გემრიელად ვამზადებ, სამზარეულოში ტრიალი მაინც არ მიყვარს. არ მიყვარს კი არა, რატომ გიყვართ თქვენ? ჩემი აზრით, არავის არ უნდა უყვარდეს (იცინის). ქალებო, ვფიქრობ, სულ იმას უნდა ვაკეთებდეთ, რაც ჩვენ გვსიამოვნებს, და ბევრი კომპიუტერი თუ დანადგარი უნდა არსებობდეს, რომელიც ამ ყველაფერს მოაგვარებს. ამ საკითხში ძალიან ცუდად ვარ: მე წავალ, ვიშრომებ და შემომტანი ვიქნები, მაგრამ სახლს უბრალოდ ვერ დავალაგებ, მაპატიეთ. ნუ, ახლა თუ ძალიან დასალაგებელია, კი, დავალაგებ, რას ვიზამ?! საჭმელსაც გავაკეთებ, წვნიანებსაც მოვხარშავ და ძალიან ბევრი კერძის მომზადება ვიცი. უბრალოდ, ჯერ ერთი, დრო არ არის და მეორეც - არ შემიძლია, ნერვები არ მაქვს. აი, ხომ არსებობენ ასეთი ადამიანები... გაიგეთ ჩემი და შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, უბრალოდ ეს ჩემი არ არის, მაპატიეთ. წავალ, ძალიან ბევრს ვიშრომებ და ასე რაღაცნაირად დავაბალანსებ, იმიტომ რომ დიასახლისობა კიდევ უფრო რთულია, ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის. ჩემი აზრით, დიასახლისებს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ და მე როდესაც მოვალ სადმე (ხელისუფლებაში ან მმართველობაში), დიასახლისებს ექნებათ ძალიან დიდი ხელფასი (იცინის).

ანო:

- ვის მიმართავდით და რას ეტყოდით?

- პირველ რიგში, გეტყვით მადლობას იმისთვის, რომ გაგიჩნდათ სურვილი, კითხვა დაგესვათ ჩემთვის. მე არ მიყვარს რჩევების მიცემა და არც მოწოდებებით გამოვირჩევი, თუმცა მაინც მგონია, რომ რადგან ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე, ნორმის ფარგლებში მაინც უნდა ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვსიამოვნებს და ჩვენ მოგვწონს. აი, ასე, ზოგადად და ფართოდ თუ გავშლით: ისიამოვნე ყოველი მომენტით, იყავი სწორ მხარეს და გქონდეს სწორი ღირებულებები - ეგ იქნება ყველაზე კარგი...

იხილეთ ასევე: